„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები.
„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, სოლიდარობას ვუცხადებთ სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომელთა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მიერ.
168-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოები თავად სცდებიან სამართლის ფარგლებს და მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას", - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას მართებულად მიაჩნია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, იგი ვალდებულია, მოისმინოს ხალხის ხმა.
განცხადების ხელმომწერთა აზრით, მიუხედავად იმისა, სხვადასხვა იდეოლოგიის სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფები ემხრობიან თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობას, ყველას საერთო მტერი არის ავტორიტარიზმი.
ხელმომწერები:
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი(GMC);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- უფლებები საქართველო;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- კავშირი “საფარი”;
- შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველო;
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG);
- Სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო; საზოგადოება (ISFED).
დღის 4 საათისთვის აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას, ადგილობრივები ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და გადაადგილებულიყვნენ ნამახვანის მიმართულებით, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც აქციამ ჰესის ინვესტორ კომპანია "ენკას" ბაზასთან გადაინაცვლა.
სამართალდაცველების მობილიზაციაა ენკას ბაზასთანაც, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ ასევე წყლის ჭავლის მანქანები.
სოფელ ნამოხვანში პოლიციამ კვირას საღამოს რიონის ხეობის დამცველების კარვები დაშალა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.
რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.
„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.
რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.