ნამოხვანში პოლიცია აქციის მონაწილეთა კარვებს შლის

სოფელი ნამოხვანი

ცოტა ხნის წინ, წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანში პოლიციამ დაიწყო „რიონის ხეობის მცველთა“ კარვების დაშლა. თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიცია ცდილობს შექმნას იმიტაცია, რომ კარვებში ალკოჰოლური სასმელები იქნა ნაპოვნი. ადგილზე მყოფები სამართალდამცველებისგან მოითხოვენ, რომ მათ ჩაუტარდეთ ალკოტესტი.

სოფელ ნამოხვანში არ იმყოფებიან აქციის მთავარი ორგანიზატორები და მათ შორის ვარლამ გოლეთიანი. სოფელ გუმათში მყოფებს პოლიცია ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. კარვების აღების პროცესს აქციის მონაწილეები და მათი მხარდამჭერები შორიდან აკვირდებიან. ვარლამ გოლეთიანი მხარდამჭერებს სოფელ გუმათში შეკრებისკენ მოუწოდებს.

მისთვის და აქციის სხვა მონაწილეებისთვის დაუჯერებელი და უსაფუძვლოა პოლიციის მიერ დასახელებული მიზეზი, რომ კარვები მდინარე რიონში გაუჩინარებული ადამიანის სამძებრო სამუშაოებს უშლის ხელს.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება სპეკულაციის საგნად ხდის ამ ფაქტს, ჯერ რომ არ ვიცით, იმ ადამიანს რა ბედი ეწია. უნდათ, რომ ეს მოტივად დაიდონ და აშალონ ჩვენი კარვები. ჯერ ისეთი ინფორმაციები გაავრცელეს, რაც შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანის ოჯახს, რომ თითქოს ნასვამი იყო. სამძებრო სამუშაოები დაიდეს ახლა საბაბად, რომ კარვები აგვიშალონ“, - აცხადებს გოლეთიანი და დასძენს, რომ ხალხი ამ ყველაფერს სათანადო პასუხს გასცემს.

30 წლამდე მამაკაცი 10 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ მდინარე რიონში გადახტა. ოფიციალური ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამჟამადაც გრძელდება.

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

„სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, „დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ პირებს, რომლებიც, მათი აზრით, შესაძლოა ხეობის მცველ აქტივისტებს შეუერთდნენ.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

კომპანიამ გასული წლის ზაფხულიდან რამდენიმე ადგილზე ერთდროულად დაიწყო მშენებლობა და მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე აშენებულია 500 ადამიანზე გათვლილი დროებითი ბანაკი, დაწყებულია ბეტონის ქარხნის და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზებისა და ხიდების მშენებლობა.