აშშ-მა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინის მიმართ აგრესიას შედეგები მოჰყვება.
„პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამის თაობაზე ძალიან მკაფიოდ გამოხატა პოზიცია,“ თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 11 აპრილს NBC-ის ეთერში. „თუკი რუსეთი უგუნურად და აგრესიულად მოიქცევა, ამას ექნება საფასური, ამას შედეგი მოჰყვება.“
უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებისკენ ან საზღვრების მახლობლად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რაც აჩენს შიშს, რომ მოსკოვი შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გასაგზავნად ემზადებოდეს.
კრემლი წინ აღუდგება დასავლეთის მოწოდებებს ჯარების უკან დაბრუნების თაობაზე და აცხადებს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამასთან, რუსეთი აღნიშნავს, რომ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ჯარების გადაადგილება მისი დამოუკიდებელი საშინაო საქმეა.
11 აპრილს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ „არავინ გეგმავს ომისკენ სვლას,“ მაგრამ დასძინა, რომ მოსკოვი „ინდიფერენტული არ დარჩება“ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის ბედისადმი.
მანამდე, 11 აპრილსვე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ლონდონი და ვაშინგტონი „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან რუსეთის კამპანიას, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული“ და ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა მოსკოვს.