დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი - დაკარგული დოკუმენტის ისტორია

დღემდე არავინ იცის, სად დაიკარგა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი. უფრო მეტიც, დოკუმენტი, ფაქტობრივად, არც არავის უძებნია.

1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში მაგიდაზე დამოუკიდებლობის აქტი იყო გაშლილი. მასზე ხელის მოსაწერად დეპუტატებმა ახალი კალმები იყიდეს. ნერვიულობისგან ბევრს ხელი უკანკალებდა და ამიტომ ზოგის გვარი მკაფიოდ არ ჩანს. ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომელიც მაშინ უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი იყო, იხსენებს, რომ დოკუმენტი ბოლოს თავის კაბინეტში ჩაიტანა.

შემდეგ ჩემთან მოვიდა გამომცემლობასამშობლოსრედაქტორი ვახტანგ ესვანჯია და დოკუმენტი მას გავატანე გადასაღებად. მეორე დღეს ასლები საცალო ვაჭრობაში უნდა გავრცელებულიყო. პრესასაც დავუძახე, „საქინფორმიიყო მაშინ საინფორმაციო სააგენტო. მოვიდნენ, გადაიღეს ფოტოები, რომ მეორე დღეს გაზეთებში ყოფილიყო“.

ჰამლეტ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ვახტანგ ესვანჯიამ დამოუკიდებლობის აქტი იმავე დღეს დააბრუნა და მანაც ის თავის კაბინეტში მეფის რუსეთის დროინდელ სეიფში შეინახა, თუმცა საღამოს ისევ გამოღება მოუხდა, რადგან ამჯერად პრეზიდენტმა გამსახურდიამ სთხოვა, დოკუმენტი დილამდე სახლში გამატანეო.

მეორე დილაც დადგა, ქვეყანამ დამოუკიდებლობის აქტი გაზეთებშიც იხილა და გამომცემლობა „სამშობლოს“ ასლებიც გამოფინეს ჯიხურებში. ამ დროს კი ზვიად გამსახურდია სამსახურში მივიდა და სამდივნოს უფროსს წაღებული ორიგინალი დაუბრუნა, ოღონდ მასზე უკვე პრეზიდენტის მეუღლის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, ხელმოწერაც იყო.

„ეტყობა, სერიოზულად იკამათეს, რასაც ხშირად ჰქონდა ცოლ-ქმარს შორის ადგილი, და მანანა გამსახურდიამ იძალადა, დაჟინებით მოითხოვა ხელი მოეწერა. ზვიად გამსახურდიას ჩემთვის არ უთქვამს, ეს დოკუმენტი იმისთვის მიმაქვს, მანანამ ხელი უნდა მოაწეროსო. უბრალოდ, როდესაც დამიბრუნა, დოკუმენტზე იყო ხელმოწერა და თან მთხოვა, რომ ეს გაზეთში გამომექვეყნებინა. ვუთხარი, გაზეთში უკვე არის-მეთქი. არაო, ეს გამოაქვეყნეო, და მაშინ ვნახე, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ჰქონდა ხელი მოწერილი. მეორედ დავუძახესაქინფორმს“, „სამშობლოს“, ისევ გადაიღეს ფოტოები და მეორე დღეს გამოაქვეყნეს გაზეთებში“.

შედეგად, 10 და 11 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის ორი სხვადასხვა ვარიანტი გავრცელდა. ჰამლეტ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ორივე მათგანის ასლი იმდენად მაღალი ხარისხის იყო, რომ ორიგინალისგან არ განირჩეოდა.

ამ ყველაფერმა სიტუაცია დაძაბა როგორც „მრგვალი მაგიდის“ წევრებს შორის, ასევე საზოგადოებაში. ორი კითხვა ერთდროულად გაჩნდა: რატომ მოაწერა მანანა არჩვაძემ ხელი, როცა მას არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა და მისი ხელმოწერა უკარგავს თუ არა დოკუმენტს ლეგიტიმურობას.

