„მოვითხოვთ, ხელისუფლებამ შეასრულოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და უზრუნველყოს წესრიგი, კანონის უზენაესობა, მშვიდობა და თითოეული ადამიანის ღირსების დაცვა“, - წერია „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორების განცხადებაში, რომელიც 9 აპრილს, თბილისში, ევროპის მოედანზე დაწყებული აქციის პარალელურად გავრცელდა.
ეს არის შეკრება როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წინააღმდეგ - აცხადებდა „მარადისობის დღის“ ინიციატორი, მომღერალი და ტელეწამყვანი გია გაჩეჩილაძე ამ აქციის შესახებ. ხელისუფლებას, გაჩეჩილაძის შეფასებით, ერთადერთ რამეში ედება ბრალი - ვერ გაიტანა „ქვეყნიდან პოლიტიკური ნაგავი“ და ვერ დაამშვიდა ვითარება, რომელსაც „მანქურთები“ ურევენ.
„ინტელექტუალური პროტესტის მომხრე“ უცნობის აქციაზე დედაქალაქის გარდა ხალხი რეგიონებიდან, ორგანიზებულად, მიკროავტობუსებით ჩავიდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაფინანსებული იყო მგზავრობა, კვება და სიგარეტიც.
9 აპრილს, საქართველოს მოქალაქეების ერთად დგომის სიმბოლურ დღეს, აქციის ორგანიზატორმა საქართველო ორ ნაწილად დაყო და თქვა, რომ ნამდვილი საქართველო ფიზიკურად ან მორალურად მის წინ იდგა, ხოლო დანარჩენები „მანქურთები“ არიან, რომლებიც პატრიარქს ებრძვიან და ხალხის სახელით ლაპარაკობენ.
„მინდა მივმართო მანქურთებს, მორჩა, ეს არის თქვენი დასასრულის დასაწყისი“, - შესძახა აქციაზე გაჩეჩილაძემ. ამ სიტყვას - „მანქურთებს“ - ის ხშირად იმეორებს და საავტორო სატელევიზიო გადაცემიდან („უცნობის კიდობანი“) გაუწყრა კიდეც მათ, ვისაც მისი მნიშვნელობა არ ესმის. მან განმარტა, რომ ამ ჯგუფში ერთიანდება ყველა ის ადამიანი, ვისაც დავიწყებული აქვს „იდენტობა, ტრადიცია, მოხუცებულების მიმართ პატივისცემაც და ცილისწამებაზე არიან გადასული“.
მანქურთები, თურქმენულ ტომებში გავრცელებული მითის თანახმად, სასტიკად ნაწამები სამხედრო ტყვეები არიან, რომლებსაც წარსული სრულად დავიწყებული აქვთ და მორჩილ, იდეალურ მონებად გადაქცეულან.
სატელევიზიო ინტერვიუების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გაჩეჩილაძის კრიტიკის ძირითადი სამიზნეა „დესტრუქციული“ ოპოზიცია, აქტივისტები, ოპოზიციის მხარდამჭერები და „პარტიული“ მედიასაშუალებები. მაგალითად, „მანქურთებს“ გია გაჩეჩილაძე უწოდებს ადამიანებს, რომლებმაც მოიწონეს და გაამართლეს საზოგადოების ერთი ნაწილისა და მათ შორის - პოლიტიკური ოპოზიციის მიერ გამოხატული პროტესტი, კრემლთან დაახლოებული რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტის დროს.
უცნობი აცხადებდა, რომ 9 აპრილის აქცია დაგეგმა როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წინააღმდეგ; თუმცა ხელისუფლების მიმართ „ბრალდება“ ისევ ოპოზიციას უკავშირდება. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ოპოზიციას გასაქანი მისცა, რუსთაველზე „სუნიანი და დაბინძურებული“ კარვების დადგმა დაუშვა, სტუმრის (პოზნერის) ვერდამფასებელ, „უკულტურო“ ხალხს ვერაფერი მოუხერხა და საერთოდ, ქვეყნიდან „პოლიტიკური ნაგვის გატანა“ 8 წლის განმავლობაში ვერ შეძლო.
