მოსკოვის საქალაქო სასამართლომ შიდა პატიმრობაში დატოვა ალექსეი ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში და „სანიტარული საქმის“ სხვა ფიგურანტები, მარია ალიოხინა, ოლეგ სტეპანოვი და მუნიციპალური დეპუტატი, დმიტრი ბარანოვსკი.
ე.წ. სანიტარული საქმე ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საწინააღმდეგოდ 23 იანვარს გამართული შეუთანხმებელი საპროტესტო აქციის შემდეგ აღიძრა რუსეთი საგამოძიებო კომიტეტში. პროკურატურმა ზემოხსნებეული აქტივისტების გარდა შიდა პატიმრობა შეუფარდა ასევე ლიუბოვ სობოლსა და ნავალნის ძმას, ოლეგს, კორონავირუსთან დაკავშირებული სანიტარული ნორმების დარღვევისა და ასეთი სამართალდარღევისკენ სხვების მოწოდებისთვის.
წინა დღით მოსკოვის სასამართლომ შეუმსუბუქა აღკვეთის ზომა ოთხ ბრალდებულს: ლიუბოვ სობოლს, ოლეგ ნავალნის, ლუსია შტეინსა და კონსტანტინ იანკაუსკასს, რომლებსაც შიდა პატიმრობის ნაცვლად მიესაჯათ გარკვეული მოქმედების შეზღუდვა.
ყველა მსჯავრდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებისა, ისინი არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტას.
„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. იგი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.
2 თებერვალს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე. წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
სასამართლოს მიერ მსჯავრდებული ანტიკორუფციონერი ბლოგერი და კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2021 წლის 11 მარტიდან ვლადიმირის ოლქის პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის სასჯელს.