169 დღე კარვებში, მეორე ღამე კარვების გარეშე - როგორ გაგრძელდება ნამახვანჰესის პროტესტი

აქციის მონაწილე პოლიციის კორდონთან. გუმათი

რიონის ხეობაში გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, აქტივისტები ნამოხვანის მაგივრად ახლა 17 კილომეტრის დაშორებით, სოფელ გუმათში,  ერთ კარავში ათევენ ღამეს. ტერიტორია, სადაც ისინი 169 დღის განმავლობაში მორიგეობდნენ, დღეს კომპანია „ენკამ” ტრაქტორით  გადაასწორა.

სადავო ჰესის ინვესტორი ამტკიცებს, რომ ეს ადგილი, სადაც ნახევარი წლის განმავლობაში საპროტესტო კარვები იყო გაშლილი, მათ 2019 წლიდან ეკუთვნით.

სახალხო დამცველი სახელმწიფოს ახსენებს, რომ მოსახლეობის პროტესტს „არა პოლიციელების ხელით”, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით უნდა უპასუხოს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი პირობას დებს, რომ პროტესტის ძალადობრივი სცენარით განვითარებას არ დაუშვებს და ყველგან, სადაც აქტივისტები ჩნდებიან, დემონსტრაციულად გზავნის მრავალრიცხოვან სამართალდამცველებს.

დღეს გუმათსა და ქუთაისში მობილიზებული იყო ასობით პოლიციელი, სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა, სამხარეო პოლიციის უფროსი კი პირობას დებდა, რომ ვიდეოჩანაწერებში იპოვის და ყველას, ვინ პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევს ან ტალახს ესვრის, სამართლებრივად აგებინებს პასუხს.

აქტივისტები და უფლებადამცველები საუბრობენ იმაზე, რომ „რიონის მცველების პროტესტი” უკვე გასცდა გარემოს დაცვაზე, ჰესებსა თუ ენერგოდამოუკიდებლობაზე დისკუსიას და ახლა მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები - გადაადგილების, გამოხატვის, პროტესტის უფლებები იზღუდება. თავად „რიონის ხეობის მცველები” ფრთხილობენ და არ ჩქარობენ სხვა საპროტესტო ჯგუფებთან გაერთიანებას. მეტიც, უარი თქვეს, მაგალითად, მათდამი სოლიდარობის აქციის თბილისში გამართვაზე.

დღის განმავლობაში გუმათში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა - დღის 4 საათისთვის აქციის მონაწილეები შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და 17 კილომეტრი ნამოხვანამდე ფეხით გაევლოთ.

ნამოხვანისკენ კორდონი ვერ გაარღვიეს და მსვლელობა „ენკას” ბაზისკენ მოაწყვეს, მერე ისევ უკან გუმათში დაბრუნდნენ და ქუთაისში ავტოკოლონით წავიდნენ.

მას შემდეგ, რაც ნამოხვანში პოლიციამ კარვები აიღო, პროტესტი სპონტანური და არაპროგნოზირებადია - მხოლოდ მიზანია უცვლელი: წავიდეს კომპანია „ენკა” და არ აშენდეს ნამახვანჰესი.

„169 დღეა აქ ვართ, თქვენ მოდიხართ ჩვენ დაძახილზე, ეს არის ყველაზე უფრო საშიში პროცესი ხელისუფლებისთვის, მათ უნდა ეშინოდეთ ჩვენი პროტესტის. ჩვენ შევინარჩუნებთ სიმშვიდეს და ვაჩვენებთ, სად ვამარცხებთ მათ. 4-კაციანი პროტესტი გადაიქცა მრავალათასიან აქციებად - სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ კი არ ვძალადობდით, ვაჩვენებდით მათ სახეს. ჩვენი აქ დგომა არის კიდევ ერთხელ მათი უმსგავსო სახის ჩვენება”, - უთხრა „რიონის ხეობის მცველმა” ვარლამ გოლეთიანმა გუმათში, კომპანია “ენკას” ბაზასთან შეკრებილ პროტესტის მონაწილეებს. ვარლამი თანამოაზრეებთან ერთად ნამოხვანში დღესაც ვერ ჩავა და ღამეს გუმათის კარავში გაათევს გუშინდელის მსგავსად. პოლიციამ ხეობაში გადაადგილება კარვების აღებამდე შეზღუდა.

პოლიციის ჯაჭვი სოფელ გუმათში, საიდანაც იზღუდება გადაადგილება ნამოხვანისკენ

„ყველა მოძალადე, ვინც პოლიციას ესვრის ტალახს, ვინც უწევს წინააღმდეგ, ყველას იდენტიფიკაცია მოხდება და დაეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამაზე ვარ პასუხისმგებელი. წერტილი. მადლობა”, - უთხრა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა აქციის მონაწილეებს, როცა ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. მის განცხადებას მალევე მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ არ დაუშვებდნენ პროტესტის ძალადობრივი სცენარით განვითარებას.

“უსაფრთხოების” გამო აღებული კარვები და “ჩადებული” ალკოჰოლი ნამოხვანში

ვითარება რიონის ხეობაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 11 აპრილს პოლიციამ ნამოხვანში ის კარვები დაშალა, სადაც ხეობის ბინადრები 169 დღის განმავლობაში ათევდნენ ღამეს. დაზიანებული კარვები და ინვენტარი პოლიციის შენობაშია, ის ადგილი კი, სადაც საპროტესტო ბანაკი იყო განთავსებული, დილას კომპანია „ენკამ” სპეცტექნიკით დაამუშავა.

სადავო ტერიტორია, რომელსაც ადგილობრივი ლალი ეფრემიძე საკუთრებად მიიჩნევს, კომპანიის მტკიცებით, 2019 წლიდან მათ ეკუთვნის. დღეს „ენკამ” ლალის ოჯახის წევრისთვის გადახდილი კომპენსაციის თანხა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი გაასაჯაროვა. კარვების აღების ოფიციალურ მიზეზად რიონის შესაძლო ადიდება და ადგილობრივების უსაფრთხოება დასახელდა. ითქვა ისიც, რომ კარვებში უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული და იქიდან პოლიციამ დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი ამოიღო. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ მათ ბანაკში მკაცრი წესები მოქმედებდა და ალკოჰოლი აკრძალული იყო, სასმელის ბოთლები კი აქ კარვების დარბევამდე თავად პოლიციელებმა მიიტანეს.

Your browser doesn’t support HTML5

ნუგზარ გოდოლაძე ნამოხვანში კარვების დარბევაზე

როგორ გაგრძელდება პროტესტი

12 აპრილის საღამოსთვის, რიონის ხეობის მკვიდრებს, გარდა იმისა, რომ ხეობაში თავისუფლად გადაადგილებას და კვლავ ნამოხვანში კარვების გაშლის უფლებას ითხოვენ, 4 ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“.
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ მზადაა შეხვედრებისთვის და ექსპერტებთან ერთად ჰესის პროექტის განხილვებში მონაწილეობისთვის.

დღესვე 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა მიმართვა, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ, იმის მიუხედავად, მართებულად მიაჩნია თუ არა მოსახლეობის პროტესტი, უნდა მოუსმინოს მას.

„სწორედ იქ, სადაც არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და პროტესტი, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან: ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამეცნიერო წრეებთან, პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებთან.

მიუხედავად იმისა, სხვადასხვა იდეოლოგიის სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფები ემხრობიან თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობას, ყველას საერთო მტერი არის ავტორიტარიზმი. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ხმის გაგონების ნაცვლად, მათ წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმებით მოქმედება, საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის - ანუ უკლებლივ ყველასთვის”, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

სამუშაოები სოფელ ნამოხვანთან

„რიონის ხეობის მცველების” მხარდამჭერი განცხადებები პოლიტიკურმა პარტიებმაც გაავრცელეს.