ამის შემდეგ დოკუმენტი ჩემთან ინახებოდა. სექტემბრიდან სიტუაცია დაიძაბა. ომის დროს, სადღაც ოქტომბერში, გამსახურდიამ ისევ მთხოვა ეს დოკუმენტი. ცხადია, პრეზიდენტი რომ გთხოვს, ვერ დაუკავებ. ვფიქრობ, მიიჩნევდა, რომ მასთან უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. გადავეცი და მერე უკვე აღარ დაუბრუნებია. როგორც მე ვიცი, ჩეჩნეთში წაიღო, მაგრამ იქ რა ბედი ეწია, ამის შესახებ უკვე არაფერი მსმენია“, - ამბობს ჰამლეტ ჭიპაშვილი.

სამი დამწვარი შენობა

სად ინახავდა დოკუმენტს ზვიად გამსახურდია, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოში იყო? ჰამლეტ ჭიპაშვილი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტს ის სახლში, კოლხურ კოშკში, ჰქონდა წაღებული, რადგან გამსახურდიას კაბინეტში მხოლოდ პატარა რკინის კარადა იდგა, სადაც ეს დოკუმენტი ვერც გაშლილი და ვერც დაგრაგნილი ვერ შეეტეოდა.

6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ საქართველო დატოვა. ჰამლეტ ჭიპაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში შესვლა მან მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოახერხა, მას შემდეგ, რაც ცალკე თენგიზ სიგუასგან, ცალკე ჯაბა იოსელიანისგან და ცალკე თენგიზ კიტოვანისგან აიღო ნებართვა.

არც ერთი ფანჯარა და კარი აღარ ჰქონდა შენობას. იმ დარბაზს, სადაც დღეს სხდომები იმართება სახურავიც არ გააჩნდა. გამსახურდიას კაბინეტში ერთი სკამიც კი აღარ იყო მთელი. შიდა ეზო სეიფებით და რკინის კარადებით იყო სავსე, გორად იდგა და არც ერთს საკეტი აღარ ჰქონდა. ჩემი სეიფიავტოგენითიყო გაჭრილი. პრეზიდენტის რკინის კარადაც დამსხვრეული ეგდო. სართულებზე ხელყუმბარები ეყარა. დალაგება რომ დავიწყეთ, გაგვაჩერეს, ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდესო. მერე გამნაღმელები მოვიდნენ... მთელი ეს დოკუმენტაცია იატაკზე იყო მოფენილი. რამდენიმე დღე ვათვალიერებდი, რამე ხომ არ იყო ჩვენთვის, ისტორიისთვის მნიშვნელოვანი დარჩენილი, მაგრამ... ამ დოკუმენტს მე ვერ მივაგენი, მას ეს სახლში ჰქონდა წაღებული“, - ამბობს ჰამლეტ ჭიპაშვილი.

დამწვარი კოლხური კოშკი

ბოლო დღეებში, სანამ საქართველოს დატოვებდნენ, ზვიად გამსახურდია დღევანდელი პარლამენტის შენობაში, მისი ოჯახი კი კოლხურ კოშკში იმყოფებოდა. ცოტნე და გიორგი გამსახურდიები ჯერ კიდევ არასრულწლოვანები იყვნენ. თუკი დოკუმენტი ნამდვილად კოლხურ კოშკში ინახებოდა, ის სახლიდან ან მანანა არჩვაძეს უნდა გამოეტანა 6 იანვარს, ან იქვე უნდა დარჩენილიყო. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საქართველო დატოვა, კოლხური კოშკი გაიძარცვა და დაიწვა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ დროს დაიკარგა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალიც.

რა იცის ამ დოკუმენტის შესახებ მანანა არჩვაძემ, ნათელი არ არის. სამწუხაროდ, მან რადიო თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვა.

ჟორდანიას დროშა და ჭაღები იაფად

მართლაც წაიღო თუ არა ჩეჩნეთში დოკუმენტი დევნილობაში მყოფმა პრეზიდენტმა, დაზუსტებით ვერავინ ამბობს. რუსთაველზე ისროდნენ და მსგავსი საკითხებისთვის მაშინ არავის ეცალა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე ვარაუდობს, რომ, თუ დოკუმენტი მაინც პარლამენტის შენობაში დარჩა, ის ძალიან ადვილად განადგურდებოდა, რადგან შიგ შეჭრილმა ხალხმა ყველაფერი ააოხრა.

