საია 20 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების სახელით ევროსასამართლოს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, 2019 წლის ივნისში აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ამ საქმეებზე ორი სარჩელი გაიგზავნება, რომლებშიც საუბარია ძალის გადამეტებაზე ეფექტიანი გამოძიების არჩატარებაზე.

"საიას მიერ წარდგენილი საჩივრები წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს აქვს ადგილი. შედეგად, ნათელი ხდება, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დემონსტრაციების ეფექტიანი, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, მართვის პოლიტიკა", - ვკითხულობთ ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია განმარტავს:

  • დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა / დაზარალებულების არაეფექტიანი ჩართულობა: დღემდე, საიას დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირიდან 20 პირი დაზარალებულად არ არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი დასტურდება საგამოძიებო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი ვიდეო-მასალის, სამედიცინო დოკუმენტებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.
  • სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მოპოვების გაჭიანურება: გენერალურმა პროკურატურამ სამხარაულის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, 2019 წლის 02 ივლისს, და მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, პირადი შემოწმების გარეშე, დანიშნა. დღემდე საგამოძიებო ორგანო, საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაზარალებულად ცნობაზე უარს ასაბუთებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების არარსებობით. ხაზგასასმელია, რომ ექსპერტიზის დანიშვნიდან 21 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის პასუხები კი ამ დრომდე პროკურატურას მოპოვებული არ აქვს, რითიც მნიშვნელოვნად ჭიანურდება პროცესი.
  • საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა: გენერალურმა პროკურატურამ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო გონივრული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც, მათ შორის, მოთხოვნილი იყო საიას მიერ, და რომლებიც აუცილებელია მომჩივანთა დაზიანების გარემოებებისა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად.
  • ჩადენილ დანაშაულთა არასწორი კვალიფიკაცია: მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებით ჩადენილია არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა, რომელიც, თავისი არსით, უფრო სერიოზულია, ვიდრე სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დღემდე გამოძიება მხოლოდ 333-ე მუხლით მიმდინარეობს... გამოძიება არ მიმდინარეობს სსკ 154-ე მუხლით (ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა).
  • დამნაშავეთა დაუსჯელობა: როგორც სახალხო დამცველის 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედური ანგარიშიდან იკვეთება, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, თუმცა, დევნა დღემდე არ დაწყებულა.

2019 წლის 20 ივნისს სპონტანურად გამართულ აქციას, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა და პოლიციამ ღამით ძალის გამოყენებით დაშალა, რამდენიმეთვიანი უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

20-21 ივნისს აქციაზე 275 ადამიანი დაშავდა - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები. მათგან 28-ს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. დაშავებულთა უმეტესობას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს - პროკურატურამ დაზარალებულად ცნო შსს-ს 78 თანამშრომელი და მხოლოდ 7 სამოქალაქო პირი.

20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 3 სახეობის იარაღი გამოიყენეს - 12, 38 და 40 მმ კალიბრიანი თოფები, საიდანაც რეზინის ტყვიებსა და გაზის ჭურვებს ისროდნენ. დემონსტრანტებს ესროდნენ 5 სახეობის ტყვიას და ცრემლსადენი აირის ჭურვებს. საბოლოოდ, გამთენიისას, დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს.

ასევე ნახეთ: რადიო თავისუფლების სპეცპროექტი: 5 ამბავი - 20 ივნისს დაშავებულები