შსს ნამახვანზე: არ დავუშვებთ, პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს

სოფელ გუმათში, კომპანია ენკას ბაზასთან მობილიზებული პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროტესტის პარალელურად, სადაც აღნიშნავს, რომ "არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტის ძალადობრივი სცენარის განვითარებას" და "მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე".

"სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან
მობილიზებულები. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებსაქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად", -
ნათქვამია განცხადებაში.

დღის 4 საათისთვის აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას, ადგილობრივები ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და გადაადგილებულიყვნენ ნამახვანის მიმართულებით, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც აქციამ ჰესის ინვესტორ კომპანია "ენკას" ბაზასთან გადაინაცვლა.

სამართალდაცველების მობილიზაციაა ენკას ბაზასთანაც, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ ასევე წყლის ჭავლის მანქანები.

სოფელ ნამოხვანში პოლიციამ კვირას საღამოს რიონის ხეობის დამცველების კარვები დაშალა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.