„საქართველოს მარადისობის დღის“ დამფუძნებელი უცნობის განმარტებით, ეს იქნება დღე, როცა ხალხი მადლობით ან საყვედურებით მიმართავს ხელისუფლებას. 2021 წლის 9 აპრილის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის პროვოცირებული დესტრუქციული პროცესები ეფექტიანად მართოს.
ევროპის მოედნიდან ორგანიზატორები და შეკრების მონაწილეები მსვლელობით საქართველოს საპატრიარქომდე მივიდნენ, სადაც პატრიარქისთვის მადლობის გადასახდელად შეჩერდნენ. სასულიერო პირებმა ისინი დალოცეს და ნაკურთხი წყალიც აპკურეს. ოდნავ მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა შეკრების ამსახველი ფოტოები წარწერით „მადლობა“.
ასევე ნახეთ თბილისის მერია გია გაჩეჩილაძეს ვანდალიზმის გამო დააჯარიმებსაქციის ორგანიზატორებმა სცენიდან თავიდანვე გააფრთხილეს 9 აპრილს, ევროპის მოედანზე მისული ხალხი, რომ არ აჰყოლოდნენ „დესტრუქციულ მედიებს“, რომლებიც „ზონდერობენ“ და „ნადირობენ ადამიანებზე“; უპასუხოდ დაეტოვებინათ ისინი და „ღიმილით გაესტუმრებინათ“. ეს მოწოდება ზედმიწევნით და ზოგჯერ გადამეტებით შესრულდა - ღიმილის ნაცვლად ევროპის მოედანზე შეკრებილი ხალხის დიდი ნაწილი აგრესიას გამოხატავდა ჟურნალისტების მისამართით. ისმოდა გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები.
მათ, ვინც გვიპასუხეს შეკითხვაზე - რა იყო მათი მოთხოვნა, რატომ შეუერთდნენ აქციას? - გვითხრეს, რომ:
- „ეს არის ოპოზიციის საწინააღმდეგო აქცია, რა თქმა უნდა - ხელისუფლების მხარდასაჭერი“;
- „მოვედით, რომ ოპოზიციამ აღარ იბოგინოს“;
- „სულ რომ ოპოზიცია ატარებს აქციებს, გამოვედით ახლა, ევროპამ რომ დაგვინახოს, რამდენი ვართ“;
- „მოვედი იმიტომ, რომ უტევენ საქართველოს პატრიარქს“;
- „მოვედი თავისუფლებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის“;
- „პრობლემებისთვის მოვედით“.
მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აქციაზე ასევე ორგანიზებულად იყვნენ მიყვანილი სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები და „ოცნების“ აქტივისტები.
აქციაზე ადვილად შესამჩნევი იყო ორგანიზებულად მოძრავი ჯგუფები, ისმოდა კითხვები - „სად არიან ჩვენები?“ - და დაკვალიანება, რომ რომელიმე გივისთან ან ნანასთან ახლოს უნდა შეკრებილიყვნენ და არ მოშორებოდნენ. ასევე ტელეფონით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და დროზე მოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
მიკროავტობუსები მეტრო „ავლაბართან“ იყო ჩამწკრივებული. პირდაპირი პასუხები ვერ მივიღეთ და მით უფრო - მიკროფონის დანახვისას. თუმცა მძღოლებმა პირად საუბრებში დაგვიდასტურეს, რომ ხალხი იყო ჩამოყვანილი „ოპოზიციის საწინააღმდეგო“ მიტინგზე - გურჯაანიდან, საგარეჯოდან, მესხეთიდან თუ გარდაბნიდან და არა მხოლოდ.
„ნათესავი ჩამოიყვანეს სენაკიდან“, - უთხრა ახალგაზრდა კაცმა რადიო თავისუფლებას.
ვინ ჩამოიყვანა?
„ზუსტად არ ვიცი, ვინ დააფინანსა, მაგრამ ნაცნობებმა უთხრეს იქ - საჭმელ-სასმელი და უფასო სიგარეტი არისო და თბილისში თუ წამოხვალო და წამოყვა, რაა. „ოცნების“ მხარდამჭერი არ არის, მაგრამ წინა ხელისუფლებაზეა გამწარებული“.
რამდენიმე მძღოლმა ჩამოსვლის მიზეზი არ იცოდა. ერთმა ისიც გვითხრა, რომ ხალხი კონცერტზე ჩამოიყვანა.
ასევე ნახეთ სააკაშვილის ინაუგურაცია და ოპოზიციის დაშლილი აქცია - რატომ ვიხსენებთ ამ ამბავს 13 წლის შემდეგ
ყოფილ პოლიტიკოსს, დავით ზურაბიშვილს ეჭვი თითქმის არ ეპარება, რომ გია გაჩეჩილაძის მიერ ორგანიზებულ აქციას „რაღაც სახით“ ხელისუფლება „მიეხმარებოდა“. ზურაბიშვილს ხელწერაც ეცნობა:
„ხალხის რისხვის იმიტაციას, რომ ხალხი განრისხებულია და მზად არის გადაუაროს ოპოზიციას - მასობრივი სახე ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს.
მის დროს დამკვიდრდა, რომ გამგეობების, აიპებისა და სიპების თანამშრომლები ორგანიზებას ახდენდნენ და ხშირი იყო ოპოზიციონერებთან, ოფისებში მივარდნები და ასე შემდეგ.
კი, რეალურადაც ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მძაფრი დამოკიდებულება აქვს. მაგრამ მე რაც ვნახე და რამდენიმე ისეთი ადამიანი იყო იქ, რომ ხელისუფლების მიერ ხელშეწყობილს ჰგავდა“, - გვეუბნება ზურაბიშვილი. მისი აზრით, ხალხზე ემოციური გავლენა პატრიარქის მხარდაჭერისთვის შეკრების მიზნის გახმოვანებამაც მოახდინა.
ზურაბიშვილის შეფასებით, ხალხის წინააღმდეგ ხალხის გამოყვანის ტენდენცია „ძალიან სახიფათოა“ ქვეყნისთვის და „რადიკალიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას“ გამოიწვევს. ის ერთ ჭრილში განიხილავს და ასევე „ხალხის რისხვის“ დემონსტრირებად აფასებს ე.წ. ცოცხების აქციას, რომელიც ორიოდე დღის წინ ბათუმში გაიმართა.
ასევე ნახეთ გია გაჩეჩილაძის თქმით, "იპოდრომის აქცია" 2008 წელს მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით დაშალათავად უცნობი ამბობს, რომ არანაირი შეხება არა აქვს ხელისუფლებასთან და შეფასებებს, რომ ხალხი ხელისუფლების დახმარებით შეგროვდა, სწორედ „მანქურთების“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას უწოდებს. მისი დეკლარირებული გეგმაა, რომ ტელეეთერის გამოყენებით ჩამოაყალიბოს ხალხის მოძრაობა, რომ თუკი ხელისუფლება ვერ გაიტანს „პოლიტიკურ ნაგავს“, ეს თვითონ ხალხმა გააკეთოს.
ასევე ნახეთ „უცნობი“ გეგმავს დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით „აი ია“„ჩვენ, საზოგადოების აქტიური ნაწილი, ჩვენი მხრივ, ვქმნით ორგანიზებულ საზოგადოებრივ ძალას, რომელიც იტვირთებს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას“, - ნათქვამია „საქართველოს მარადისობის დღის“ დამფუძნებელთა განცხადებაში.
მედიას გია გაჩეჩილაძე კომენტარებზე უარს ეუბნებოდა. უკვე დედაენის ბაღში გაგრძელებულ აქციაზე, უცნობი ჟურნალისტების სახელებსა და გვარებს ხმამაღლა აცხადებდა; კომენტარების ნაცვლად მათ ცეკვასა და სიმღერას სთავაზობდა და შეკითხვებზე პასუხად „ჟუჟუნა წვიმა მოვიდას“ მღეროდა.