12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყება. http://workabroad.moh.gov.ge/ -ზე მსურველები მთელი წლის მანძილზე შეძლებენ რეგისტრაციას, წლის ბოლომდე კი ისრაელში 1000 მოქალაქე დასაქმება.
ამ ეტაპზე ისრაელის მხრიდან შეთავაზებულია ერთი სახის ვაკანსია, ეს არის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიცია.
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთი.
- თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5300 შეკელს, რაც 2021 წლის 9 მარტის კურსის მონაცემებით, არის 1600 აშშ დოლარის ეკვივალენტი.
- ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.
დასაქმდებიან ისინი ვისაც აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
დასაქმების მსურველი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა დამთავრებული;
- ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენას საკომუნიკაციო დონეზე
ზოგადი მოთხოვნები:
• საქართველოს მოქალაქე;
• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
• სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არა ნაკლებ 45 კგ;
• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
• ნასამართლეობის არ მქონე;
• ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე;
• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
კანდიდატი თანახმა უნდა იყოს, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში და ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაიტაროს (2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით), რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.