ერევნის სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ადვოკატების საკასაციო სარჩელი და გამოაცხადეს, რომ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დახურულია მისი არაკონსტიტუციურობის გამო.
ორი კვირის წინ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი კონსტიტუციური წყობის ჩამოგდების შესახებ, რომლის მიხედვითაც ჰქონდათ წაყენებული ბრალდებები ქოჩარიანსა და მის ორ ყოფილ ხელქვეითს. ამის შემდეგ ქოჩარიანის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს სარჩელით, შეწყვეტილიყო მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლის საქმე.
ქოჩარიანს, რომელიც 1998-2008 წლებში იყო სომხეთის პრეზიდენტი, და კიდევ ორ გადამდგარ გენერალს, იური ხაჩატუროვსა და სეირან აჰანანს, 2018 წელს წაუყენეს §კონსტიტუციური წყობის ჩამოგდების ბრალდება. ბრალდება უკავშირდება ერევანში 2008 წელს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს, როცა საპროტესტო გამოსვლებისას დაიღუპა რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი. 66 წლის ექს-პრეზიდენტი უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 2020 წლის ივნისში ქოჩარიანი 4,1 მილიონი დოლარი გირაოთი გამოუშვეს პატიმრობიდან.