ნიკა მელია: ვფიქრობ, სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას

ნიკა მელია

8 აპრილს დაიწყება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა. ამასთან, არის მოლოდინი, რომ შესაძლოა ამ პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაიხედოს. მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჯერ არ იცის, რა შუამდგომლობას დააყენებს პროკურატურა, თუმცა დაცვის მხარე ახალი მტკიცებულებებით აპირებს პროცესზე მისვლას. დააყენებს თუ არა პროკურატურა მელიას გათავისუფლების შუამდგომლობას? რადიო თავისუფლებას ამ კითხვაზე საგამოძიებო უწყებაში არ პასუხობენ.

მელიამ „მთავარი არხის" კითხვებს წერილობით უპასუხა.

„ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ გასულები ვართ სამართლებრივი სივრციდან და ქვეყანაში გვაქვს ველური დღის წესრიგი, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ოპონენტი უნდა დაჩაგროს, მათ შორის დაპატიმრების გზით. მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმის გამოც, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემთან ერთად მოუწევთ მაგიდასთან დაჯდომა, სადაც მექნება უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუ რატომ ამის ახსნას არ დავიწყებ. გარდა ამისა, ხელისუფლება არ მომცემს საშუალებას აქტიურად ჩავერთო 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში და ამ მიზნით შემოვიარო მთელი თბილისი და ყველა რაიონი", - მისწერა ნიკა მელიამ „მთავარ არხს".

ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნების გარეშე ქვეყანაში ვითარება უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება.

„არჩევნების გაყალბება რომ გვერდით გადავდოთ, ბოლო ხუთ თვეში დრამატულად გაუარესდა ადამიანების ყოფა, არანორმალურად გაძვირდა ყველაფერი და გაღარიბდა მოსახლეობა. ეს ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ დაწყევლილ ქვეყნაში ვცხოვრობთ, არამედ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს. ვადამდელი არჩევნები აკვიატება კი არ არის, უბრალოდ მის გარეშე ქვეყანაში შექმნილი კლიმატი ვერ შეიცვლება. შესაბამისად, ჩვენი პატივსაცემი უცხოელი მეგობრების ჩართულობით, პოლიტიკური კრიზისის დასრულების მცდელობა ვადამდელი არჩევნების გარეშე უდაბნოს მორწყვის ტოლფასია. მხოლოდ ცვლილებებს შეუძლია ღარიბი და კრიმინალური სახელმწიფო გადააქციოს პროგრესულ ქვეყანად, სადაც ადამიანებს ბედნიერად ცხოვრების საშუალება ექნებათ, - ამბობს მელია.

ნიკა მელია 23 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მის დაკავებას წინ უძღოდა პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა, რომელმაც პოსტის დატოვების მიზეზად მელიას დაკავებაზე გუნდში არსებული უთანხმოება დაასახელა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან "უსამართლო გირაოს" გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით, რაც სსასამართლომ დააკმაყოფილა. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო. მისი, როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში.