9 აპრილიდან 9 აპრილამდე

საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებლობა 30 წლისაა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომამ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა. ასე შეიძინა ორმაგი შინაარსი „9 აპრილმა“, რომელშიც გაერთიანდა როგორც 1989 წლის 9 აპრილის სისხლში ჩახშობილი თავდადება, ასევე 1991 წლის 9 აპრილის ტრიუმფალური გამარჯვება. მეტიც, ამ ორ „9 აპრილს“ შორის მომხდარმა მოვლენებმა დიდწილად განაპირობა საქართველოს ისტორიის მომდევნო 30 წლის ლოგიკაც: მოჯადოებულ წრეზე ტრიალი - ბრძოლა როგორც თავისუფლებისთვის, ასევე ერთმანეთთან შიდა დაპირისპირება.

პირველად იყო „სისხლიანი 9 აპრილი“...

ეთერ ყაველაშვილი, საქწიგნის ყოფილი თანამშრომელი, ორივე 9 აპრილის მონაწილეა: 1989 წლის 9 აპრილის ღამეს, მიტინგის დარბევისას, რუსი ჯარისკაცების მიერ გაშვებული გაზით მოიწამლა, ორი წლის შემდეგ კი, 1991 წლის 9 აპრილს, ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

ეთერი ყაველაშვილი

„30 წელია, ყოველ 9 აპრილს, გამთენიისას, 4 საათზე გავდივარ რუსთაველზე მთავრობის სახლთან, სადაც ეს უბედურება მოხდა. მერე ავდივარ მთაწმინდაზე, მერაბისა და ზვიადის საფლავებზე, მიმაქვს ყვაველები, ვანთებ სანთლებს და ვგრძნობ უდიდეს ბედნიერებას. ასწლეულებში კი არა, ათასწლეულებშიც კი იშვიათად ხდება, რომ გეძლევა შესაძლებლობა შენს სამშობლოს შესწირო თავი. ჩვენ ყველანი შეწირულები ვართ“, - ამბობს ეთერ ყაველაშვილი, რომელიც ასე იხსენებს 1989 წლის 9 აპრილის დილას: „ცხრის თხუთმეტ წუთამდე იქ ვიყავი... კავშირგაბმულობის შენობის ეზოდან რომ გამოვედი, წყლის ხმა გავიგონე. სისხლისგან რეცხავდნენ ასფალტს, ფეხმოტეხილი ბიჭი ჩავიყვანე მაშინდელ კოლმეურნეობის მოედანთან, ერთ ოჯახში მივაცილე... მაგრამ, დიდი ტრაგედიის მიუხედავად, 9 აპრილი მარტო გლოვის დღე არ არის, ბედნიერების დღეც არის, სამშობლოსათვის თავის შეწირვისა და სამშობლოს გადარჩენის დღეც არის“.

Your browser doesn’t support HTML5

ეთერ ყაველაშვილი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ

ცხადია, სხვაგვარად აღიქვა 9 აპრილი საბჭოთა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომლისთვისაც ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მიტინგის ორგანიზატორები „ექსტრემისტები და ანტისაზოგადოებრივი ელემენტები“ იყვნენ. გაზეთი „კომუნისტი“, საბჭოთა მთავრობის ოფიციალური ორგანო, იტყობინებოდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, გია ჭანტურიას, ირინა სარიშვილის, ირაკლი წერეთლის, ვანო ხუხუნაიშვილის დაპატიმრებას.

აპრილის ფოტოქრონიკა

„წარმოქმნილი არეულობის დროს დაიღუპა 16 კაცი, 200-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის 91-მა მოსამსახურემ, მათგან 20 ჰოსპიტალიზებულია, 4 - მძიმე მდგომარეობაში“, - წერდა 11 აპრილს გამოსული „კომუნისტი“.

მერაბ კოსტავა, ირაკლი ბათიაშვილი...

რამდენიმე დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა 16-დან 21-მდე გაიზარდა. რუსმა სამხედროებმა ასევე მოკლეს 26 წლის გია ქარსელაძე, რომელიც არ დაემორჩილა კანონის დარღვევით გამოცხადებულ კომენდანტის საათის წესებს.

რა მოხდა გამთენიისას?

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები მოსალოდნელი ძალადობის შესახებ გააფრთხილა.

"მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ, ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წახვიდეთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში", - ასე მიმართა ილია მეორემ აქციის მონაწილეებს, თუმცა მიტინგის ორგანიზატორები და მონაწილეები ადგილზე დარჩნენ, დილის 4 საათზე კი დაიწყო მიტინგის დარბევა. რუსთაველის გამზირი გადაკეტეს მაშინდელი ლენინის (თავისუფლების) მოედნიდან და ძერჟინსკის (ინგოროყვას) ქუჩიდან დაძრულმა ჯავშანტრანსპორტიორებმა.

9 აპრილის ღამე დეტალურად აქვს აღწერილი ეროვნული მოძრაობისა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჭავჭავაძეს:

„9 აპრილი. დილის 4 საათი სრულდება. რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ, ათასობით ადამიანს მოუყრია თავი. დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. ჰაერში, რომ იტყვიან, დენთის სუნი ტრიალებს. ლენინის მოედნის მხრიდან გვერდიგვერდ ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი მოიწევს. უკვე სრულიად ნათელი ხდება, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, დაუყოვნებლივ სამხედრო ძალის გამოყენებით დაშალოს მიტინგი. ეჭვი არაა, მანიფესტანტებს დაუნდობლად გაუსწორდებიან....

მთავრობის სახლის წინ ხალხის მასაში ცვივა ქიმიური იარაღის შემცველი ყუმბარები, ქვაფენილიდან დაახლოებით 1.5 მეტრის სიმაღლეზე დგება მტვრისმაგავრი ქიმიური ნივთიერების ბუღი, იწყება პანიკა. ორიოდე წუთიც და სპეცჯარები იერიშზე გადმოდიან. სოლისებურად წინ მოიწევენ და ხელკეტებს დაუზოგავად ურტყამენ გაბრუებულ დემონსტრანტებს, რომელთა უმრავლესობა ქალებია.

ზურაბ ჭავჭავაძე

მწყობრი წინ მოიწევს და ქიმიური იარაღით გაბრუებულ და გაუგონარი ცემა-ტყეპით დაზაფრულ ხალხს მოერეკება, თან გაქცევის საშუალებას არ აძლევს, ხალხი ერთმანეთს აწყდება, წუთიც და – რამდენიმე ათეულ კაცთან ერთად პარაპეტიდან იმ ორმოში ვვარდები, მთავრობის სახლის მთელ სიგრძეზე დეკორატიული ბუჩქები რომ იზრდება. თავზე გვაცვივა ოტებულ ადამიანთა ახალ-ახალი ტალღები. ენით აუწერელი გნიასი დგას. უმრავლესობა გოგონები და ქალებია.

სპეცჯარის ერთი ასეული დემონსტრანტთა რიგებს არღვევს და ალყას გვარტყამს ორმოში ჩაცვენილებს. ისინი მიჯრით დგებიან პარაპეტზე ჩვენს გევრდით, ხელკეტებს და წიხლებს გვირტყამენ და ორმოდან ამოსვლის საშუალებას არ გვაძლევენ.

ხსნა არსაიდან ჩანს და აქ, ჩემთვის მოულოდნელად, მოულოდნელად, რადგან ჩემი ცხოვრება საპირისპიროს მოწმე ვარ, განწირულთ მხსენლად მოგვევლინა ხუთი ქართველი მილიციელი! ორი მათგანი რიგითი იყო, სამნი, ვგონებ, ზემდეგები, ისინი მთავრობის სახლის მხრიდან შემოვიდნენ, სამნი ჯარისკაცებსა და ჩვენს შორის ჩადგნენ და აწიოკებული ხალხის ამოყვანა დაიწყეს. ორმა ქანდაკებასა და ჯარისკაცებს შორის დერეფანი შექმნა და ორმოდან ამოყვანილების გატარება დაიწყო უსაფრთხო ადგილისკენ. რამდენიმე წუთში ამ მილიციელებსაც ისევე დაერევიან, როგორც ხალხს...

9 აპრილს დაღუპულები...

