ყვავილები მემორიალთან, აქცია, მსვლელობა და სხვა გეგმები 9 აპრილს
32 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამ თარიღთან დაკავშირებით ღამით პარლამენტის წინ მივიდნენ. 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკოსები დღეს, დილიდან გამოჩნდებიან.
9 აპრილს სახალხო მოძრაობის დაფუძნებასა და აქციას გეგმავს მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი). მან გუშინ თქვა, რომ აქცია აპოლიტიკური იქნება. ის აპირებს, ევროპის მოედნიდან საპატრიარქომდე მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით წავიდეს.
„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება" ვერ ახერხებს ქვეყნისთვის სახიფათო ვითარების განმუხტვას. ვხედავთ, ერთი მხრივ, ძალაუფლებას მოწყურებულ დესტრუქციულ პარტიებს, საკუთარი დამხმარე მედიასაშუალებებით და, მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას", რომელიც უსუსურობას იჩენს, ვეღარ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას, სათანადოდ ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს და დაკავებულია ძალაუფლების შენარჩუნებით. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გაისმას ქართული საზოგადოების ხმა“, - თქვა გია გაჩეჩილაძემ.
თვალი ადევნე ყველა სიახლეს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.
ევროკავშირის გაფრთხილება და საქართველოს ეკონომიკის მომავალი თემიდას სასწორზე
მოსამართლეებთან დაკავშირებული, უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები ხელისუფლებამ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას ბრიუსელიდან მიღებული მკაცრი გაფრთხილების შემდეგ გაუგზავნა.
ევროპარლამენტარების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება ფინანსური დახმარების შეჩერების რისკებზე ევროკავშირის აღმასრულებელმა სტრუქტურამაც გააფრთხილა. დასავლეთის გაფრთხილებებში მკაფიოდ იკითხება, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში არ გადაიხედება, შესაძლოა, საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარება შეუჩერდეს.
ეკონომისტების შეფასებით, დახმარების შეჩერება მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს ისედაც დასუსტებულ ეკონომიკას.
ახლა ქვეყანა ვენეციის კომისიის მორიგ რეკომენდაციებს ელის. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნას დაგვიანებულად მიიჩნევს, რადგან კანონი უკვე ძალაშია შესული და მასზე დაყრდნობით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის ახალი კონკურსანტების მხრიდან დამატებითი განაცხადების მიღება დაიწყო. მისი შეფასებით, რადგან პარტნიორები სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობაზე ღიად საუბრობენ, ვენეციის კომისიასაც კანონის მიმართ დღევანდელობის შესაბამისი რეკომენდაციები ექნება.
რამდენად დიდი იქნება დანაკარგი, რომლის წინაშეც შესაძლოა საქართველო დადგეს? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
"ასტრაზენეკათი" საქართველოში 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები აიცრებიან
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესი 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში განხორციელდება. მისი თქმით, შესაბამისი რეკომენდაცია ექსპერტთა საბჭომ გასცა, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად:
„ვაქცინაციის პროგრამა "ასტრაზენეკას" ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ეხლაც მიმდინარეობს. შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ამ ეტაპზე "ასტრაზენეკასთვის" აღარ მოხდება. რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნო ვაქცინაციას ისევ "ასტრაზენეკათი", ამ შემთხვევაში რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ საჭირო არ არის და არ არსებობს. ამდენად, ის, ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა პირველი დოზა ვაქცინაციის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზა ვაქცინის, როცა მას უკვე მოუწევს 8 და 12-კვირიანი ინტერვალით ვაქცინის ჩატარება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- პროკურატურა მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს
- აცრილია მხოლოდ 20 ადამიანი - ახალციხეში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია "ჩავარდა"
პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა
დღეს, 9 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. დღეს უქმე დღეა, თუმცა დეპუტატები სალომე ზურაბიშვილს მაინც მოუსმენენ.
პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენას არ დაესწრება დიპლომატიური კორპუსი. ამის მიზეზად პანდემისთან დაკავშირებული ზომები დასახელდა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სხდომას მთავრობის წევრები დაესწრებიან, თუმცა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე, რადგან მას კორონავირუსი დაუდასტურდა. პრემიერ-მინისტრის კონტაქტი იყო პრეზიდენტიც. 6 აპრილს ის ამის გამო თვითიზოლაციაშიც გადავიდა.
კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მიდის პარლამენტში მოხსენებით. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.
