ძალოსნობაში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. მოსკოვში გამართული შეჯიბრების დასკვნით დღეს - 11 აპრილს, ყველაზე ბოლოს ფიცარნაგზე უმძიმესი წონითი კატეგორიის (+109 კგ) მამაკაცები გავიდნენ და თანამედროვე მსოფლიო ძალოსნობის ლიდერმა ლაშა ტალახაძემ თავის მდიდარ მონაგარს მორიგი დიდი ტიტული მიამატა. ტალახაძე ჩემპიონატში ევროპისა და მსოფლიოს ოთხ-ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონის რანგში ჩაება და მოლოდინისამებრ, ფავორიტის სტატუსი უპრობლემოდ გაამართლა.
პირველ მოძრაობაში - ატაცში ლაშა ტალახაძემ სამივე ცდა გამოიყენა და მეორე ადგილზე გასულ სომეხ გორ მინასიანს ექვსი კილოგრამით აჯობა. მესამე ცდაზე ლაშამ 222-კილოგრამიანი შტანგა ასწია და ორი კილოგრამით გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი, რომელიც თავადვე ეკუთვნოდა.
აკვრაში ქართველმა მძიმეწონოსანმა პირველსავე ცდაზე - 245 კილოგრამით გაინაღდა ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონის ტიტული. შემდეგ კი 253 და 263-კილოგრამიანი შტანგებიც დაიმორჩილა და ევროპირველობის საერთო ქართული მონაგარი სამი ოქროს მედლით გაამდიდრა.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ რვა ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ლაშა ტალახაძის გარდა კვარცხლბეკზე ავიდნენ: ანასტასია გოტფრიდი (87 კგ), შოთა მიშველიძე (61 კგ), გოგა ჩხეიძე (67 კგ), რევაზ დავითაძე (89 კგ) და ანტონ პლესნოი (96 კგ).