ორმო ნელ-ნელა ცარიელდება. მე და მერაბიც ამოვდივართ პარაპეტზე. მთავრობის სახლის გასწვრივ, კედელ-კედელ, პირველი საშუალო სკოლის მიმართულებით მიმავალ ხალხს ვუერთდებით. ჯარისკაცებმა ჩვენი მხსნელი მილიციელები გადაჯეგეს და ახლა ჩვენკენ მორბიან.. სულ უკან მე ვარ, ჩემს წინ მერაბია. ორიოდე მეტრიღა რჩება ქუჩამდე. „დაუჩქარეთ“ – ვყვირი და მერაბს მთელი ძალით ვაწვები. ჯარისკაცები გვეწევიან და ხელკეტებს მიშენენ. თავს ხელებით ვიფარავ და ვიხრები. დარტყმები ძირითადად ზურგზე და ფეხებზე მხვდება. ორიოდე ნაბიჯიც და ქუჩაზე ვიქნებით. ამ დროს მარჯვენა გვერდში ძლიერ დარტყმას ვიღებ, თითქმის მაშინვე თავში. ვგონებ, შევყვირე. ვიღაც ტრიალდება, ენერგიული მოძრაობით იგერიებს ჯარისკაცს და ქუჩაზე ჩამოხტომაში მეხმარება, რადგან იმ წუთას თითქმის ვეღარაფერს ვხედავ. ჩვენმა მდევრებმა მთავრობის სახლის წინა ტერიტორია რაკიღა დაიკავეს, ჩანს, ახალი ბრძანების მოლოდინში წუთით შეჩერდნენ. ჩამოხეულ – ჩამოფლეთილი და დასისხლიანებული ხალხი ზემელის მიმართულებით გარბის. ფიზიკური ტრავმებისა და განსაკუთრებით ქიმიური გაზის ზემოქმედების გამო გვარიანად გაბრუებული ვარ. ლაღიძის წყლებთან როგორ მივაღწიე, არ ვიცი. ჰაერი მომწამლავი აირითაა გაჟღენთილი, სუნთქვა ჭირს, წყურვილი მახრჩობს. დამსჯელი რაზმების კოლონა რუსთაველის გამზირის მთელ სიგანეზე ჩვენკენ მოიწევს. ოციოდე დემონსტრანტთან ერთად ლაღიძის წყლების ეზოში შევრბივარ..” (გაზეთი „ივერია“, 1989 წ., 18 აპრილი)

9 აპრილამდე რამდენიმე დღით ადრე

მწერალი და ჟურნალისტი ლელა კოდალაშვილი 1989 წელს აბიტურიენტი იყო და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა, თუმცა ასევე ჩართული იყო როგორც აპრილის აქციებში, ისე ეროვნული მოძრაობის სხვა აქტივობებში, თანამშრომლობდა მერაბ კოსტავას ჟურნალ „საქართველოსთან“, რომლისთვის საჭირო ტექსტებსაც შინ კრებდა მერაბ კოსტავას საბეჭდ მანქანაზე.

ლელა კოდალაშვილი

1989 წლის აპრილის აქციები თბილისში 4 აპრილს დაიწყო 18 მარტს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში გამართული იმ შეკრების პასუხად, რომელზეც მიიღეს მიმართვა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის სახელზე და მოითხოვეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამოყოფა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისგან, ოღონდ საბჭოთა კავშირის ფარგლებში.

4 აპრილს თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებდნენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებს და ლიხნის შეკრების ორგანიზატორების დასჯას მოითხოვდნენ. საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, კომპარტიის ცკ-ს პირველმა მდივანმა, ჯუმბერ პატიაშვილმა მართლაც გაათავისუფლა თანამდებობიდან კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა, რომელიც ასევე აწერდა ხელს ლიხნის მიმართვის ტექსტს, მაგრამ ამასობაში თბილისში მიმდინარე აქციაზე აფხაზეთის საკითხმა უკან გადაიწია, მთავარ მოთხოვნად კი იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

როგორც ლელა კოდალაშვილი იხსენებს, 8 აპრილს, საღამოს, ადრიანად მივიდა მთავრობის სახლის (პარლამენტის შენობის) წინ და მეგობრებთან ერთად კიბეებზე ჩამოჯდა:

ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, 1989 წ.

„დამინახა მერაბ კოსტავამ და მისთვის დამახასიათებელი ფორმით მომმართა: „რა უნდა ამ ქალბატონს, ისევ აქ არის? წავიდეს, „ისკრაზე“ იმუშაოს“. ისკრას ეძახდა ჩვენს არალეგალურ გამოცემას. ვუთხარი, მალე წავალ-მეთქი, თუმცა არ წავსულვარ... არც „ნაცნობი მილიციელის“ რჩევას დავუჯერე და არ წავედი სახლში. წარმოდგენის დონეზეც კი არ დამიშვია, რომ რამე შეიძლებოდა მომხდარიყო. საერთო აზრი იყო შეუპოვარი, უკან არდამხევი და ეს იყო გადამდები... როცა დაიწყო დარბევა, აღმოვჩნდი მხატვრის სახლთან. მოვყევი პირველ ნაკადში, რომელიც შეაბურთავეს შენობაში, ზედა სართულზე. ვიწვალე და მივაღწიე ფანჯრებამდე, რათა დამენახა რა ხდებოდა. არსებობს მითი, რომ ლიდერები გაიპარნენ, ხალხი შეატოვეს და ა.შ., რაც ტყუილია, იმიტომ რომ ვხედავდი მერაბს, ზვიადს, გიას, რომლებიც პერიოდულად ექცეოდნენ თვალთახედვის არეში. მახსოვს გინება, კივილი, აყალმაყალი, დაპირისპირება. გვქონდა განცდა, რომ შენობაშიც შემოვარდებოდნენ და დაგვარბევდნენ... როცა ყველაფერი ჩაცხრა, დავინახეთ, რომ ვიღაც ეგდო ქუჩაში. „სასწრაფო დახმარების“ მანქანა იკვლევდა გზას. რამდენიმე ადგილას ასფალტი იყო სისხლიანი და გაჩერებულ საბრძოლო ჯავშან-მანქანაზე ზემოდან ისხდნენ შეიარაღებული ჯარისკაცები“.

შეცვლილი საქართველო

9 აპრილის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ სცადა იერიშის მიტანა მთელ ეროვნულ მოძრაობაზე. დააპატიმრეს მოძრაობის ლიდერები, გამოაცხადეს კომენდანტის საათი, მმართველი კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა კი, რომელიც 11 აპრილს შეიკრიბა, ძალაუფლების განსამტკიცებლად ასეთი გეგმა შეიმუშავა:

ჯუმბერ პატიაშვილი

„უნდა გავააქტიუროთ ბრძოლა ექსტრემისტულად განწყობილ პირებთან, მოპიკეტეებთან, მოხულიგნო ელემენტებთან, რომლებიც თავიანთი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით ცდილობენ დაარღვიონ საწარმოთა და ორგანიზაციათა, ტრანსპორტისა და ვაჭრობის დაწესებულებათა მუშაობა. ზოგჯერ აშინებენ მოსახლეობას, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს. ამ პირთა საქმიანობა უნდა აღიკვეთოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მათ მკაცრად უნდა აგებინონ პასუხი“.

მაგრამ სწორედ 1989 წლის 9 აპრილმა გამოააშკარავა, რომ ზღვარი გადალახული იყო, რომ საბჭოთა კავშირი დამარცხდა თითოეული მოქალაქის თვალში, რომ კომუნისტურ პარტიას თითქმის სრულად გამოეცალა დასაყრდენი.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ასათიანმა, 9 აპრილი დიდგორის ბრძოლას შეადარა:

„9 აპრილს მივხვდი, როგორ გადიოდნენ ქართველები საბრძოლველად ძველ დროში, რისთვის სწირავდნენ თავს: ქვეყნისთვის, სარწმუნოებისთვის... ეს თრგუნავს და აქრობს შიშს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ბუნებრივია, განელდა სიხარული, მაგრამ ეს იყო გამარჯვება მტერზე. წარმოუდგენელი იქნებოდა დიდგორის ომში წასულისთვის რომ გეკითხა საყვედურით, რამ წაგიყვანა, ხომ იცოდი, რომ დაიღუპებოდიო“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია 1989 წელს თბილისის I სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა, ფაქტობრივად, მისი სკოლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებში. როგორც თვითონ ამბობს, დარბევის ღამეს მოედანზე არ ყოფილა, მაგარამ კარგად ახსოვს 9 აპრილის დილა:

ნინო დანელია

„დილას ქუჩაში რომ გამოვედი, აბაკელიას ქუჩიდან მაშინდელ ათარბეგოვის ქაჩუზე, აკადემიასთან იდგა ჯავშანტრანსპორტიორი, რუსთაველზეც იდგნენ, ავტომობილების მოძრაობა აკრძალული იყო. მახსოვს ადამიანები, რომლებიც იყვნენ შავი ლენტებითა და სამკლაურებით. ყველას ჰქონდა ძალიან ტრაგიკული სახე და ამით ვცნობდით ერთმანეთს, ვესალმებოდით და ვუსამძიმრებდით... დღის ბოლოს შინ რომ დავბრუნდით, ტაქსის მძღოლმა ფული არ გამოგვართვა. მთელი ქვეყანა, დიდი თუ პატარა, ჩართული იყო ამ ამბავში და ყველას ძალიან უნდოდა თავისუფლება“.

