„ხშირად წერეთ. ყოველ კვირას. როგორმე მიაწვდინეთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას“, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ჩემმა ჩვენმა გალელმა რესპონდენტმა, რომლის სახელს და გვარს ვერც ამჯერად ვასახელებთ. დიდია შიში იმისა, რომ მას ხმამაღლა ლაპარაკისთვის პასუხს მოსთხოვენ, მაგრამ უფრო ძლიერია სასოწარკვეთა, რომელიც დუმილს ახლავს.
„თქვენ გგონიათ, იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც ამ ორი დღის წინ ენგურზე მოხდა, ხალხი იგივეს არ იზამს? იზამს. 9-შიც გადმოვლენ და მერეც. სულ. სხვა გზა არ არის“, - გვეუბნენა გალში მცხოვრები ქალი.
ჩვენ კი ვეკითხებით, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, რა ხდება გალში, როგორია ახლა იქ ხალხის მდგომარეობა.
გალის მოსახლეობისთვის ასეთი მდგომარეობა ახალი არ არის: ბოლო 5-6 წელია, პერიოდულად, ენგურზე გადასასვლელი იკეტება. ხან ყველასთვის, ხან კი, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის. ბოლო ერთი წელია, რაც პანდემია დაიწყო, საქართველოსთან კავშირი სრულიად გაწყვეტილია. გალის მოსახლეობა - ჩაკეტილი.
ხალხი როგორ არის?Სასოწარკვეთილი - ეს ის სიტყვა არ არის, რომელიც სწორად აღწერს აქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას.
Პანდემიამდე, ენგურის ხიდზე ყოველდღიურად მოძრაობდა დაახლოებით 2500-2600 ადამიანი. წარმოგიდგენიათ, რამხელა რაოდენობაზეა საუბარი?! ეს ადამიანები დღეს არიან მოწყვეტილები ეკონომიკურად და მათ ძალიან, ძალიან გაუჭირდათ, რადგან, ძირითადად, გალის მოსახლეობას ოჯახისთვის საჭირო პირველადი მოხმარების საგნები, მედიკამენტები - ზუგდიდიდან მოჰქონდა.
ვერ ვიღებთ საჭირო სამედიცინო კვლევას - ეს პროცესი უკვე იმდენად დამამცირებელი გახდა, უკიდერესად გაბრაზებულები ვართ!
მაგალითად მე, მაქვს ალერგიული რეაქცია გარკვეულ ტკივილგამაყუჩებელზე, ორჯერ მქონდა ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება. საბედნიეროდ, ორივეჯერ აღმოვჩნდი თბილისში და საჭირო დახმარება გამიწიეს საავადმყოფოში.
მაგრამ წარმოდგენაც კი არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ასეთი სიტუაცია განვითარდა აქ, სადაც გალის ექიმები მხოლოდ ცარიელი ხელებით ებრძვიან ავადმყოფობას.გალში არ არის რეანიმაცია, სათანადოდ გადამზადებული ექიმები...
ვიცი შემთხვევები, როცა მოხუცები გარდაიცვალნენ ჩუმად სახლში, რადგან მათი ნათესავები, შვილები, რომლებიც ადრე ჩამოდიოდნენ და აკითხავდნენ, ვეღარ მივიდნენ მათთან და ამის გამო ისინი მოკვდნენ.
Რამდენიმე დღის წინ, სანამ ეს, ენგურზე მომხდარი ტრაგედია დატრიალდებოდა, ვნახე სურათი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების წარმომადგენლებს ჰქონდათ გადაღებული და სოციალურ ქსელში ატვირთული - ეს იყო მინისტრების სელფი, გალიდან (გეტოდან, რეზერვაციიდან, სხვა, აბა, რა დავარქვა აქაურობას) გადმოყვანილი ხალხის ფონზე, ცოტა შორს იდგნენ, ახლოსაც ვერ მოვიდოდნენ. ძალიან შემზარავი იყო ის სელფი ჩემთვის. თბილისიდან ჩამოვიდნენ, რომ ამ გაუბედურებული, ჩაკეტილი, პატიმრობაში მყოფი ხალხის ფონზე გადაეღოთ სურათი!
აქ ადამიანებს არ აქვთ უფლება 10 ნაბიჯით წინ წამოიწიონ და „რუხის მოლამდე“ მივიდნენ, ისინი არიან ზედამხედველობის ქვეშ, არიქა, არავინ არსად წავიდეს...
ის სელფი ახლა არ იძებნება, შეიძლება ამ მოვლენების მერე იფიქრეს, რომ უადგილო იყო და აიღეს. სამარცხვინო საქციელია. ამ ადამიანების ფონზე მინისტრები სელფებს იღებდნენ.... ბრაზი მახრჩობს.
ასევე ნახეთ "თვალს რომ დავხუჭავდი, მღვრიე ენგურს ვხედავდი” - რას ჰყვება გალელი ქალი, რომელმაც შვილთან ერთად ენგური გადმოცურაყველაზე მეტად ვის გაუჭირდა გალში დღეს?
ყველას გაუჭირდა, მაგრამ არიან მოწყვლადი კატეგორიები, მოხუცები, შშმ პირები, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები, ორსული ქალები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომლებიც პერიოდულად გადადიოდნენ ჯანმრთელობის სერვისების მისაღებად ზუგდიდში და დანარჩენ საქართველოში.
Მოხუცები, ვისთანაც ადრე შვილები მაინც ჩამოდიოდნენ, აბსოლუტურად მივიწყებულები არიან, ეკონომიკურად უჭირთ, მედიკამენტები სჭირდებათ და ყველაზე უარესი ის არის, რომ ემოციურად არიან ცუდად, რადგან ბოლო არ უჩანს ამ იზოლაციას.
დღეს გალის მოსახლეობას სად შეუძლია გადაადგილება გალის გარდა?
Გალის მოსახლეობა არ არის შეზღუდული იმოძრაოს სხვა ქალაქებში აფხაზეთში, თუმცა, თითქმის არავინ გადადის რუსეთში, ფსოუს საზღვარზე, რადგან რუსეთის პასპორტები არ გვაქვს.
საავადმყოფოში არსებული რთული ვითარება ახსენეთ, შეგიძლიათ, მეტი გვითხრათ იქ დღეს არსებულ ვითარებაზე?
Დღევანდელი მონაცემებით, როგორც ვიცი, არის ინსულინის საჭიროება მთლიანად აფხაზეთში. Ადრე, ინსულინდამოკიდებული ადამიანები პროგრამით სარგებლობდენენ და უფასოდ ღებულობდნენ ინსულინს, ახლა მარაგი ამოწურულია, აფთიაქში ინსულინის შეძენა საკმაოდ ძვირია.
იმედგაცრუება დიდია ხალხში? რას ამბობენ თქვენს გარშემო?
Მე არ მახსოვს ასეთი ბრაზი და იმედგაცრუება. 1992-1993 წლებში ვიცოდით, რომ იყო ომი და გარკვეულწილად გასაგები იყო მტერი სად იყო და ვინ იყო, ახლა ადამიანები ერთი წლის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში ვებრძვით უხილავ მტერს, ყველანაირი დახმარების გარეშე, უსამართლო და უთანასწორო პირობებში. თუ დღეს თბილისში კინოთეატრები იხსნება, რა დავაშავეთ გალის მოსახლეობამ, ვინც ჩაგვკეტეს?
ენგურის გამოვლით ჩუმად გადმოსვლა - ფაქტობრივად თავგანწირვაა - რა აიძულებს ადამიანებს ასეთი გზა აირჩიონ?
Ხშირ შემთვევაში, ეს არის გამოუვალი, გაუსაძლისი პირობები, რომლებშიც ადამიანები არიან მოხვედრილი - მედიკამენტები, ექიმთან ვიზიტი, კუთვნილი პენსიების და შემწეობის თანხის მიღება, რათა მობრუნდნენ და ოჯახს საჭირო პროდუქტით და ნივთებით მოამარაგონ. Არის სხვა სიტუაციებიც როდესაც, ადამიანებს ახლობლები ყავთ გარდაცვლილი და უნდა სამძიმარზე მისვლა.
თქვენ იცნობთ ვინმეს, ვინც მზადაა ასე გადმოიპაროს თავისივე სამშობლოს ტერიტორიაზე, გარისკოს, ოღონდ პენსია აიღოს თუ სხვა რამ, რაც სჭირდება, ის საქმე მოაგვაროს?
Ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც 85 წლის მოხუცი მოვიდა და გვთხოვდა დახმარებას, გადმოსულიყო და აეღო პენსია. Მაშინ 14-დღიანი კარანტინი მოქმედებდა და ეს მოხუცი ამბობდა, რომ თავის სრულიად ბრმა 80 წლის მეუღლეს მარტო ვერ დატოვებდა. ამ პენსიაზე იყო ორივე დამოკიდებული, უკიდურესობამდე ვართ მისულიო, ეს მოხუციამბობდა, ყველანაირი მარაგი მაქვს ამოწურულიო... ის, რა თქმა უნდა, ვერ გადმოიპარებოდა, მაგრამ კარანტინშიც ვერ მოხვდებოდა, თუნდაც იმ 5 დღიანში... არ ვიცი როგორ მოაგვარა ამ ადამიანმა თავისი პრობლემა...
აქეთ წამოსვლა ყველაზე მეტად ვის და რატომ სჭირდება?
სჭირდება ყველას, არა აქვს კატეგორიას მნიშვნელობა. თუ საქართველოს მთავრობა გვთვლის ჩვენ აქ მცხოვრებებს თავიანთ მოქალაქეებად, საერთოდ რატომ უნდა იდგეს შეკითხვა რატომ გვჭირდება ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლა?
უამრავი რამ არის, რის გამოც უნდა გალის მოსახლეობას გადმოსვლა. უკვე ვახსენე, სამედიცინო დახმარება, პენსია, დევნილთა შემწეობა, განათლება, საკვები პროდუქტი და კიდევ უამრავი სხვა რამ. ნათესავების ნახვაზე უკვე არ გვაქვს საუბარი. იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს უკვე დიდი ფუფუნებაა.
წარმოიდგინეთ, დედას შვილი უკვდება და მის სატირალში ვერ გადადის. ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი იყო მსგავსი შემთხვევები.
თქვენს გარშემო რას ამბობენ გალელები? თქვენი მეგობრები, მეზობლები...
ოჯახებია გახლეჩილი შუაზე, შვილები თბილისში, მშობლები გალში... თვეებია გრძელდება ეს შინაპატიმრობა, რა შემაკავებელი ზომებით შეიძლება გაამართლონ სრულიად უკანონო გადაწყვეტილება?
კი ბატონო, აფხაზებმა ჩაკეტეს ხიდი, როგორც კი დაიწყო ვირუსის გავრცელება, მაგრამ ქართველები რომ დამატებით გვკეტავენ ჯერ 14 დღე, მერე 12 ახლა ვითომ შეღავათი, 5 დღე? Ხუთი დღე ვის დავუტოვო ჩემი შვილები?! ეპილეფსიანი ბავშვისთვის მჭირდება მედიკამენტები! როგორ მოვიქცე?
ამბობენ იმას რომ, საქართველოსთვის ჩვენ არავინ ვყოფილვართ. ის იმედი, რითიც ვცხოვრობდით, რომ, თუ რამე გაგვიჭირდებოდა შევძლებდით საქარველოში გადასვლას, ეს იმედიც გაგვიცრუვდა.
უკვე გვესმის, რომ საქართველოსთვის გალის მოსახლეობა არა საჭირო გახდა. ზედმეტი ტვირთი აღმოვჩნდით, რომელიც, როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, მოიშორეს.
რატომ არ შეიძლება, მაგალითად, პისიარ ტესტები გაკეთდეს ხიდზე და ამის საფუძველზე შეძლოს გალის მოსახლეობამ გადასვლა? ჩამოდიან ტურისტები საქართველოში და რატომ ისინი არ გადაჰყავთ კარანტინში? მარტო ჩვენ აღმოვჩნდით საქართველოსთვის ზედმეტი?
ფინანსურად უჭირს ხალხს?
Როგორც ყველგან, ჩვენც ვართ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში. Პანდემიამდე ადამიანები ვაჭრობდნენ ზუგდიდიდან შემოტანილი საქონლით, სამარშრუტო ტაქსებზე იყო დასაქმებული ხალხი ენგურის ხიდზე. Ახლა ყველანაირი ასეთი საქმიანობა შეჩერებულია, რა თქმა უნდა, ვისაც კავშირები აქვს და შესაბამისი ფინანსები, ახერხებენ სხვადასხვა ნივთების შემოტანას, მაგრამ უბრალო ადამიანებისთვის ეს არ არის ხელმისაწვდომი.
შესაძლებლობა რომ გქონდეთ (და ეს ინტერვიუ ალბათ ნაწილობრივ არის ამის შესაძლებლობა) რას ეტყოდით საქართველოს ხელისუფლებას?
Სანამ 7 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს გავიგებდით, განვიხილავდით სხვადასვა ვარიანტებს, იმიტომ, რომ გვესმის რა მტერთან გვიწევს ბრძოლა პანდემიის სახით. Მაგრამ ის რაც მოხდა, ყველანაირ საზღვარს სცდება.
ერთადერთი, რასაც ვეტყოდით საქართველოს ხელისუფლებას დღეს - არის უპირობოდ კარანტინის მოხსნა, და მიმოსვლის აღდგენა ენგურის ხიდზე.
ამ ორი დღის მომხდარ ტრაგედიაზე რას ამბობენ გალში?
Საშინელი ტრაგედია დატრიალდა, ყველა ძალიან განიცდის, ამ ტრაგედიისთვის თავიდან აცილება შეიძლებოდა... ადამიანები შეეწირნენ უმოქმედობას. გალის მოსახლეობა იმდენად არის დამოკიდებული დანარჩენ საქართველოზე, ამაზე მხოლოდ 3000-მდე დღეში გადმომსვლელი ადამიანი მეტყველებს. Არის რომელიმე ქალაქი, სადაც ერთი ქალაქიდან მეორეში ამდენი ადამიანი მიდიოდეს?!
ასევე ნახეთ ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულებიდან ორი ქალიადღეს გადმოსვლის სხვა გზა არსებობს ენგურს აქეთ?
დღეს მოსახლეობის გარკვეული კატეგორია, მრავალშვილიანი დედები, შშმ პირები, პენსიონერები, ორგანიზებულად გადადიან გარკვეულ დღეებში ენგურის ხიდზე და იქ მათ ხვდებათ „ლიბერთი ბანკის“ მანქანა და ემსახურება. თუმცა ადამიანები უჩივიან რიგებს მანქანასთან, ( მხოლოდ ერთი მანქანა ემსახურებათ), ამ კატეგორიის ადამიანებს თანმხლები პირები სჭირდებათ, რომ იქამდე მივიდნენ, და ხშირად ხელცარიელები ბრუნდებიან, რადგან ვერ ახერხებენ თავიანთი საქმეების მოგვარებას.
ეპიდემიის თვალსაზრისით, კონკრეტულად გალში რა ვითარებაა?
ამ ეტაპზე გალის საავადმყოფოში არ არიან კოვიდინფიცირებულები, არის შემთხვევები, 5 ან ხუთზე ნაკლები გალის რაიონში დღიურად, მაგრამ მასობრივად დაავადების კერებზე არ გვსმენია. Საავადმყოფოს მარაგის შევსება საჭიროა, რა თქმა უნდა, ძირითადად ეს ხდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით, ან დამოკიდებული არიან იმაზე, რასაც სოხუმი გაანაწილებს.
გალის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები ღიად საუბრობენ მათი დიაგნოზის სრულ უგულებელყოფაზე, ზუგდიდის საზღვართან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები არც კი კითხულობენ ამ დოკუმენტებს და ხელმძღვანელობენ მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოქმებით.
გალის ცენტრალური საავადმყოფოს ერთმა ექიმმა მითხრა, ძალიან ხშირად, პაციენტების თანხლებისას, მე თვითონ ვხვდები სასწრაფო დახმარების ექიმების უგულებელყოფას, არავინ მომისმენს, როგორც ექიმსო!
ამ ექიმმა მიამბო, რომ ცოტა ხნის წინ, გალის საავადმყოფოში 16 წლის გოგონა მიიყვანეს მძიმე მდგომაროებაში - მაშინვე ზუგდიდში გააგზავნეს, რადგან იქ ვერაფერს უშველიდნენ. მის მშობლებს ღამით უნდა გადაევლოთ მდინარე ხუთდღიანი კარანტინის თავიდან ასაცილებლად!
გალის მოსახლეობის ერთადერთი მოთხოვნაა მოიხსნას კარანტინი, ყველას მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ნუ დაგვყოფენ კატეგორიებად. Ისედაც ურთულეს სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება, ასეთი ტრაგედია მოხდა და აფხაზური მთავრობისგან არ გვიგრძვნია თანადგომა, იქით დაადანაშაულეს გარდაცვლილები, არაკანონიერი გზით გადადიოდნენო... დავიწყებული, მიტოვებული ხალხი ვართ.