„ლელომ“ პროკურატურას მოსთხოვა გამოძიების დაწყება რიონის ხეობაში ბოლო დღეებში განხორციელებული უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

„მივიჩნევთ, რომ გადაადგილების, შეკრების, გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლების უფლებების უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვა სავარაუდოდ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი დანაშაულის ნიშნებს.

ამ ფაქტებზე რეაგირება პროკურატურის კანონისმიერი ვალდებულებაა. თუ გამოძიება არ დაიწყება, დადასტურდება, რომ პროკურატურა თავისი უმოქმედობით, ხელს უწყობს, ახალისებს და თანამონაწილეობს მიმდინარე მასშტაბურ უკანონობასა და უფლებადარღვევებში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს და ამ უწყების კონსტიტუციურ ფუნქციას”, - ასეთია „ლელოს“ პოზიცია ნამოხვანის პროტესტზე.

„ევროპული საქართველოც“ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს, რომ ნამახვანჰესის გამო დაწყებული პროტესტი გასცდა რიონის ხეობაში დიდი ჰიდროელექტროსადგურის აშენების მიზანშეწონილობას და ახლა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას უფრო ეხება.

„ჩვენი პარტიის პოზიცია ამ პროტესტის მონაწილეთა ნაწილის ქსენოფობიურ მოწოდებებთან დაკავშირებით ცნობილია - ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი მითითება ინვესტორის ეთნიკურ წარმოშობაზე და პარალელის გავლება პუტინის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან. ამავე დროს, პროტესტის მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არაა ქსენოფობიური შეხედულებების მატარებელი და ყველა შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ძალადობის მყისიერი საფრთხის დადგომამდე, ნებისმიერი აზრის გამოხატვის უფლებას იცავს.

უპასუხისმგებლო, სულელი და საშიში პროვოკაციებისკენ მიდრეკილი ივანიშვილის რეჟიმი ამ ანტიკონსტიტუციური ქმედებებით, ექსტრემისტული, შავრაზმული განწყობების გაძლიერებას უწყობს ხელს”, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს, მათ უნდა იცოდნენ ჩვენი პოზიცია, რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მათ ბრძოლას მივიჩნევთ სამართლიანად, ჩვენი მხარდაჭერა იქნება იმგვარი, როგორიც მათ დასჭირდებათ”, - ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ხვედელიანის პოზიციაა.

მიიღებენ თუ არა ხეობის ბინადრები პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, გააფართოებენ თუ არა საპროტესტო სივრცეს და გადაიქცევა თუ არა ჰესის გამო დაწყებული პროტესტი უფრო მასშტაბურ ბრძოლად ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია. ახლა მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარე ჯიუტი, უწყვეტი პროტესტი შეცვლილ ადგილას ბუნდოვანი სტრატეგიით გრძელდება.

ნამოხვანში მაშველები რიონში 2 დღის წინ გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ისევ ეძებენ, კომპანია „ენკა” ხეობაში სამუშაოებს არ აჩერებს. მეტიც, ბათუმელების ინფორმაციით, ხეობაში მიმდინარე პროტესტის პარალელურად სახელმწიფო ჰესის მშენებელი კომპანიისთვის მიწის ახალი ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებაზე მუშაობს და მთავრობა სიმბოლურ ფასად კომპანია „ენკას” დამატებით 23 176 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთებს გადასცემს. დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპანიის ამ ნაკვეთების საკუთრებაში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს 2021 წლის 5 აპრილს მიმართა. მიწის ეს ნაკვეთები კომპანიას სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადასცა საკუთრებაში.

ასევე ნახეთ „ენკა“ სახალხო დამცველს მიმართავს, შეისწავლოს კომპანიის თანამშრომლების შეურაცხყოფის ფაქტები