საბჭოთა ხელისუფლებამ და კომუნისტურმა პარტიამ უკან დაიხიეს. 14 აპრილს გამართულმა ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა, რომელსაც მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოსული საკავშირო კომპარტიის ცკ-ს პოლიტბიუროს წევრები ედუარდ შევარდნაძე და გიორგი რაზუმოვსკი ესწრებოდნენ, დააკმაყოფილა ჯუმბერ პატიაშვილის განცხადება საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თანამდებობები დატოვეს მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეებმა. პლენუმის გადაწყვეტილებით, ჯუმბერ პატიაშვილი შეცვალა 44 წლის გივი გუმბარიძემ, რომელიც მანამდე საქართველოს უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

გივი გუმბარიძე და ნოდარ ჭითანავა - საბჭოთა საქართველოს ბოლო ხელმძღვანელობა

18 აპრილის 17.00 საათიდან გაუქმდა „კომენდანტის საათი“ - რუს სამხედროებსა და თბილისელებს შორის წარმოებული ფარული ომის მიზეზი. მალევე საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა ეროვნული მოძრაობის ლიდერები. 1989 წლის 26 მაისს საქართველომ არნახული მასშტაბით აღნიშნა „26 მაისი“ - დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე: დემონსტრანტებმა გაავსეს არა მხოლოდ თბილისის, არამედ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქალაქის ქუჩები და მოედნები. საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოთხოვნამ გაიჟღერა როგორც მიტინგებზე გამომსვლელთა სიტყვებში, ასევე ოფიციალურ, საბჭოთა პრესასა და ტელევიზიაში. გამოქვეყნდა როგორც დამოუკიდებლობის აქტი, ასევე 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომელიც უხეშად დაარღვია რუსეთის მხარემ.

1989 წლის 26 მაისი

როგორი ერთიანი იყო საქართველო დამუკიდებლობის მოთხოვნაში, კარგად ჩანს მერაბ კოსტავას მიერ 1989 წელს წარმოთქმული სიტყვიდან:

დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი, ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების, ფიქრობს მხოლოდ ერთზე - საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა! საქართველო ღირსია სრული თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა! მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად ვაქცევთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!”

მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. 1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მოხდა ავტოკატასტროფა, რომელშიც ადგილზე დაიღუპა მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე კი, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო, 2 თვის შემდეგ, 21 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

მერაბ კოსტავას ხსოვნას...

1989 წლის 24 დეკემბერს, სსრკ სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი გივი გუმბარიძე, რომლის სიტყვამაც კი ყველასთვის ნათელი გახდა, თუ რა გზას ადგა საქართველო. გუმბარიძემ ჯერ ახსენა გეორგიევსკის ტრაქტატი და რუსეთის თვითმპყრობელობის იმპერიული პოლიტიკა, რომელმაც საუკუნეზე მეტი ხნით მოუსპო ქართველ ერს სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი, შემდეგ გაიხსენა 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, რამაც შელახა არა მხოლოდ ქართველი, არამედ რუსი ხალხისა და სხვა ხალხების ღირსებაცო.

გივი გუმბარიძე და ილია II

„თუ გვინდა სრული ნდობა მოვიპოვოთ, ისტორიის ფაქტები კი არ უნდა მივჩქმალოთ, არამედ ბოლომდე წარმოვაჩინოთ“, - თქვა გივი გუმბარიძემ.

ცხადი იყო, რომ გუმბარიძე ფორმალურად ითვლებოდა საქართველოს პირველ პირად, პოლიტიკურ პროცესებს სრულად მართავდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები.

რა პროცესი იყო ეს?

„პროცესი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ადრე იქნება თუ გვიან, დამთავრდება ერთი შედეგით - საბჭოთა ხალხების სრული თავისუფლებით“, - დაწერა რუსთაველის საზოგადოების მაშინდელმა თავმჯდომარემ, აკაკი ბაქრაძემ, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, -

აკაკი ბაქრაძე

- დაწერა რუსთაველის საზოგადოების მაშინდელმა თავმჯდომარემ, აკაკი ბაქრაძემ, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, „რა მაძლევს ამის თქმის უფლებას? უპირველესად ის მოვლენები, რომლებიც ხდება ბალტიისპირეთში, მოლდავეთში, ამიერკავკასიაში, თვითონ რუსეთში. მალევე ამგვარი მოვლენები გაჩნდება შუა აზიაში, უკრაინაში, ბელორუსიაში. აღორძინებულ ეროვნულ მოძრაობას ვერარა ძალა ვეღარ შეაჩერებს. შეიძლება მითხრათ, მიმართავენ ისევ სამხედრო ძალას, როგორც ჩვენთან, და ძალით მოსპობენ ყოველგვარ მოძრაობასო. არ უარვყოფ, მაგრამ რამდენ ხანს? ვერავითარ პოლიტიკურ სისტემას სამხედრო ძალა დიდხანს ვერ აარსებებს. როცა ხალხი აღარ უცხადებს ხელისუფლებას ნდობას, ამ ხელისუფლებას ვეღარაფერი გადაარჩენს”.

ვერც გადაარჩინა!

კომუნისტური პარტია უკან იხევს

92 წლის ნოდარ ნათაძე, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ 1953 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სტალინი გარდაიცვალა, დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირი დიდხანს ვერ გაძლებდა, მალე დაიშლებოდა და საქართველო მოიპოვებდა თავისუფლებას, 80-იანი წლების ბოლოს კი, მისივე თქმით, ამის ვერდანახვა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.

ნოდარ ნათაძე

მართლაც, საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ 1990 წლის გაზაფხულზე აიძულა კომუნისტური ხელისუფლება მიეღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კერძოდ, 1990 წლის 9 მარტის დადგენილებაში საქართველოს სსრ-ის უზენაესმა საბჭომ ჩაწერა, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება წარმოადგენდა ინტერვენციას და ოკუპაციას არსებული წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - ანექსიას.

Your browser doesn’t support HTML5

ნოდარ ნათაძე დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ

„საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოსთვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებასა და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული საქართველოს უფლებების აღდგენას“, - ვკითხულობთ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილებაში, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დამუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნას შეიცავს.

1990 წლის 20 მარტს საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება ასევე დათანხმდა უზენაესი საბჭოს არჩევნების გადატანასაც.

ზვიად ძიძიგური

25 მარტს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში უნდა გამართულიყო უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელშიც, როგორც წინა 70 წლის განმავლობაში ხდებოდა ხოლმე, მონაწილეობა უნდა მიეღო მხოლოდ ერთ - კომუნისტურ - პარტიას, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, კომუნისტური ხელისუფლების ავტორიტეტის დაცემამ და ხალხის მხარდაჭერით გაძლიერებულმა ეროვნულმა მოძრაობამ აიძულა საბჭოთა საქართველოს მთავრობა შეეცვალა გეგმები: საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები 25 მარტიდან გადატანილი იქნა 1990 წლის 28 ოქტომბრისთვის. ეროვნული მოძრაობა მხოლოდ თარიღის შეცვლას არ დასჯერდა. დაიწყო საპროტესტო გამოსვლები საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით. ზვიად ძიძიგურმა და წმინდა ილია მართლის საზოგადოების სხვა წევრებმა სამტრედიაში რამდენიმე დღით გადაკეტეს რკინიგზა მოთხოვნით: „დამტკიცდეს დემოკრატიული საარჩევნო კანონი!“

საბჭოთა ხელისუფლებამ აქაც უკან დაიხია და დადგენილებაში ჩაწერა: „საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების კანონის პროექტს საფუძვლად დაედოს მრავალპარტიული არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით“.

საარჩევნო კამპანია თბილისში

„1990 წლის 25 მარტს დანიშნული ერთპარტიული არჩევნები ანტიდემოკრატიულ პრინციპებს ემყარებოდა და ვერ გახდებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი, სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ ამ არჩევნებს ბოიკოტი, მაგრამ, როდესაც „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ძალისხმევისა და აქციების მეოხებით მიიღეს არჩევნების ახალი კანონი, შესაძლებელი გახდა გამართულიყო თავისუფალი, მრავალპარტიული და არა საბჭოური არჩევნები“, - განაცხადა ზვიად გამსახურდიამ ამერიკელ ჟურნალისტ ედმუნდ სტივენსისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 1990 წლის 7 დეკემბერს გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა.

ორად გახლეჩილი ეროვნული მოძრაობა

28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 14-მა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა გამოთქვა, მათ შორის იყო რუსთაველის საზოგადოება, რომლის წერილი „არჩევნების და არადანის გამო“ გაზეთმა „ახალგაზრდა ივერიელმა“ 30 აგვისტოს ნომერში დაბეჭდა.

„საქართველოში პირველად უნდა გაიმართოს მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს არა რომელიმე პარტიამ, არამედ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ! ეს გამარჯვება ნიშნავს უზენაესი საბჭოს გარდაქმნას ჭეშმარიტ პარლამენტად და საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის რეალურ არგუმენტს. ვინ არის საქართველოს ეროვნული მოძრაობის მეტოქე მომავალ არჩევნებში - რუსთაველის საზოგადოება? სახალხო ფრონტი? მრგვალი მაგიდა? მწვანეები? დასი? არც ერთი! საქართველოს ეროვნული მოძრაობის მეტოქე მომავალ არჩევნებში არის კომუნისტური პარტია, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ზნეობრივ, ეროვნულ კრახამდე. არჩევნებში კომუნისტური პარტიის დასამარცხებლად აუცილებელია მთელი ეროვნული მოძრაობის გაერთიანება, სრული კონსოლიდაცია. არჩევნების დღეს ერთმანეთის პირისპირ უნდა დარჩეს ორად ორი ბლოკი - კომუნისტური პარტია და ეროვნული მოძრაობა“.

თუმცა, წერილის ავტორის შეგონების მიუხედავად, ეროვნული მოძრაობა ვერც არჩევნებამდე გაერთიანდა და ვერც არჩევნების შემდეგ.

გია ჭანტურია ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი ლიდერი

ეროვნულ მოძრაობაში ჩართულმა პარტიებმა, რომლებმაც 1990 წლის მარტში გამართულ კონფერენციაზე საკოორდინაციო საბჭოს შექმნა სცადეს, ვერ შეძლეს პოზიციების შეჯერება. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს სსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლისათვის. სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საქართველოს კოლონიად გამოცხადებას და საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“, - ასეთი იყო მათი ლოზუნგი.

პარტიების პირველმა ნაწილმა უზენაესი საბჭოს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მეორე ნაწილმა კი ეროვნული კონგრესი აირჩია.

საქართველოს ეროვნული კონგრესის არჩევნები 1990 წლის 30 სექტემბერს, 1 და 14 ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 1 მლნ 505 ათასმა ადამიანმა.

ეროვნული დამოუკიდებლობის პრტიის გაზეთი "ჰოროლი". 1990 წ. ბოიკოტი საბჭოთა არჩევნებს

საქართველოს ეროვნული კონგრესის პირველი სხდომა 1990 წლის 26 ოქტომბერს მოსწავლეთა სასახლის ისტორიულ შენობაში შეიკრიბა. სხდომის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ირაკლი წერეთელი. სიტყვით გამოვიდნენ: გიორგი ჭანტურია, ვაჟა მთავრიშვილი, მერაბ მამარდაშვილი, გოგი სიხარულიძე, ნოე გელაშვილი, ირაკლი წერეთელი, ლაშა თაბუკაშვილი, გურამ გოგბაიძე, ვახუშტი კოტეტიშვილი და სხვ.

ირაკლი წერეთელი, ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე

„ეროვნულმა კონგრესმა უნდა გამოაცხადოს, რომ საქართველო არის ოკუპირებული, ანექსირებული, აგრესიის ქვეშ მყოფი კოლონიური ქვეყანა და ამ განცხადების საფუძველზე უნდა იბრძოლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ოფიციალურ დონეზე საქართველოს დეოკუპაციის, დეკოლონიზაციისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხის დასმისა და დადებითად გადაწყვეტისათვის“, - ითქვა ეროვნული კონგრესის პირველ სხდომაზე.

„არ გაუმართავთ არავითარი ნამდვილი არჩევნები. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რომლებშიც საქათველოს მოსახლეობის 2 %-საც არ მიუღია მონაწილეობა“, - ასე შეაფასა ზვიად გამსახურდიამ ეროვნული კონგრესის არჩევნები. - „თვითმარქვია ეროვნული კონგრესი არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს და, მით უმეტეს, არ არის „ხელისუფლების სტრუქტურა“.

გია ნოდია

კონგრესი თუ უზენაესი საბჭო? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა ფილოსოფოსმა გია ნოდიამ, რომელმაც გაზეთ "ბილისში" გამოქვეყნებულ სტატიაში „სამართლებრივი ფეტიშიზმი და ეროვნული მოძრაობა“გამოთქვა მოსაზრება, რომ კანონიერად არჩეულ უზენაეს საბჭოს აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოს ნომინალური სუვერენიტეტის რეალურად ქცევისათვის იბრძოლოს:

„დღეს, როცა არც თოფი გვაქვს და არც საერთაშორისო პოლიტიკური აღიარება, ეს არის ერთადერთი რეალური საშუალება ამ ბრძოლაში. უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა კი არ არის „ოკუპანტთან თანამშრომლობა“ - პირიქით, საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას ის უწყობს ხელს, ვინც ამ ერთადერთი რეალური საშუალების გამოყენების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის“.

28 ოქტომბერი - პირველი მრავალპარტიული არჩევნები

ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე, როგორც საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ წევრი, აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების დროს.

„სულ გვქონდა აზრად, რომ ოდესმე გათენდება დღე, როცა საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი. ეს დღე ჩემთვის გათენდა, როცა 28 ოქტომბრის არჩევნებში გავიმარჯვეთ და კომუნისტური, ერთპარტიული დიქტატურა უსისხლოდ დავამარცხეთ. არავინ ელოდა ამას“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ბიმურზა აფრასიძე და იქვე დასძენს, რომ არჩევნების ტექნიკური შედეგები არც მისთვის და არც ზვიად გამსახურდიასთვის მოულოდნელი არ ყოფილა ერთი მიზეზის გამო:

Your browser doesn’t support HTML5

ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ

„სოციოლოგი ვარ. არჩევნების წინ სოციოლოგიური კვლევის შედეგები მივუტანე ბატონ ზვიადს და ვუთხარი, ვიგებთ ამ არჩევნებს-მეთქი. მკითხა, ცდომილება რამდენიაო. მაქსიმუმ 2-3 % - მეთქი. დაფიქრდა. როგორც ჩანს, ეგონა, რომ უმრავლესობას ვერ მოვიპოვებდით, მაგრამ უმცირესობითაც კი გავატანინებდით მთავრობას ყველა იმ საკითხს, რაც საქართველოს სჭირდებოდა, როგორც ეს მოახერა 1990 წლის 19 აგვისტოს, როცა გუმბარიძის კომუნისტური ხელისუფლება აიძულა ქუჩაში 100-ათასიანი მიტინგით, ეღიარებინა, რომ 1921 წლის 25 თებერვალს მოხდა საქართველოს ანექსია. ფაქტობრივად, კომუნისტურ ხელისუფლებას გამოაცხადებინა თვითლიკვიდაცია და დაანიშნინა მრავალპარტიული არჩევნები. ფიქრობდა, რომ ახლაც ასე იქნებოდა. კომუნისტებს აიძულებდა გადაედგათ საჭირო ნაბიჯები და ამის შემდეგ მოვიდოდა ხელისუფლებაში ეროვნული ძალები. გამოკვლევა სექტემბერში ჩავატარე. ამ შედეგების გაცნობის შემდეგ ითქვა, მოდი, ვიმუშაოთ კონსტიტუციური უმრავლესობის, ანუ მანდატების 2/3-ის, მიღებაზეო. მოკლედ შეიცვალა ჩვენი გეგმა და გადავედით გეგმა „ბ“-ზე“.

გეგმა „ბ“ ზედმიწევნით კარგად შესრულდა: ეროვნულმა მოძრაობამ კომუნისტებზე თითქმის ორჯერ მეტი ხმა მიიღო და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

გურამ პეტრიაშვილი, 1990 წ.

„ეს იყო არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი, ერისა და ქვეყნის აწმყოსა და მომავლის განმსაზღვრელი მოვლენა...”- ასე შეაფასა მწერალმა გურამ პეტრიაშვილმა არჩევნების შედეგები სტატიაში „პატარა სადღეგრძელო“. - „დაე, იყოს 28 ოქტომბერი კიდევ ერთი დიდი საბუთი იმისა, რომ ბრძენია ქართველი ერი. ბრძენია გულით და ესაა მთავარი სიბრძნე, რადგან ჭკუა კი არა, გულია ნამდვილად ბრძენი. ის გაიმარჯვებს და ერსაც გაამარჯვებინებს, ის შეძლებს სამშობლოს გათავისუფლებას“.

Your browser doesn’t support HTML5

გურამ პეტრიაშვილი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ

ნოდარ ნათაძე, სახალხო ფრონტი: „ზღაპარივით გვეჩვენება, რომ გვყავს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ყოფნა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებითია და ამას რაც შეიძლება მალე უნდა დაესვას წერტილი“.

1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია 14 ნოემბერს 10.00 საათზე გაიხსნა.

„70 წლის განმავლობაში პირველად ერის ბედის გადასაწყვეტად შეიკრიბნენ ერის მიერვე არჩეული და მისი ნდობით აღჭურვილი ადამიანები. უმაღლესი საკრებულო დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც საქართველოს უზენაეს საბჭოს გადასცა „ბიბლია“ და იერუსალიმიდან ჩამოტანილი და უფლის საფლავზე ნაკურთხი ამაღლების ხატი. ერთხმად იქნა არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ბატონი ზვიად გამსახურდია“, - წერდა 15 ნოემბერს გამოსული ქართული პრესა.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები პრესაში

ზვიად გამასახურდიამ პირველივე გამოსვლაში ილაპარაკა უზენაესი საბჭოს ძირითად ამოცანებზე, განმარტა, რომ არჩევნებში გამარჯვებული ეროვნული მოძრაობა უმალვე არ გამოაცხადებდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას:

„ჩვენდამი ოპოზიციურად დაპირისპირებული ბანაკიდან გაისმის მოწოდება, რომ თითქოს ჩვენ საქართველო დაუყოვნებლივ უნდა გამოვაცხადოთ კოლონიურ ქვეყნად, ხოლო ჩვენი თავი - კოლონიური თვითმმართველობის ორგანოდ, რაც არ მიგვაჩნია მართებულად, ვინაიდან მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს კოლონიური სტატუსის ქვეყანა, სადაც ჩატარებულიყოს თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები და ეს ქვეყანა ამის შემდეგაც კოლონიად დარჩენილიყოს... საქართველო აღარ არის კოლონია, მაგრამ არც დამოუკიდებელი სახელმწიფოა ჯერჯერობით. ეროვნული ხელისუფლება კი იმის გამო ავირჩიეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ანექსიის შედეგების ლიკვიდაცია და აღდგეს დამოუკიდებლობა“.

ზვიად გამსახურდია პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველ სხდომაზე

ზვიად გამსახურდიას მიმართვის ადრესატები ეროვნულ კონგრესში შემავალი პარტიები იყვნენ. თავის მხრივ, ასევე პრესაში გამოაქვეყნა წერილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ და ეროვნული კონგრესის წევრმა, გიორგი ჭანტურიამ, რომელიც ამბობდა, რომ კონგრესი თვითმიზნურად არ დაუპირისპირდებოდა უზენაეს საბჭოს და რომ დაპირისპირება მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი საბჭო დააპირებდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას; მოახდენდა „დამოუკიდებლობის“ დეკლარირებას (რათა კრემლის საპასუხო ნაბიჯებით გამართლებულიყო საკუთარი წარუმატებლობა); განახორციელებდა ტერორს, რეპრესიებს, დაუპირისპირდებოდა ეროვნულ კონგრესს, მთელ ეროვნულ მოძრაობას; არ იბრძოლებდა დეოკუპაციისათვის; განახორციელებდა ანტიდემოკრატიულ კურსს; დაუპირისპირდებოდა საქართველოს, ქართველი ერის ინტერესებს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 14 ნოემბერსვე ერთხმად მიიღო კანონი გამოცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახით აღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის გზით იქნა წართმეული.

31 მარტის რეფერენდუმი

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ შეკრებიდან პირველივე დღეებში განცხადებით მიმართა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს, და აცნობა, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკა უარს ამბობდა კრემლის შეთავაზებაზე, შეერთებოდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

„გამომდინარე ჩამოყალიბებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სტრუქტურებიდან, საქართველოს რესპუბლიკა ფაქტობრივად რჩება სსრ კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ აღნიშნული სტრუქტურების რეორგანიზაციის გზით ესწრაფვის სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას... ასეთი მიდგომა არ ნიშნავს უარის თქმას ეკონომიკურ, მეცნიერულ-ტექნიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში ამა თუ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმაზე, რომელთა უმრავლესობასთანაც საქართველოს კავშირი აქვს საუკუნეების განმავლობაში და დღესაც ნაყოფიერად თანამშრომლობს. ცხადია, რომ ახალ პოლიტიკურ პირობებში ეს თანამშრომლობა უნდა ეყრდნობოდეს თვისებრივად ახალ სამართლებრივ ბაზისს, რომელიც ითვალისწინებს სრულ თანასწორუფლებიანობასა და ურთიერთსარგებლიანობას“, - ვკითხულობთ მიხეილ გორბაჩოვისათვის გაგზავნილ წერილში.

მიხეილ გორბაჩოვი

22 ნოემბრის დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გააუქმა ყველა საბჭოთა დღესასწაული და შემოიღო ახალი უქმე დღეები (გიორგობა, მარიამობა, აღდგომა და ა.შ.), რომელთა შორის იყო ასევე 26 მაისი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

თუმცა ეროვნულ მოძრაობაში გაჩენილი ბზარი კიდევ უფრო გაღრმავდა 1991 წელს. 23 თებერვალს „კინოს სახლთან“ გამართულ მიტინგზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები უკვე სკანდირებდნენ: „ჩა-უ-შეს-კუ! ჩა-უ-შეს-კუ!

გიორგი ჭანტურია იმასაც ამბობდა, რომ საქართველოში მიმდინარეობდა ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური, მორალური და ფიზიკური განადგურების პროცესი, რის დასტურადაც ასახელებდა დაპატიმრებულ 76 კაცს, რომელთაგან, მისი თქმით,ზოგი „საქართველოს მხედრიონის,“ ზოგი კი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრემლთან, საოკუპაციო ჯართან და საქართველოს უზენაეს საბჭოსთან ბრძოლა ერთი და იგივეა. ჩვენი მიზანია უზენაესი საბჭოს კომპრომეტაცია ხალხის თვალში. უნდა დაინიშნოს ხელმეორე არჩევნები, რომელშიც ჩვენ, შეურიგებელი ოპოზიცია, ისევ არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მხარს დავუჭერთ ყველა პატიოსან ეროვნულ ძალას”, - ამბობდა საქართველოს ეროვნული კონგრესისი ერთ-ერთი ლიდერი საკუთარი პარტიისა და გაერთიანების გეგმებზე საუბრისას (“7 დღე”, 1991 წ., თებერვალი).

საქართველოს ეროვნულ კონგრესში შემავალ პარტიებს მონაწილეობა არ მიუღიათ 31 მარტის რეფერენდუმში, რომლის ჩატარება და სარეფერენდუმო კომისიის მოვალეობის შესრულება დაევალა საარჩევნო კოსიას.

„თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“- ასეთი იყო სარეფერენდუმო შეკითხვა.

სარეფერენდუმო ბიულეტენი

„ყველა ჩვენგანის ხმა 31 მარტს შეიძლება ის ერთადერთი იყოს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოს - საქართველოს - ბედს“, - განაცხადა ზვიად გამსახურდიამ ჯავახეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე. - „თუ იქნება დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო, სოციალურად დაცული იქნება ჩვენი მრავალეროვანი ოჯახის თითოეული წევრი, დაცული იქნებიან ჩვენი ოჯახები, შვილები, შვილიშვილები“.

ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე, რომელიც რეფერენდუმის მომზადებისას უზენაესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რეფერენდუმით წინასწარ განისაზღვრა ისეთი ფუნდამენტის ჩადება საქართველოს დამოუკიდებლობის საძირკველში, რომელსაც ვერავინ მოშლიდა.

„მოგეხსენებათ, რეფერენდუმის შედეგებს ვერაფერი აუქმებს რეფერენდუმის გარდაო“, - ამბობს ის.

ნოდარ ნათაძეც მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ რეფერენდუმის ჩატარებით ზვიად გამსახურდიამ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო.

„რატომ ვლაპარაკობ ამაზე ჭოჭმანის გარეშე? იმიტომ, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში რომ ვიყავი, შევარდნაძის პოლიტიკას რომ ვუყურებდი, ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ რეფერენდუმი რომ არ წასძღოლოდა წინ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, შევარდნაძე გარისკავდა და შეგვაერთებდა რუსეთთან. მხოლოდ და მხოლოდ რეფერენდუმმა შეაჩერა იგი, რეფერენდუმმა დაგვიცვა“.

