საექიმო შეცდომა თუ გულგრილობა, ანუ სისხლის სამართლის დანაშაული?

ეს იყო საექიმო შეცდომა თუ გულგრილობა, ანუ სისხლის სამართლის დანაშაული? – 28 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გაჩენილ ამ კითხვას პასუხი გარდა საგამოძიებო უწყებისა, პროფესიული განვითარების საბჭომ უნდა გასცეს. სწორედ პროფესიული საბჭოს წევრებმა უნდა იმსჯელონ, გაუწიეს თუ არა ექიმებმა ადეკვატური და სრულყოფილი დახმარება ექთანს, რომელსაც 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, კოვიდ-ვაქცინაციის შემდგომ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პროფესიული განვითარების საბჭომ, საექიმო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს იმ მედპერსონალს, რომლებმაც 18 მარტს, მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართეს - წერილობითი გაფრთხილება, საექიმო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება თუ სერტიფიკატის სამუდამოდ გაუქმება.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჯერ არ გადაუცია პროფესიული განვითარების საბჭოსთვის ის საბოლოო დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე რადიო თავისუფლებას განუმარტავს იმ საფეხურებს, რა საფეხურებიც მედდის საქმემ და მასთან შემხებლობაში მყოფმა მედპერსონალმა პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებამდე უნდა გაიარონ.

ზაალ კაპანაძის თქმით, ახალციხის კლინიკაში შესწავლილია ყველა სამედიცინო დოკუმენტაცია, გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი მედპერსონალი და ამ ეტაპზე, ისინი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო დასკვნას ელოდებიან:

„ექსპერტიზის დასკვნის შედეგები და ჩვენს მიერ შესწავლილი დოკუმენტაცია ჯერ გადაეცემა დარგის კლინიცისტებს, რომლებიც თავის მხრივ, დეტალურად შეისწავლიან მასალას და მოამზადებენ რეცენზიას. ამის შემდეგ, ეს მასალა შეიკრიბება რეგულირების სააგენტოს მიერ და წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს. ამ ეტაპზე, კონკრეტულად რაიმეს თქმა, რა იკვეთება საქმეში, რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული, ჩემი მხრიდან არაპროფესიონალური მიდგომა იქნება. ცხადია, ჩვენი მოსაზრება გვაქვს და გვიჩნდება ჩვენი კითხვები, მაგრამ სანამ ყველა ეტაპი არ იქნება გავლილი, ასე ცალსახად რაიმეს თქმა, ძალიან რთულია“.

არ არის გამორიცხული, რომ ექთნის გარდაცვალების საქმეზე დღის წესრიგში დადგეს არა მხოლოდ საექიმო შეცდომისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ გამოიკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაულიც, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა. მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიება სწორედ ამ, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ საექიმო შეცდომა სისხლის სამართლის დანაშაულად, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობად გადაიქცეს, რაც გაუმართლებელია და ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ წინაღობას წარმოადგენს. მისი თქმით, ამგვარი პრაქტიკის გამო, ექიმები შეცდომებს მალავენ:

„შეცდომების დამალვას კი პირდაპირ მივყავართ იქამდე, რომ არ ხდება ამ შეცდომების ანალიზი, შეფასება. ამ ყველაფრის გარეშე კი სიტუაციის გაუმჯობესებასა და სამომავლოდ, ამგვარი შეცდომის თავიდან აცილებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ დასავლური ქვეყნების უმრავლესობა, მაქსიმალურად ცდილობს, რომ საექიმო შეცდომა არ იყოს კრიმინალიზებული. ხაზს ვუსვამ, შეცდომა და არა გულგრილობა, რაც ნამდვილად სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოში, ნებისმიერი საჩივრის დროს, როდესაც პაციენტი იღუპება, პროკურატურა აღძრავს საქმეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით. სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამგვარ საქმეებზე პატიმრობის შემთხვევები ცოტაა, მაგრამ ფაქტია, რომ მოკვლევის მთელი დატვირთვა გადადის პროკურატურაზე და არა პროფესიულ საბჭოზე“.

ვახტანგ კალოიანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავად პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობასაც. საბჭო, რომელიც 20-ზე მეტი წევრისგან შედგება, მისი თქმით, ძირითადად დაკომპლექტებულია თანამდებობის პირებით, სამინისტროს მაღალჩინოსნებით, დეპუტატებით. ექიმი ამბობს, რომ აუცილებელია, საბჭოს საქმიანობაში ჩართულნი იყვნენ პროფესიული ასოციაციის წევრებიც:

„საბჭო ცხადია დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექიმებით, მაგრამ საბჭოს დიდი ნაწილი ადმინისტრაციულ შემადგენლობას წარმოადგენს. ამგვარად დაკომპლექტებულ საბჭოში ბოლომდე პროფესიული განსჯა ვერ მიმდინარეობს, რადგან მას არ განიხილავენ პროფესიული ასოციაციები. რეალურად, ყველა მთავრობა უშლიდა ხელს საბჭოში პროფესიული ასოციაციების ჩართულობას. არადა, პროფესიულ ჯგუფში ამგვარი საკითხების განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ აქცენტები სხვაგვარად კეთდება. არ ხდება ისე, რომ რაკი კოლეგები არიან, კოლეგის გამამართლებელ გადაწყვეტილებას გამოიტანენ. ეს ასე არ არის“.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, პროფესიული განვითარების საბჭომ 2019 წელს 204 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. 134 ექიმს დაეკისრა პასუხისმგებლობა 2020 წელს.

ჯამში, 2019-2020 წლებში, 338 ექიმისათვის დაწესებული პროფესიული პასუხისმგებლობების სახეები ასე ნაწილდება:

  • 271 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცეს;
  • 61 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სერტიფიკატი;
  • 6 ექიმს გაუუქმდა სერტიფიკატი.

28 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეში ვახტანგ კალოიანი ხედავს როგორც, სავარაუდოდ, საექიმო შეცდომას, ისე, სავარაუდოდ, გულგრილობასაც, სისხლის სამართლის დანაშაულს. მისი თქმით, საექიმო შეცდომაა ის, როდესაც ექიმი ამბობს, რომ მას პაციენტისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტი არ გაუკეთებია, რადგან არ ჩათვალა საჭიროდ. სავარაუდო გულგრილობა კი იკვეთება იმ ეპიზოდში, როდესაც ექიმმა პაციენტი მდგომარეობის გართულების შემდგომ, უმცროსი ექიმისა და ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვა, თავად კი კონფერენციაზე წავიდა:

„როგორც ექიმი ამბობს, მან არ ჩათვალა, რომ პაციენტს შესაძლოა ანაფილაქსია ჰქონდა და არ გაუკეთა ადრენალინი. ეს არის შეცდომა და ამისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება. საექიმო შეცდომა ვერ იქნება ექიმის მეორე განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ის არ იმყოფებოდა მოსაცდელ ოთახში. ეს უკვე ობიექტურად გულგრილობაა. თუკი ექიმი თვლის, რომ პაციენტი სტაბილურია, არ არის აუცილებელი, მუდმივად თავთან არ ედგე, მაგრამ აუცილებლად უნდა იმყოფებოდე საავადმყოფოს შენობაში და იმ შემთხვევაში, თუკი გადაუდებელი მიზეზით გიწევს შენობიდან გასვლა, მაშინ მასთან ტოვებ სხვა, ლიცენზირებულ, კვალიფიციურ ექიმს. არ შეიძლება პაციენტი დაუტოვო უმცროს ექიმს და ექთანს“.

ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ექთნის საქმემ ნათლად წარმოაჩინა სისტემური პრობლემაც, რაც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მედპერსონალი სათანადოდ ვერ მოამზადა ვაქცინაციის შესაძლო გვერდითი მოვლენების, მათ შორის, ანაფილაქსიის სამართავად.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლისა, გამოძიება მიმდინარეობს ასევე 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს და რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება. ამ მუხლით ბრალი ორ ექიმსა და ერთ ექთანს, 7 აპრილს წარედგინა. 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ასევე ნახეთ მეგისთვის ადრენალინი არ გამიკეთებია - ექიმის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების შინაარსი

ექიმი, რომელსაც მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს, გამოძიებისათვის მიცემულ მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის ნიშნები გამოუვლინდა, მისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია. ამით, ბრალდებული ვიოლეტა ინასარიძე, სრულად აბათილებს, როგორც გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებას, ისე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარს, სადაც აცხადებდა, რომ მან საკუთარი ხელით გაუკეთა 28 წლის ექთანს ადრენალინი.

ექიმი გამოძიებას უდასტურებს, რომ ექთნის სამედიცინო ისტორიაში, რომელიც ახალციხის კლინიკაში 18 მარტს გაიხსნა, განზრახ ჩაიწერა ცრუ ინფორმაცია ადრენალინის გაკეთების შესახებ. მისი თქმით, ცრუ ინფორმაცია სამედიცინო ისტორიაში "შიშის" გამო დაფიქსირდა. ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული ექიმის მეორე ჩვენებიდან ირკვევა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც მეგი ბაქრაძე შეუძლოდ გახდა, ექიმმა კლინიკა დატოვა, რადგან ვაქცინაციის შესახებ კონფერენციას უნდა დასწრებოდა, რომელიც ახალციხის გუბერნიის შენობაში ტარდებოდა.

შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.