„ჟორდანიას მთავრობის დროინდელი დროშა გვქონდა, - დამოუკიდებლობა რომ გამოვაცხადეთ, მაშინ გამოგვიგზავნეს საფრანგეთიდან, - დაწვეს. შენობა გაძარცვეს, ჩამრთველები დაშტეფსელებიწაიღეს სახლებში. ჩემი კაბინეტის ჭაღებს დიღომში ყიდნენ, ნემოს ნაქონილუსტრაა, იაფად გაძლევთო“.

დევნილობაში მყოფი მთავრობა სესიებს გროზნოში ატარებდა, ნემო ბურჭულაძე ამბობს, რომ კვორუმი ყოველთვის ჰქონდათ, ანუ ბევრნი იყვნენ, თუმცა დამოუკიდებლობის აქტზე მაშინაც არავინ არაფერი იცოდა.ზვიადისთვის მე პირადად არ მიკითხავს, სხვისი არ ვიცი“, - ამბობს ის.

მოგვიანებით ჩეჩნეთში ომი დაიწყო და სხვა ყველაფერთან ერთად ჩეხოვის ქუჩაზე მდებარე ის სახლიც დაინგრა, რომელშიც ერთ დროს დევნილი პრეზიდენტი ცხოვრობდა.

„ოჯახმა გროზნო დატოვა 1994 წლის მიწურულს, როდესაც სამხედრო მოქმედებები დაიწყო. მანამდე შინა დაპირისპირებებიც იყო ჩეჩნეთში. მაშინ იქ იყო სამხედრო მეთაური ლაბაზანოვი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა დუდაევის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერალური სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად ლაბაზანოვის ბანდა თავს დაესხა სახლს და ძალიან ბევრი რამ გაიტაცა. შესაძლოა, ეს დოკუმენტიც აქ მოყვა. ოჯახმა მაშინ გაასწრო, მაგრამ რამდენად მოასწრეს რამის თან წაღება, არ ვიცი“, - ამბობს ზვიად გამსახურდიას უფროსი შვილი კონსტანტინე გამსახურდია.

ასლი თუ ორიგინალი

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს კიდევ ერთი ისტორია უკავშირდება. 1991 წლის გაზაფხულზე უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ლენტეხის მაჟორიტარი ბერდია გუგავა სამსახურიდან სახლში მივიდა და საბუთები მაგიდაზე ისე დააწყო, ყურადღება არც მიუქცევია. მათ შორის იყო დაგრაგნილი დამოუკიდებლობის აქტიც, რომელიც მოგვიანებით მისმა მეუღლემ ჩარჩოში ჩასვა და კედელზე ჩამოკიდა.

არც მიფიქრია, რომ დედანი იყო. მერე სხვებმა შეამჩნიეს, რომ ბეჭედი ლურჯი იყო, მელანი - სხვა ფერის და იკითხეს, დედანიაო? მეთქი, დედანს ვინ მომცემდა, ალბათ, ასლები დაარიგეს და მეც მერგო-მეთქი. სააკაშვილის პერიოდში, 2006 წელს, დიდი სჯა-ბაასი ატყდა, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი სად წავიდაო. მაშინ ჩამოვხსენი და ვნახე, რომ მეორე მხარეზე ხელმოწერების კვალდაკვალ ყველგან იყო ჩაღრმავებები. შემეშინდა, არ დაკარგულიყო. თან მერე ვიღაცები გამოჩნდნენ, ფულს მთავაზობდნენ. ეშმაკი არ შემიჩნდეს ან მე, ან ჩემს შვილებს-მეთქი და ჩემს მოძღვართან, მამა კონსტანტინესთან (გიორგაძე), მივედი. ვუთხარი, ვფიქრობ, პატრიარქს ჩავაბარო-მეთქი. კარგი იქნებაო.

დილით მივედით საპატრიარქოში. მარტო იყო პატრიარქი. მეკითხება, მანანა არჩვაძის ხელმოწერა არისო? კი-მეთქი. აბა, მაჩვენეო. ამოვიღე ეს დაგრაგნილი და მივაწოდე. უყურა, უყურა და, შვილო, შენ ღმერთის რჩეული ყოფილხარო, შენთან დედანი მოხვედრილაო“, - იხსენებს ბერდია გუგავა.

ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ პატრიარქმა დოკუმენტი თავის სეიფში შეინახა და უთხრა, როცა საჭირო გახდებოდა, გამოაჩენდა. ამის შემდეგ ათიოდე წელი გავიდა, საპატრიარქოდან არაფერი ისმოდა. ერთხელაც გუგავას გამსახურდიას მთავრობის წევრი, თემურ ქორიძე, ესტუმრა. ბერდიამ დოკუმენტის შესახებ უამბო. ქორიძემ შესთავაზა, ამის შესახებ გაზეთისთვის ინტერვიუ მიეცა, იქნებ საქმე ადგილიდან დაძრულიყო. ასეც მოხდა.

მივეცი ინტერვიუ და ატყდა ერთი ამბავი. დამიბარეს საპატრიარქოში. ფაქტობრივად, დამკითხეს. გამიკვირდა, საპატრიარქოში ვარ თუ პროკურატურაში-მეთქი. შორენა თეთრუაშვილი და ვიღაც მღვდლები იყვნენ, რომლებსაც არ ვიცნობდი. შორენა თეთრუაშვილი გაბრაზებული იყო, რომ ინტერვიუ ისე მივეცი, პატრიარქი საქმის კურსში არ ჩავაყენე“, - ამბობს ბერდია გუგავა.

ზვიად ძიძიგური, რომელსაც ასევე ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, ამბობს, რომ შეიქმნა კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრი თავადაც იყო და დოკუმენტი საპატრიარქოდან პარლამენტში გადმოიტანეს.

„მაშინ გამიკვირდა კიდეც, რადგან მე ვიცოდი, რომ ზვიად გამსახურდიამ გროზნოში წამოიღო სხვა დოკუმენტებთან ერთად. ასე ლაპარაკობდნენ. გროზნოში ეს დოკუმენტი არ მინახავს. იმდენად ექსტრემალურ სიტუაციაში ვიყავით, ამით არც დაინტერესებულა არავინ. ეს ყველაფერი იყო ლაპარაკი. არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა“, - ამბობს ზვიად ძიძიგური.

2015 წელს პარლამენტის დაკვეთით საპატრიარქოდან გადმოტანილი დოკუმენტი სამხარაულის ბიურომ შეისწავლა და დაასკვნა, რომ ის ორიგინალი არ იყო.

სამხარაულის ბიუროში შესამოწმებლად გაგზავნილი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

დასკვნის ასლი გამოითხოვა რადიო თავისუფლებამაც. მასში ვკითხულობთ:

„ჩატარდა მიკროსკოპული კვლევა... კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე არსებული ხელმოწერების შტრიხებში არ აღინიშნება დაწოლის კვლები, შტრიხების ნაპირები შედარებით სწორია, შტრიხებში საღებავი ნივთიერება განაწილებულია შედარებით თანაბრად; ლურჯი ფერის საღებავი ნივთიერებით შესრულებული ხელმოწერების ირგვლივ გამოვლინდა ლურჯი წერტილები, ხოლო შავი ფერის საღებავებით შესრულებული ხელმოწერების ირგვლივ გამოვლინდა შავი ფერის წერტილები.

ზემოთმითითებული ნიშნები მოწმობს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე არსებული ხელმოწერები არ არის შესრულებული საწერი საშუალებით, ე.ი. ზემოთმითითებული საბუთი არ წარმოადგენს ორიგინალს“

ხელმოწერების დეტალები დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თენგიზ სიგუას, პრესასთან არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მისი დავალებით დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მოსაძებნად მოკვლევა ჩაატარა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. რამდენად ხარისხიანად იყო მოკვლევა ჩატარებული, ამის შესახებ შეგვიძლია იმ ფაქტითაც ვიმსჯელოთ, რომ მის შესახებ ჰამლეტ ჭიპაშვილმა, რომელსაც დამოუკიდებლობის აქტის შენახვა ევალებოდა, არაფერი იცის. ეს თემა საგამოძიებო ორგანოების მიერ დღემდე არ არის შესწავლილი და არც ის ადამიანები არიან დაკითხული, რომლებსაც ამ დოკუმენტთან ჰქონდათ შეხება.

არავის მოუკლავს თავი დამოუკიდებლობის აქტის აღმოსაჩენად“, - ამბობს ჰამლეტ ჭიპაშვილი. - იმის შემდეგ 30 წელი გავიდა, ვიღას აინტერესებს ეს?!“