„31 მარტი... მოუთმენლად ელოდა ამ დღეს საქართველო, თავისუფლებისმოყვარე და სამშობლოს ბედზე დაფიქრებული ყველა ადამიანი. ალბათ, ამიტომ იყო, დილიდანვე რომ მიაშურეს მოქალაქეებმა საარჩევნო უბნებს და კეთილსინდისიერად მოიხადეს მამულიშვილური ვალი“, - წერდა 1991 წლის 1 აპრილს გამოსული გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. - „დილის 7 საათზე, როცა თბილისის საბურთალოს რაიონის საარჩევნო ოლქის 23-ე უბნის კომისიის წარმომადგენლები დანიშნულების ადგილას მივიდნენ, საარჩევნო უბნის კართან პირველი მოქალაქე უკვე ელოდათ: იგი აღმოჩნდა... 101 წლის ლიტველი კაცი. ეს მხცოვანი ადამიანი ჩქარობდა, სხვაზე ადრე მინდა გამოვხატო ჩემი ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულებაო. ასეც მოხდა: სწორედ იგი იყო ამ უბანზე პირველი, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა“.

დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გაშუქება პრესაში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას სულ, ჯამში, 3 მლნ 295,5 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა, უფრო ზუსტად, ამდენმა ამომრჩეველმა უპასუხა „დიახ“ სარეფერენდუმოდ გამოტანილ შეკითხვას.

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები 4 აპრილს შეაჯამა, შედეგები კი 5 აპრილს გამოქვეყნდა პრესაში. ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ დაადგინა:

  • საქართველოს რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3 მლნ 672 ათას 403.
  • რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,5 %-მა.
  • სარეფერენდუმო კითხვას დადებითად [„დიახ”] უპასუხა 99,08%-მა.
  • სარეფერენდუმოდ გამოტანილ კითხვას უარყოფითად ["არა"] უპასუხა 0,51 %-მა.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,3 %-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,7 %-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,8 %-ს.

ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11 376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10 180-მა ამომრჩეველმა.

რიჩარდ ნიქსონი თბილისში. 1990 წლის 31 მარტი

30 წლის წინ, რეფერენდუმის დღეს, თბილისში იმყოფებოდა აშშ-ის 37-ე პრეზიდენტი, 78 წლის რიჩარდ ნიქსონი, რომლის ნათქვამი სიტყვები გაიხსენა რეფერენდუმის შედეგებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე საქართველოს უზანაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ასათიანმა:

„ვიმედოვნებ, მოვესწრები იმ დღეს, როცა კიდევ ერთხელ ჩამოვალ საქართველოში, მაგრამ უკვე თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში“.

თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყოფნისას რიჩარდ ნიქსონს ისიც კი უთქვამს, უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობასო.

როგორ გვიცავს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი?

31 მარტის რეფერენდუმის იურიდიულ ძალასა და მნიშვნელობაზე რადიო თავისუფლება ესაუბრა ვახტანგ ხმალაძეს, რომელიც 1991 წელს ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, თუმცა 31 მარტის რეფერენდუმამდე ორი კვირით ადრე, 17 მარტს, ასევე გაიმართა საკავშირო რეფერენდუმი, რომელმაც მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. რა არგუმენტებით გადაწონა საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგებმა 17 მარტის შედეგები?

„საქართველოს უზენაესმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ მიეღო მონაწილეობა ამ რეფერენდუმში", - ამბობს ვახტანგ ხმალაძე, - "თუმცა ეს რეფერენდუმი გაიმართა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ნაწილში, მაგრამ შედეგები ამ ტერიტორიებზე გამართული რეფერენდუმისა იყო მეტად უღიმღამო, რადგან მონაწილეთა რაოდენობაც იყო მცირე და, შესაბამისად, საბოლოო შედეგები არ გამოვიდა ისეთი, როგორიც უნდოდათ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მსურველებს. საქართველოს უზენაესმა საბჭომ უარი თქვა ამ რეფერენდუმის შედეგების აღიარებაზე. თუნდაც მაშინდელი სსრკ-ს კონსტიტუციიდან გამომდინარე, სადაც ეწერა, რომ მოკავშირე რესპუბლიკას უფლება აქვს გავიდეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, აღარ აძლევდა შესაძლებლობას საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ რამე ძალისმიერი ზომები მიეღო საქართველოს წინააღმდეგ მისი ასეთი ქცევისთვის“.

ვახტანგ ხმალაძე

ვახტანგ ხმალაძის თქმით, რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ რეფერენდუმით, თუმცა საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს ტერიტორიის შეცვლა ასევე შეიძლება საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელიც რატიფიცირებული იქნება კვალიფიციური, ანუ მაღალი უმრავლესობით.

"ამისათვის რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელი არ არის. ჯერ იღებს გადაწყვეტილებას მთავრობა, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა ¾ - ის უმრავლესობით, რაც ძალიან მაღალი უმრავლესობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არ არის აბსოლუტურად დამაჯერებელი არგუმენტები, მაშინ საკითხი ვერ გავა პარლამენტში“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

1991 წლის 9 აპრილი. დილა

1991 წლის 9 აპრილს დილით გამოსული ქართული გაზეთები ძირითადად ორი წლის წინ მომხდარი სისხლიანი მოვლენების შესახებ წერდნენ, რომ 1989 წლის 9 აპრილს „არნახულმა ძალადობამ და სისასტიკემ შეძრა, აამბოხა კომფორმიზმის ბანგით გაყუჩებული, მთვლემარე ქართული სული და ამ საბედისწერო დღიდან საქართველოს შეეყარა სენი, რომელიც ვერავითარი რეცეპტით და წამლით ვერ განიკურნება...“

თბილისი. 1991 წლის 9 აპრილი პრესაში

1989 წლის 9 აპრილს ეძღვნებოდა სტატიები, მოგონებები, პატრიოტული სულისკვეთების ლექსები, ფოტორეპორტაჟები და ა.შ. არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს დღე - 1991 წლის 9 აპრილი - სულ მალე იქცეოდა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღად. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი საბჭოს ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებული მცირე, ერთწინადადებიანი ცნობა, რომ 1991 წლის 9 აპრილს 11 საათზე დანიშნულია პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომა, მკითხველს ამგვარი ვარაუდის საფუძველს არ აძლევდა.

ცნობა საგანგებო სესიის მოწვევის თაობაზე. 1991 წ. 9 აპრილი

ირაკლი მელაშვილიც, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მოწერისას 25 წლის იყო, იხსენებს, თუ როგორი იდუმალება ახლდა მის ნაჩქარევ დაბრუნებას სამშობლოში 9 აპრილისათვის დანიშნულ საგანგებო სხდომაზე.

„ვილნიუსში ვიყავი და ძლივს ჩამოვუსწარი. 7-ში დამირკეს, მითხრეს, 9-ში თბილისში უნდა იყოო, მაგრამ არ უთქვამთ, რის გამო... თუმცა კი ვხვდებოდი, 31 მარტის რეფერენდუმის შემდეგ რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი. მოსკოვში მომიწია ჩასვლა, გადამყიდველებში ბილეთების შოვნა“, - იხსენებს ირაკლი მელაშვილი, რომელიც, მისივე თქმით, აქტიურად თანამშრომლობდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაწინაურებულ ბალტიელ მეგობრებთან. - „2-3 აპრილს გავემგზავრე ვილნიუსში. 31 მარტის რეფერენდუმით ღია განაცხადი გავაკეთეთ. ყველა ხვდებოდა, რომ საქართველომ უკან დასახევი გზა მოიჭრა, ამიტომ გვჭირდებოდა ბალტიელი მეგობრების როგორც რჩევები, ასევე მხარდაჭერაც“.

ირაკლი მელაშვილი

ირაკლი მელაშვილის თქმით, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბჭოთა ხელისუფლება გადადგამდა გარკვეულ დესტრუქციულ ნაბიჯებს. ამ დროისთვის ცხინვალის რეგიონში უკვე დაწყებული იყო კონფლიქტი, რომელიც დღითი დღე იკრებდა ძალას. ასევე არსებობდა „აფეთქებების“ სხვაგან მოწყობის საფრთხეც, ამიტომ საჭირო იყო სასწრაფოდ ისეთი სიგნალის გაგზავნა, რომელიც ყველას აჩვენებდა, რომ საქართველო არანაირი პირობით არ დათანხმდებოდა საბჭოთა კავშირში დარჩენაზე.

ლიტვამ, რომლის დამოუკიდებლობა (1990 წლის 11 მარტი) ერთ წელს ითვლიდა, პირველმა მიულოცა საქართველოს უზენაეს საბჭოსა და ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენა. 9 აპრილსვე, ლიტვის პარლამენტის საღამოს სხდომაზე, ლიტვის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ვიტაუტას ლანდსბერგისმა წაიკითხა ქართველი კოლეგისათვის გაგზავნილი დეპეშის ტექსტი:

ვიტაუტას ლანდსბერგისი

„ვულოცავთ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული მნიშვნელობის აქტს. პირდაპირი გზა, ალბათ, ძნელი იქნება, მაგრამ ეს არის ღირსების გზა. ლიტვა ხარობს თქვენი გადაწყვეტილებით“.

ხარობდა მთელი საქართველო...

დამოუკიდებლობის გამოცხადება

1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომის დაწყების წინ, შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. დღის წესრიგის მთავარ საკითხზე მოხსენების გასაკეთებლად ტრიბუნასთან მივიდა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდია:

„პატივცემულო დეპუტატებო! პატივცემულო სტუმრებო! პატივცემულო საზოგადოება! დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ჩვენი ერის, ჩვენი რესპუბლიკის მომავალ ბედზე, მის იურიდიულ სამართლებრივ სტატუსზე. ჩვენ უნდა შევაჯამოთ ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით და გადავწყვიტოთ, თუ რა გზას დავადგეთ დღევანდელ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაპოვარი...“

1991 წლის 9 აპრილი. უზენაესი საბჭოს საგანგებო სესია

ზვიად გამსახურდიამ საათზე მეტი ილაპარაკა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიულ და იურიდიულ ასპექტებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიისა და მისი სახელმწიფოებრიობის გაუქმების შესახებ, წაიკითხა 31 მარტს ჩატარებული „დამოუკიდებლობის რეფერენდუმის“ შედეგები და სიტყვის ბოლოს განაცხადა:

„ყოველივე ზემოთ თქმულიდან მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რათა საქართველომ დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში... სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“

ზვიად გამსახურდია

ზვიად გამსახურდიას სიტყვას მოჰყვა ხანგრძლივი, 6 წუთიანი უწყვეტი აპლოდისმენტები და ოვაციები („საქართველო! საქართველო!“), რის შემდეგაც გაიმართა რეგლამენტით გათვალისწინებული კამათი აქტის პროექტის ტექსტთან დაკავშირებით - სიტყვით გამოვიდნენ ნოდარ ნათაძე, მზექალა შანიძე, ლევან ალექსიძე. მცირე სარედაქციო ცვლილებების შეტანის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ერთსულოვნად იქნა მიღებული საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ. კვლავ გაისმა ტაშის ხმა, რომელიც აღდგენილი ეროვნული ჰიმნის, „დიდების“, ჰანგებმა გადაფარა.

ილიას ასრულებული ოცნება

„საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა...“, - ეს არის საქართველოს დამუკიდებლობის აღდგენის აქტის პირველი აბზაცი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

„1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული, საქართველოს უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება“, - ვკითხულობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში, რომლის იურიდიულ გამართულობასა და საერთაშორისო სამართალთან ჰარმონიზებაზე აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ იზრუნა.

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება. თბილისი, მთავრობის სასახლე. 1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი“, - ასეთია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ბოლო აბზაცი, რომელსაც მოსდევს საქართველოს უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრთა ხელმოწერები. პირველი ხელმოწერა ზვიად გამსახურდიასია, შემდეგ მოდის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ასათიანის, ხელმოწერა, თუმცა, როგორც ნემო ბურჭულაძე იხსენებს, გამოცხადების დროს (აცხადებდა უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი ჰამლეტ ჭიპაშვილი) აკაკი ასათიანი დარბაზში არ იმყოფებოდა, რის გამოც, გამსახურდიას შემდეგ მან (უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ) მოაწერა ხელი, მაგრამ ასათიანისთვის ადგილი დატოვა.

ნემო ბურჭულაძე

„ჩემი ხელმოწერა არის ყველაზე დიდი, რადგან ძალიან ვნერვიულობდი, ვერ ვაკონტროლებდი ემოციას. ძალიან ამაღელვებელი იყო... ილია ჭავჭავაძე ვერ მოესწრო დამოუკიდებლობას და შენ, არავის, ჩვეულებრივ თბილისელ ბიჭს თუ კაცს, მოგიწია ამაზე ხელის მოწერა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემოქმედი გახდი. ყველა ძალიან აღელვებული იყო, იმდენად, რომ ზოგიერთის ხელმოწერა კარგად არ იკითხება. ხელი უკანკალებდათ. მართლა დაუჯერებელია. თითოეული ხელმოწერა ილიას ასრულებული ოცნებაა!“ - ამბობს ნემო ბურჭულაძე.

აკაკი ასათიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერის დროს, მართალია, პარალმენტის შენობაში იმყოფებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ღამე ჰქონდა გათენებული, მცირე ხნით სამუშაო კაბინეტში შესულს ჩაეძინა.

აკაკი ასათიანი

„გამთენიისას, 2-3 საათზე, პარლამენტის წინ, 9 აპრილის ადგილზე, შემხვდა ირაკლი წერეთელი. სვეტიცხოველში წასვლა გადავწყვიტეთ. გზაში ვუთხარი, იქნებ შემოხვიდეთ, თუ ვინმეს ეკუთვნის ხელის მოწერა, ერთ-ერთი პირველი შენ ხარ, არადა ისეთი ხალხი აწერს ხელს, საქართველოს დამოუკიდებლობაზე საერთოდ რომ არ უფიქრიათ-მეთქი. არც წერეთლის ხელმოწერაა, არც ჭანტურიასი... ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული. მცხეთიდან დილით დავბრუნდით. ღამენათევს მცირე ხნით ჩამეძინა, თურმე ერთი ამბავია ზევით. შემოვარდა თანაშემწე, ბატონო აკაკი, სად ხართო. ხელი რომ მოვაწერე, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვალი მოვიხადე, ჩემი ბაბუების და სხვა წინაპრების წინაშე, ვინც მიტინგებზე იდგა, ათობით და ასობით ათასი ადამიანის წინაშე, ვინც ხელი ვერ მოაწერა ფიზიკურად, მაგრამ თავისუფლება ჰქონდათ არჩეული, 9 აპრილის გმირების წინაშე“.

რატომ „9 აპრილი“?

აკაკი ასათიანი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების თარიღის შერჩევასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა ზვიად გამსახურდიასთან:

„ვკითხე, იქნებ 26 მაისს დავამთხვიოთ, რომ გაორმაგება არ მოხდეს-მეთქი. მითხრა, რაც მერე საჯაროდაც გაიმეორა: სხვა რით შეგვიძლია პატივი ვცეთ 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნასო, მარტო ამით, ამ დღეს დაიღუპნენ დამოუკიდებლობისთვის და ამ დღეს გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობაო. მე არგუმენტი აღარ მქონდა“.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერეს ქართველმა კომუნისტებმაც, რომლებიც 250-ადგილიან უზენაეს საბჭოში 64 მანდატს ფლობდნენ.

„კომუნისტები ერთმანეთს ასწრებდნენ და დიდი ასოებით აწერდნენ ხელს“, - ღიმილით იხსენებს 1991 წლის 9 აპრილს რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი, რომელიც პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში მიღებული მხარდაჭერის შედეგად გახდა.

Your browser doesn’t support HTML5

დავით ბერძენიშვილი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ

„ხელს ვაწერდი არა მხოლოდ ბათუმელების სახელით, არამედ ყველა იმ ქართველი პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც 1921 წლიდან მოყოლებული ყოველთივს ავსებდნენ საპატიმროებს და არც ერთი წელი, თვე, დღე, წუთი, წამი არ ყოფილა 70 წლის განმავლობაში, როცა ვინმე მაინც არ ყოფილიყო საქართველოს დამოუკიდებლობის იდეით შეპყრობილი; ვინც შემოგვინახა და გადმოგვაბარა ჩვენ ეს იდეა - ყველა მათგანის სახელითაც. მახსოვს, ძალიან ნელა ვაწერდი ხელს, გვარიც ხომ გრძელია, და მქონდა განცდა, რომ ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდით. მაგრამ ასევე არ მტოვებდა ფიქრი, შევძლებთ კი ვიყოთ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის ღირსი? 30 წელი გავიდა და მე არ მაქვს განცდა, რომ ჩემი მთავარი ხელმოწერის დარი რამე შევძელი ქართულ პოლიტიკაში და არც სხვა ვინმე მეგულება ისეთი, ვინც იმ ხელმოწერის დარი შექმნა ქართულ პოლიტიკაში“.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. როგორც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე, იხსენებს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე რუსთაველის გამზირი მოზეიმე ხალხით გაივსო:

1991 წლის 9 აპრილი. ხალხი ზეიმობის დამუკიდებლობის გამოცხადებას

„გვიანი ღამით დავბრუნდი უზენაეს საბჭოში. შენობაში თითქმის არავინ იყო, დაცვა და რამდენიმე თანამშრომელი. ფანჯრიდან გადმოვხედე რუსთაველს. სავსე იყო. არც თავი ჩანდა და არც ბოლო - მთელი საქართველო ქუჩაში იდგა. ნამდვილი სახალხო ზეიმი იყო, რომელსაც არ ჰყავდა ორგანიზატორი. წრეები ჰქონდათ გაკეთებული და ცეკვავდნენ. ჩავედი დაბლა და ცენტრალური გასასვლელიდან გავედი რუსთაველზე. ატყდა ხმაური, ხელში ამიტაცეს და ერთ-ერთი წრეში შემიყვანეს, სადაც სხვებთან ერთად ვიცეკვე და ვიზეიმე“.

