გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მცხოვრები მეყვავილე კაკო ჯეირანაშვილი წელს კლიმატურმა პირობებმა დააზარალა. ამბობს, რომ სიცივეების შემდეგ უეცრად ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გაიზარდა, რამაც მისი ტიტები თითქმის მთლიანად გაანადგურა. ყვავილს გარშემო შავი ზოლები გაუჩნდა, რაც მისი გაყიდვის ალბათობას ამცირებს.
„ტიტები გაყვავებით კი გაყვავდა, მაგრამ რაღაც დაავადება გაუჩნდა და რომ იტყვიან, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მოეწიაო, ისე მომივიდა. ორი დღის წინ რადიაციული მზე იყო და ეს ტიტები მთლიანად გააუბედურა და გააფუჭა. 17 წელია, ტიტები მაქვს და ამისთანა შემთხვევა არ მახსოვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მეყვავილემ.
კაკო ჯეირანაშვილს ყოველ წელს 5 000-დან 8 000-მდე ტიტა მოჰყავს, რაც, დაახლოებით, 5000 ლარამდე შემოსავალს იძლევა. ეს არის ოჯახის ერთ-ერთი და მთავარი შემოსავლის წყარო. გასული წლისგან განსხვავებით, ახლა ტიტებზე მოთხოვნა არის, თუმცა, კაკო ამბობს, „ასეთ დაზიანებულ ყვავილს ვერავის მივყიდიო“.
„შარშან ვაჭრებმა მითხრეს, თბილისში არ ჩამოიტანოო, პანდემიის გამო ხალხი ქუჩაში არ დადის და ვერ გავყიდითო. ახლა კიდევ ერთმა ვაჭარმა დამირეკა, ჩამომიტანეო, მაგრამ რა წავუღო? არ არის, დაზიანებულია... ასეთი დაზიანებული ტიტებ რომ იქ წავიღო, ბოდიში და ზედ შემომაყრიან და მეტყვით, რად გინდაო... არც ერთი ცალი არ მოიწყვიტება... შეიძლება მთელ ბაღში დავიარო და ერთი 5 ცალი ვიპოვო ისეთი, რომელიც საღია და ვაზაში ჩასადებად გამოდგება. დანარჩენი გაფუჭებულია“.
ასევე ნახეთ ტიტები, რომლებმაც მომხმარებლამდე ვერ მიაღწია, ნაკვეთში ჭკნება64 წლის მეყვავილე კაკო ჯეირანაშვილის შესახებ რადიო თავისუფლებამ პირველად გასულ წლის აპრილში გიამბოთ. კაკო ჯეირანაშვილს, რომელიც ტიტებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ვეღარ ყიდდა და ყვავილები ნაკვეთში ჭკნებოდა, ასეულობით უცნობი ადამიანი დაეხმარა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რადიო თავისუფლებამ მასალა მოამზადა. მეყვავილემ ტიტები ერთ დღეში მთლიანად გაყიდა. მას მოქალაქეებმა და კომპანიებმა იმაზე მეტი თანხა ჩაურიცხეს, ვიდრე იზარალა.
„გასულ წელს, პანდემიის პირობებში, ხალხმა რომ ნახა ჩემზე მომზადებული სიუჟეტი და ტიტები, სადაც ვამბობდი, რომ ტიტები ფუჭდებოდა და ვერ ვყიდიდი, მოსახლეობა ძალიან დამეხმარა. ყველას დიდ მადლობას ვეუბნები, ვინც დამეხმარა. დამეხმარნენ და პატივი მცეს, როგორც გაჭირვებულ კაცს. წელს კიდევ ტიტებზე მოთხოვნა არის, მაგრამ თვითონ ტიტები გაფუჭდა. ახლა ჩემთვის ეს უფრო გულსატკენია, ვიდრე ის, რომ შარშან ვერ ვყიდიდი. ის საღი იყო და ვინმეს მაინც ვაჩუქებდი, გახსოვთ, ალბათ, ინფექციურ საავადმყოფოს რომ გავუგზავნეთ, და ეს ვის გავუგზავნო?...
Your browser doesn’t support HTML5