ნიკა მელია: ელოდნენ რომ გამტეხდნენ და რაღაცნაირად უსამართლობას თავს დავუხრიდი

ნიკა მელია

ციხიდან „TV პირველთან" სატელეფონო ინტერვიუში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ გირაოს გადახდისკენ მოწოდებით, ხელისუფლება შეცდომაში შეჰყავდა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ საზოგადოებას.

„პროკურატურას მოუწია და აღიარა, რომ მთელი 2 თვის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოება და ქვეყნის შიგნით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ, თითქოს მე შემეძლო სურვილისამებრ გირაო გადამეხადა და გადახდისთანავე დავტოვებდი საპატიმროს. მოდით, ვაღიაროთ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოტყუვდა. თუ მათ უნდათ, რომ მე გირაო გადავიხადო და უნდათ ამაში დაარწმუნონ უცხოელი ან ქვეყნის შიგნით რომელიმე მოქალაქე, რატომ არ შეაქვთ შუამდგომლობა სასამართლოში? ელოდნენ, რომ მე გამტეხდნენ და რაღაცნაირად უსამართლობას თავს დავუხრიდი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ხელისუფლება იძულებულია საკუთარ ხაფანგში გაებას და უცნობია, ის, როგორ მოიქცევა. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ხელისუფლების ინტერესებში არ შედის გამარჯვებული ნიკა მელიას ციხიდან გამოშვება.

„ყველას ვთხოვ, ჰკითხონ ხელისუფლებას, იქნებ მე მინდა ციხიდან გამოსვლა, რატომ არ მაძლევენ შესაძლებლობას გირაოს გადახდის. რა უნდა გააკეთოს პროკურატურამ? უნდა მიბრძანდეს, შუამდგომლობა შეიტანოს სასამართლოში პატიმრობა, რომელიც შეფარდებული მაქვს, შეცვალოს გირაოთი", - თქვა მელიამ.

დღეს, 8 აპრილს, გადაიდო ნიკა მელიას სასამართლო პროცესი. ის 13 აპრილს ჩატარდება. არსებობდა მოლოდინი, რომ შესაძლო იყო დღეს მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადახედილიყო, თუმცა ეს საკითხი არ განხილულა.

სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ მისი სხდომათა დარბაზში დაბრუნებაზე იმსჯელა და დააკმაყოფილა.

17 აპრილს 2 თვე შესრულდება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა, ეს კი კანონით სასამართლოს ავალდებულებს გადახედოს წინა გადაწყვეტილებას.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან "უსამართლო გირაოს" გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით, რაც სსასამართლომ დააკმაყოფილა. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო. მისი, როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში.