ქალი არ ვარ, რომ გავიბუტო - ვიცით, ვის შეურიგდა მეუფე იაკობი?  

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ, როცა პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობდა, ფხიზელ მდგომარეობაში არ იყო და ისე მოიქცა, როგორც არ უნდა იქცეოდეს "არაქრისტიანიც კი". ეპისკოპოსმა საკუთარი ნათქვამი ხარების დღესასწაულზე ბოდბის მონასტერში ქადაგების დროს გაიხსენა.

"გახსოვთ, ალბათ, ჩემი საქციელი წელიწად-ნახევრის წინ, გამოვედი და არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიქეცი ისე, რომ არაქრისტიანიც კი არ უნდა საუბრობდეს მასე. ფხიზელს, ალბათ, შემეძლო თავი შემეკავებინა, მაგრამ როდესაც წლების განმავლობაში ეკლესიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, პატრიარქის წინააღმდეგ...” - თქვა ქადეგებისას ეპისკოპოსმა.

მეუფე იაკობს ქადაგების დროს არავინ დაუსახელებია, თუმცა რადიო თავისუფლებას მისმა პრესსამსახურმა უთხრა, რომ ის გულისხმობდა 2019 წლის ოქტომბერში “TV პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუს. პრესსამსახურის განმარტებით, ის ბოდიშს იხდის “ბილწსიტყვაობისთვის” და არა იმ ბრალდების გამო, რომელიც პოლიტიკოსების მისამრთით გამოთქვა.

„გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავნიშნოთო. მე მაგათ ვუთხარი, ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-მეთქი… მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში“, - ეს არის ფრაგმენტი ეპისკოპოსის წელიწადნახევრის წინანდელი ინტერვიუდან.

ბოდბეში ქადაგებისას ეპისკოპოსს არ უხსენებია, რომ მან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. უფრო ადრე კი გახაირიას დაემუქრა, თუ პრემიერი გახდებოდა, მთავრობას ეკლესიასთან დიდი პრობლემა შეექმნებოდა. მაგრამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოგვარდა ეს ძველი უთანხმოება.

"იქ მე ვთქვი, რომ ზოგადად ერთ ადამიანზე ვიყავი ცოტა ისე განწყობილი… მერე ჩემთვის ძალიან ახლობელმა ადამიანმა მთხოვა შერიგდითო, მე ქალი არ ვარ, რომ გავიბუტო, მაპატიონ ქალებმა, ხელი ჩამოართვით, გადაეხვიეთო, რა თქმა უნდა, არ გადავეხვიე, თუმცა ხელი ჩამოვართვი…” - ასე აღწერა სასულიერო პირმა ამ კონფლიქტის ამოწურვა.

ბოდბელ ეპისკოპოსთან მომხდარ დაპირისპირებაზე საჯაროდ მაშინ პასუხი მხოლოდ გიორგი გახარიამ გასცა.

„ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო... თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა”, - უპასუხა გიორგი გახარიამ მაღალი წოდების სასულიერო პირს.

გიორგი გახარია პრემიერობიდან 2021 წლის თებერვალში გადადგა, ნიკა მელიას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე. პოსტიდან წასვლის შემდეგ მან ერთადერთი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის პოლიტიკაში რჩება. IRI-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ გადამდგარი პრემიერ-მინისტრი საზოგადოების კეთილგანწყობით სარგებლობს. იგი, გამოკითხულთა 65%-ის სიმპათიით ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსების სიის სათავეში აღმოჩნდა.