პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი", რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით 3 მანდატს ფლობს, მმართველ პარტიას 7 პირობას უყენებს, რომლიდანაც რომელიმე ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში მზადაა, დაიწყოს საკანონმდებლო საქმიანობა. ამის შესახებ საუბარია "გირჩის" პარტიულ გაზეთში - "თავისუფლება".
"თუ მეათე მოწვევის პარლამენტი შეძლებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე ცვლილების სრულფასოვნად განხორციელებას, "გირჩი" ამ პარლამენტში შევა და მონაწილეობას მიიღებს ამ რეფორმების განხორციელებაში", - ვკითხულობთ პარტიის გაზეთში.
"გირჩის" პირობებია:
- ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
- კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან;
- რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
- პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
- ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
- რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
- მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით ოპოზიციამ პარლამენტში 60 მანდატი მოიპოვა, ამ 60 მანდატიდან მხოლოდ 6 დეპუტატი ესწრება სხდომებს, ყველა დანარჩენი კი ბოიკოტის რეჟიმშია.