აფგან მუხთარლის გამოკითხვა პროკურატურაში დღეს იგეგმება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს მეორედ უნდა მივიდეს. ის უწყებაში გუშინ იყო დაბარებული, თუმცა, აფგან მუხთარლის თქმით, პროკურატურამ მას თარჯიმანი არ დაახვედრა, რის გამოც მეორე დღისთვის დაიბარეს.
როგორც მუხთარლიმ პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, მას დაახვედრეს თურქული ენის თარჯიმანი, რაზეც უარი თქვა. დაახლოებით საათ-ნახევრის ლოდინის შემდეგ სხვა თარჯიმანი მიიყვანეს, თუმცა 2-საათიანი გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც ის ფლობდა აზერბაიჯანულ ენას.
მოგვიანებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განმარტა აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის თარჯიმნის შეთავაზების საკითხი. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მუხთარლიმ თქვა, რომ ორი თარჯიმნიდან ვერცერთმა ვერ უზრუნველყო მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანი, ხოლო მესამეს მოწვევაზე მან უარი თქვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. ჟურნალისტი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
აზერბაიჯანელმა და თურქმა სამხედროებმა ორდღიანი ერთობლივი წვრთნა დაიწყეს
8 აპრილს აზერბაიჯანმა გამოაცხადა თურქეთთან ერთად ორდღიანი სამხედრო წვრთნის ჩატარება, რაც მიზნად ისახავს „ურთიერთმოქმედების გაუმჯობესებას“ ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის.
სხვა დეტალები უცნობია. ერთობლივი წვრთნების შესახებ თურქეთის სამხედრო სარდლობას კომენტარი არ გაუკეთებია.
ეს ამ წელს უკვე მეორე სამხედრო წვრთნაა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 15 -19 მარტს გამართულ ტაქტიკურ მანევრებში აზერბაიჯანმა ჩააბა 10 000 ჯარისკაცი, 100-მდე ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 200-მდე საარტილერიო და სარაკეტო დანადგარი, 30-მდე სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებმაც, ანალიტიკოსების შეფასებით, თანამედროვე ომის სახე სრულიად შეცვალა მთიან ყარაბარში გასული წლის სექტემბერ-ნოემბერში აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის 44-დღიანი საომარი მოქმედებების დროს.
ჯო ბაიდენმა გამოაცხადა ახალი ზომები ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შესამცირებლად
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 8 აპრილს გამოაცხადა ახალი ზომები ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შესამცირებლად, ძალადობისა, რომელსაც მან უწოდა „ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული კრიზისი“.
ჯო ბაიდენის მიერ ამ ახალი ზომების გამოცხადებას 8 აპრილს ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი.
„დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა წინა აღვუდგეთ არა მხოლოდ იარაღის კრიზისს, არამედ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ნამდვილ კრიზისს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შედეგად დაღუპული ადამიანების მშობლებისა და ახლობლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„ეს არია ეპიდემია, რომელიც უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა ბაიდენმა.
მეგისთვის ადრენალინი არ გამიკეთებია - ექიმის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების შინაარსი
ექიმი, რომელსაც ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი წაუყენეს, გამოძიებისათვის 25 მარტს მიცემულ მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის ნიშნები გამოუვლინდა, მისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.
ამით, ბრალდებული ვიოლეტა ინასარიძე, სრულად აბათილებს როგორც გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებას, ისე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარს, სადაც აცხადებდა, რომ მან საკუთარი ხელით გაუკეთა 28 წლის ექთანს ადრენალინი.
„მე მეგონა, რომ უბრალოდ რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი. ეს არის ჩვეულებრივი. შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია“, - ეს ვიოლეტა ინასარიძემ გამომძიებელს 25 მარტს, მეორე ჩვენებაში უთხრა.
გამომძიებლის კითხვაზე, „უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს?“, - ექიმი პასუხობს: „პრინციპში, არც არაფერი მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე“.
რატომ მისცა ექიმმა ცრუ ჩვენება და რა უთხრა ვიოლეტა ინასარიძემ გამოძიებას, წაიკითხე ჩვენებები ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
ვის როგორ ახსოვს 30 წლის წინანდელი 9 აპრილი, როგორ შემოინახა ის დღე და ღამე მათმა მეხსიერებამ, რისი სჯეროდათ მაშინ და რაში გაუცრუვდათ იმედები, რატომ სწყდებთ გული და რით ამაყობენ - რადიო თავისუფლებამ 30 წლის წინა 9 აპრილის სურათის აღდგენა თავად დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს სთხოვა.