თამაზ ბასლანძესთან ერთად 7 აპრილს ენგურმა კიდევ სამი გალელის - 30 წლის თამუნა ციტავასა და ცოლ-ქმრის, 38 წლის მაყვალა გამისონიასა და 47 წლის ელგუჯა გვილავას, გვამი გამორიყა. ყველა ცხედარი უკვე გადასვენებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აფხაზეთის მცხოვრებნი, ე. წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხვედრას მდინარის გადაცურვით ცდილობდნენ. ნათესავები ჰყვებიან, რომ ისინი რუს „მესაზღვრეებს“ ემალებოდნენ, სისწრაფეში ვერ გათვალეს მდინარეში წყლის მომატებული დონე და დინებამ გაიტაცა.
„ცოცხლები ვერ გადმოვიდნენ და ენგურის ხიდით გარდაცვლილებს ვაცილებთ. ეს იმის შედეგია, რომ ენგურის ხიდი ჩაკეტილია“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ბიგვავამ. ის უერთდება გალელების მოთხოვნას, რომ გაუქმდეს აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული 5-დღიანი კარანტინი.
ეს არ არის საოკუპაციო ხაზის მდინარით გადაკვეთისას მომხდარი პირველი უბედური შემთხვევა.
ასევე ნახეთ "თვალს რომ დავხუჭავდი, მღვრიე ენგურს ვხედავდი” - რას ჰყვება გალელი ქალი, რომელმაც შვილთან ერთად ენგური გადმოცურა2020 წლის აგვისტოში ენგურმა პენსიის ასაღებად ზუგდიდში მომავალი 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. იმავე წლის სექტემბერში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ენგური გადმოცურა.
რატომ უწევთ გალელებს მდინარე ენგურის გადაცურვა
ოკუპირებულ გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის მოქმედი ერთადერთი ე. წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით 1 წლის წინ ჩაკეტა.
გადაადგილების უფლებას აძლევენ მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს, პენსიონერებს და მათ, ვისაც სოხუმის მიერ გაცემული დროებითი საშვი აქვს. ენგურის ხიდით ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხვედრილებს, პანდემიის გამო დაწესებული 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ ზუგდიდში. ეს დამატებითი და მნიშვნელოვანი ბარიერი აღმოჩნდა გალელებისთვის, რომლებიც ზუგდიდში სურსათის, მედიკამენტების ან ჯანდაცვის სერვისების მისაღებად 1-2 დღით მიდიან.
„როცა სასწრაფო საქმეზე მივდივარ, თუნდაც ექიმთან გამოკვლევაზე, და ვგეგმავ, იმავე საღამოს დავბრუნდე, 5 დღე კარანტინში როგორ გავატარო? ამას არ ჯობია, სწრაფი ტესტი გამიკეთონ და თუ კორონა მაქვს, უკან დამაბრუნონ? თუ არ მაქვს, წავალ, ჩემ საქმეს მოვაგვარებ და უკან დავბრუნდები... კარანტინი რომ მოიხსნას, აფხაზებს და რუსებს როგორმე გავექცევით. თანაც, ენგურის ხიდზე მათთან მოლაპარაკებაც შეიძლება ფულის სანაცვლოდ. ხიდზე გადასვლის საკითხი მოგვარდება 1000-1500 რუბლად [45- 67ლარი]. მთავარია, კარანტინი მოიხსნას”, - ანონიმურობის დაცვით ეუბნება რადიო თავისუფლებას გალის რაიონის მცხოვრები.
პროდუქტების შესაძენად მიდიოდა და იმავე დღეს შინ დაბრუნებას გეგმავდა 6 აპრილს დაღუპული 4 გალელი.
„სხვა გზა ჩაკეტილია და, აბა, როგორ უნდა ექნათ? ხალხს სხვა გზა არ აქვს. ზოგი პენსიის და ზოგიც დევნილთა დახმარების მისაღებად მიდის ზუგდიდში“, - თქვა გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ნათესავმა, რომელიც ცხედრების სამძებრო სამუშაოებს ენგურის სანაპიროსთან აკვირდებოდა. მას, ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილთა უმრავლესობას, მედიასთან ვინაობის გამხელა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.
