სლოვაკეთში შეტანილი რუსული Sputnik V-ის გარშემო ახალი სკანდალი მწიფდება

პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი (მარჯვნივ) და ჯანდაცვის მინისტრი მარეკ კრაიჩი. 1 მარტი, 2021 წ.

სლოვაკური გამოცემა Denník N-ის თანახმად, სლოვაკეთის წამლების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტმა შეისწავლა ქვეყანაში შეტანილი რუსული ვაქცინა Sputnik V-ის პარტია და მივიდა დასკვნამდე, რომ მთავრობის წინა შემადგენლობის მიერ მიერ მასობრივი იმუნიზაციისათვის შეძენილი რუსული ვაქცინა, არ არის იდენტური იმ პრეპარატის ვარიანტთან, რომელსაც დადებითი შეფასება მისცა ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალმა The Lancet-მა.

ერთი თვის წინ სლოვაკეთში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იგორ მატოვიჩის და ჯანდაცვის მინისტრ, მარეკ კრაიჩის მიერ კორონავირუსი საწინააღმდეგო რუსული Sputnik V-ის ვაქცინის შეძენა.

ეს გარიგება მოხდა მთავრობის მიერ ვეტოს გვერდის ავლით, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებას მატოვიჩი პირადად აწარმოებდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა დაუსწრებლად. სკანდალის შედეგად თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი და ხუთი მინისტრი. ქვეყნის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა ფინანსთა მინისტრი ედუარდ ჰეგერი.

მაგრამ მოგვიანებით ოთხი ძველი მინისტრი კვლავ დაბრუნდა კაბინეტში, ხოლო სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.

სლოვაკური მედიის თანახმად, მატოვიჩი ხუთშაბათს მოსკოვში გაემგზავრა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალურ დირექტორ, კირილ დმიტირიევჩთან შესახვედრად. სწორედ მასთან გააფორმა სლოვაკეთის მთავრობამ კონტრაქტი 2 მილიონი Sputnik ის ვაქცინის შეძენაზე.

მოსკოვში გამგზავრების წინ მატოვიჩმა ფეისბუკში დაწერა, რომ გმობს "სისტემატურ მცდელობებს", რომელიც მიმართულია Sputnik -ის სლოვაკეთში გამოყენების წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს, რომ სლოვაკეთის მილიონობით მოქალაქემ შეძლოს Sputnik V-ის ვაქცინით აცრა.

8 აპრილს გერმანიის რეგიონმა, ბავარიამ, ხელი მოაწერა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის 2,5 მილიონი დოზის შესყიდვის დოკუმენტს, მას შემდეგ, რაც პრეპარატს ევროპის მარეგულირებელი უწყებები (EMA) დაამტკიცებენ.

EMA ამ პერიოდში Sputnik V-ის შესწავლის პროცესშია და, გავრცელებული მოლოდინით, ის მიმდინარე თვეში რუსეთში ექსპერტებს გაგზავნის. რუსეთმა ეს პრეპარატი გამოსაყენებლად აგვისტოში დაამტკიცა, რითიც Sputnik V გახდა COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი დამტკიცებული ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ცდები იმ დროს ჯერ დასრულებული არ იყო.