თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. მან არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მელიას 17 თებერვალს შეეფარდა.
პატიმრობაში დატოვების შესახებ განჩინების გამოცხადების შემდეგ ნიკა მელიამ მოსამართლეს "ჩინჩალაძის მონა" უწოდა. ამ მიზეზით ის სხდომათა დარბაზიდან ისევ გააძევეს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ის შუამდგომლობები, რომლებიც, მათი თქმით, მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვას ეხებოდა.
საქმის განხილვა 29 აპრილს 11:00 საათზე გაგრძელდება.
ასევე ნახეთ სასამართლოზე არ დაიკითხება პირი, ვინც ამბობდა, რომ მელიას საქმეზე ჩანაწერები წაშალესმელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
17 თებერვალს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა.
შსს ნიკა მელიას დაპატიმრებას 18 თებერვალს გეგმავდა, თუმცა გადადო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს შორის.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.