დაღუპული 21 ადამიანიდან 2 კახეთიდან იყო. შალვა ქვასროლიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ცხოვრობდა, მამუკა ნოზაძე კი - ლაგოდეხში, სოფელ კართუბანში.
თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. მან აპრილის ტრაგედიას ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ- ერთი ყველაზე გმირული ფურცელი უწოდა.
"რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და დასანანია ყველა ჩვენი გმირის თავგანწირვა, თუმცა, საბოლოოდ, ეს მსხვერპლი ჩვენ დაგვიფასდა დამოუკიდებლობის აღდგენით. სამწუხაროა, რომ დღესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და განიცდის ზეწოლას, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ძალიან მალე მშვიდობიანად ვიცხოვრებთ გაერთიანებულ ქვეყანაში".
დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღე, "მამუკაობა", აღნიშნეს. შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები იმ სკოლის ეზოში გაიმართა, სადაც მამუკა სწავლობდა და გაიზარდა. ამავე სკოლაშია 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალური დაფა. 9 აპრილის მსხვერპლთა საფლავი რიგითმა ლაგოდეხელებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. მათ შორის იყო ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი.
"ჩვენ გვყავს ასეთი გმირი, მამუკა ნოზაძე, რომლის საფლავზეც მოვდივართ და სიმბოლურად ვიხსენებთ მას. ყოველთვის ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ გვახსოვს 9 აპრილი და მადლობას ვუხდით ყველა გმირს თავისუფლებისთვის!".
32 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გამარჯვებაც არის და ტრაგედიაც თავად მამუკა ნოზაძის ოჯახისთვის. მამუკას და, ინგა, ამბობს, რომ ყოველ 9 აპრილს ტრაგედიის გახსენება მათ ოჯახში სამი ათეული წლის წინანდელ განცდებს აღვივებს. ინგა ნოზაძე გვიყვება, თუ როგორ აღმოჩნდა მისი ძმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.
"მამუკა მაშინ სწავლობდა საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში. 1989 წლის 2 აპრილი იყო, როდესაც მამუკა მე სახლიდან თბილისში გავაცილე. მაშინ ლოყაზე მაკოცა და ოჯახში თქვა, რომ მომავალ შაბათ-კვირას სოფელში ვერ ჩამოვიდოდა, რადგან ჯგუფელის ქორწილში მიდიოდა. შესაბამისად, ჩვენც არ ველოდებოდით. შემდეგ გავიგეთ, რომ ქორწილი კი არ იყო, აქციებში მონაწილეობდა... შემდეგ მოულოდნელად გავიგეთ ის ამბავი, რაც მოხდა".
1989 წლის აპრილის აქციების მონაწილეა პროფესიით ისტორიკოსი აკაკი მჭედლიშვილი. მაშინ ლაგოდეხის ორ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, თუმცა თავისუფალ დღეებში დედაქალაქში მიდიოდა და თანამოაზრეებთან ერთად საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ესწრებოდა. როგორც თავად ამბობს, 9 აპრილის დარბევის დროსაც იქ იყო. ისტორიკოსს კარგად ახსოვს 1991 წლის 9 აპრილიც, როცა უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
Your browser doesn’t support HTML5
"არ არსებობს ძალა, თუკი ერი გაერთიანდება, ის დაამარცხო. 9 აპრილმა მოგვიტანა უდიდესი გამარჯვება. პრაქტიკულად ეს იყო ყველა იმ მოძრაობის რედაქტირება, რაც კი საქართველოში ყოფილა... ეს იყო გვირგვინი. დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს პარლამენტის გარეთ ძალიან ბევრი ადამიანი ვიდექით და შედეგს ველოდებოდით. შედეგის დადგომის შემდეგ კი ხალხი ერთმანეთს ეხუტებოდა, იმის მიუხედავად, რომ იქ ბევრი ერთმანეთსაც კი არ ვიცნობდით!"
აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხში, სოფელ კართუბანში, 9 აპრილის მსხვერპლის, მამუკა ნოზაძის სახელს ატარებს სტადიონი და ქუჩა, სადაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, თუმცა ქუჩის აღმნიშვნელი აბრები ისეა დაზიანებული, რომ არც სახელი და გვარი იკითხება და არც ნუმერაცია. ოჯახის წევრები გულისტკივილით ამბობენ, რომ რატომღაც 32 წლის განმავლობაში ახალი აბრების დამზადება ვერ მოხერხდა.