ზუგდიდის სოფელ შამგონას მდინარე ენგურის მეორე სანაპიროდან ოკუპირებული გალის სოფლები სიდა და თაგილონი ესაზღვრება. შამგონელი მარიამ წყაროზია რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ხშირად თავადაც შესწრებია, როგორ მძიმე პირობებში უწევთ მგზავრებს გადაადგილება. მარიამის თქმით, ენგური სახიფათო მდინარეა, შეიძლება ღრმა აღმოჩნდეს იქ, სადაც ამის მოლოდინი არ გაქვს:
„უკვე მერამდენე ადამიანი შეიწირა, აღარც მახსოვს. იმედი მაქვს, ეს მსხვერპლი ამჯერად მაინც იქნება უკანასკნელი“.
შედარებით მარტივია გზა უკან, შინისკენ
ოკუპირებულ გალში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რადიო თავისუფლებას, ასევე ანონიმურობის დაცვის პირობით, უზიარებს ენგურის გადაცურვის საკუთარ გამოცდილებას. პანდემიის პირობებში ამ სახიფათო გზის გავლა მას ორჯერ მოუხდა - ერთხელ მოხუცი დედისთვის მედიკამენტების შესაძენად და მეორედ უახლოესი ნათესავის დაკრძალვაზე ჩასასვლელად.
„ღამით თუ გადახვალ, დაჭერის შანსი ნაკლებია, ამიტომ მიდის ზოგიერთი ღამე. მაგრამ ამ შემთხვევაში მეტად რისკავ, რადგან რომ იხრჩობოდე, ვერავინ გაიგებს და ვერ დაგეხმარება. მე ჩემი თვალით მინახავს, როგორ გადაარჩინა ერთმა ქალმა მეორე. ერთხელ მეც ამერია გზა, ფონს ვერ გავედი, მაგრამ საკუთარ თავს თვითონ დავეხმარე“, - ჰყვება ის.
ამბობს, რომ ამ სახიფათო გზის გავლა გალელებს წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით დაწესებულმა გადაადგილების შეზღუდვამ აიძულა. წლების განმავლობაში, მისივე თქმით, ხშირად მგზავრებს ეხმარებიან ე.წ. გამცილებლები - გალის სოფლებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები რამდენიმე მამაკაცი, ვინც კარგად იცის მდინარე ენგურის თავისებურებები და მიმდებარე ტერიტორია.
გამცილებელი წინასწარ ათვალიერებს პერიმეტრს, ხომ არ არიან იქ „მესაზღვრეები“. ამის მიხედვით არჩევს სასურველ დროს და ატყობინებს ზუგდიდში გადასვლის მსურველებს. ადგილზე მისულ მგზავრებს უმეტეს შემთხვევაში გამცილებელი ბოლომდე მიჰყვება - კარნახობს მიმართულებას, აჩვენებს, სად შეიძლება მავთულხლართებიდან დაუზიანებლად გაძრომა და მდინარის გადალახვაშიც ეხმარება.
„თუ რუსებმა შეგნიშნეს, გამოგეკიდებიან და შენ გარბიხარ, მერე უკვე ვერ განსაზღვრავ, ღრმა მდინარეში შედიხარ თუ არა. უბრალოდ, მირბიხარ. თანაც, შენ ხომ არ იცი, ფონს სად გადიხარ, თუ ვინმემ არ განიშნა ხელით. ამიტომაც არიან გამცილებლები. ზოგიერთი ფულს იღებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ხალხს ისე ეხმარებიან“, - გვიყვება გალში მცხოვრები ქალი.
მდინარე ენგურით მომავალ მგზავრებს პოლიეთილენის პარკით და წებოვანი ლენტით საგულდაგულოდ შეფუთული მოაქვთ ტანსაცმელი, ტელეფონი, რათა მდინარის გადაცურვის შემდეგ სველი ტანსაცმელი გამოიცვალონ და ნათესავს ან ტაქსის მძღოლს დაუკავშირდნენ.
შედარებით მარტივია გზა უკან, შინისკენ. სახლში მიმავლებს დე ფაქტო ხელისუფლება ენგურის ხიდის გადაკვეთის უფლებას აძლევს.