1991 წლის 9 აპრილის შემდეგ...

ცეკვა და ზეიმი მალე სადაგმა, პრობლემებით სავსე დღეებმა შეცვალა. „9 აპრილმა“ უკიდურესად გააღიზიანა მოსკოვი, რომელსაც მანამდე არაერთი მცდელობა ჰქონდა საქართველოსთან ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებისა. უკან დასახევი გზის მოჭრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას სულ უფრო და უფრო მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური სახის პრობლემა შეექმნა. გამოცდის წინაშე დადგა არ მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მთელი პოლიტიკური კლასი, რომლის საიმედოობაში, როგორც დავით ბერძენიშვილი ამბობს, იმთავითვე შეიძლებოდა ეჭვის შეტანა:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვა მსოფლიო ხალხს

„დამოუკიდებლობის მესაძირკვლეები გამოვდიოდით, სიგნატორები ვიყავით, დამოუკიდებლობას ვაცხადებდით და ვინც ვაცხადებდით, არც „მრგვალები“ და, მით უმეტეს, არც „წითლები“, არ მეიმედებოდნენ, რომ გაუძლებდნენ ამ დიდ გამოწვევას, და არც საკუთარი პატარა ოპოზიციური ჯგუფი, საკუთარი თავის ჩათვლით, არ მეიმედებოდა... ყოველ მომდევნო კრიტიკულ პერიოდში, საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, როცა ვდგებოდით არჩევანის წინაშე, ხშირად ეს არჩევანი იყო ცუდსა და უარესს შორის, თითქმის არ ყოფილა არჩევანი არა უშავს და კარგს შორის, კარგსა და უკეთესს შორის“.

1990 წელს ეროვნულ მოძრაობაში გაჩენილი ბზარი კიდევ უფრო გაღრმავდა 1991 წლის 9 აპრილის შემდეგ. ეროვნულ კონგრესში შემავალი პარტიებისა და მმართველი „მრგვალი მაგიდის“ დაპირისპირებამ მწვავე ხასიათი მიიღო. თუ კონგრესის წევრები „კრემლთან, საოკუპაციო ჯართან და საქართველოს უზენაეს საბჭოსთან ბრძოლას“ ერთმანეთთან აიგივებდნენ და ხალხის თვალში უზენაესი საბჭოს კომპრომეტაციას ისახავდნენ მიზნად, 28 ოქტომბრის ხელისუფლება, როგორც აკაკი ბაქრაძე შენიშნავდა, მანიპულირებადი მედიუმის საშუალებით ებრძოდა ქართული საზოგადოების მისგან ათვალწუნებულ ნაწილს. „ერის მოღალატის“, „კრემლის აგენტის“, „სუკის ჯაშუშის“ იარლიყით აშინებდა და აფრთხობდა ოპოზიციას“ (აკაკი ბაქრაძე, „სისხლიანი ანეკდოტი“, 1992 წ.).

კიდევ უფრო მძიმე ვითარება შეიქმნა 1991 წლის 18-21 აგვისტოს ე.წ. ГКЧП-ს (საგანგებო ვითარების სახელმწიფო კომიტეტი) პუტჩის შემდეგ. მართალია გადატრიალება, რომლის მიზანი იყო დაშლის პირას მისული საბჭოთა კავშირის შენარჩუნება და ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, არ შედგა, მაგრამ გამოიწვია განხეთქილება საქართველოს ხელისუფლებაში. საქმე ისაა, რომ ГКЧП-ს N1 დადგენილების II მუხლი მოითხოვდა „ხელისუფლებისა და მმართველობის იმ სტრუქტურების, გასამხედროებული ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლას, რომელთა ქმედებაც ეწინააღმდეგება სსრკ კონსტიტუციას და კანონებს“.

ГКЧП-ს წევრები: საბჭოთა კავშირის შს მინისტრი ბორის პუგო, ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი, თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მადგილე ოლეგ ბაკლანოვი. 1991 წ. 19 აგვისტო

2019 წელს რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში ისტორიკოსმა დიმიტრი შველიძემ თქვა, რომ სწორედ ამ პუნქტის შესრულებას მოითხოვდა გე-კა-ჩე-პეს მიერ საგანგებოდ მოსკოვიდან თბილისში მოვლენილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი ჟურავლიოვი.

“მწვავე საუბარი ჰქონდა გამსახურდიას. უბრძანეს, დაეშალა ეროვნული გვარდია და ა.შ. ეს 19 აგვიტოს ხდება და იმავე დღეს გამოქვეყნდა ბრძანება გვარდიის გაუქმების შესახებ. ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ან კომპრომისი, ან მორჩილება“, - დიმიტრი შველიძის თქმით, 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, გვარდიას მიენიჭა „განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგანაყოფის“ სტატუსი და გაუქმდა გვარდიის სარდლის თანამდებობა. პასუხად გადადგა პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა, ეროვნული გვარდიის ნაწილი, თენგიზ კიტოვანის მეთაურობით კი, თვითნებურად გავიდა რკონის ხეობაში და ხელისუფლება მოსკოვის მორჩილებაში დაადანაშაულა.

დიმიტრი შველიძე

რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ირინა სარიშვილის, ხმის ჩანაწერი:

„ყველანაირად ჩანდა, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება მიდიოდა გე-კა-ჩე-პესთან დათმობაზე. და ამან გამოიწვია შემდგომ განხეთქილება გვარდიაში და განხეთქილება „მრგვალ მაგიდასთან“ და შეიარაღებული დაპირისპირება ერთმანეთთან“.

ირინა სარიშვილი

ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება თვისებრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა 2 სექტემბერს კინოს სახლთან დატრიალებულმა მოვლენებმა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ კინოს სახლთან მიტინგის ჩატარების მცდელობას მომიტინგეებს, გამვლელებსა და სპეციალური ორგანოების წარმომადგენლებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

„სამწუხაროდ, სპეცნაწილმა საბედისწერო ნაბიჯი გადადგა: მომიტინგეთა მოგერიებისა და გაფანტვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ადამიანები, მათ შორის ქალები და ბავშვები, უმისამართოდ გარბოდნენ, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი“, - წერდა 17 სექტემბერს გამოსული გაზეთი „ქართველი ერი“.

1991 წ. 2 სექტემბერი. დაპირისპირება კინოს სახლთან

პოლიციის ოპერატიული ინფორმაციით, მიტინგის ორგანიზატორები აპირებდნენ მთავრობის სახლის წინ მისვლას და ხელისუფლების მხარდამჭერთა კარვების აღებას. მოგვიანებით დაიწყო ტელევიზიის შენობის პიკეტირება. შეწყდა ტელეგადაცემები...

არანაკლებ დაძაბული აღმოჩნდა 3 სექტემბერი. „ზემელზე“ დაწყებული მიტინგი რუსთაველის გამზირზე გამართულ მანიფესტაციაში გადაიზარდა. ხალხში გავრცელდა თენგიზ კიტოვანის განცხადება, რომელიც, გვარდიის სახელით, გმობდა სპეცნაწილის მოქმედებას და გვარდიას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მანიფესტანტები მთავრობის სასახლემდე ვერ მივიდნენ. მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ავტობუსებით იყო ჩახერგილი.

ჯაბა იოსელიანი

11 სექტემბერს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდა 27 პოლიტიკური პარტია, რომლებიც ზვიად გამსახურდიას გადადგომას მოითხოვნენ. „მრგვალ მაგიდას“ გამოეყო ჯგუფი „ქარტია - 91“.

16 სექტემბერს დააკავეს ედპ-ის ლიდერი გიორგი ჭანტურია, რომელიც თბილისიდან მოსკოვში მიფრინავდა. დააპატიმრეს „მხედრიონის“ ლიდერი ჯაბა იოსელიანი. 21 სექტემბერს მოხდა კიდევ ერთი დაპირისპირება, თუმცა ვერც 2, ვერც 3 და ვერც 21 სექტემბერი ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც 21 დეკემბერს დაიწყო.

„უზენაეს საბჭოში რომ გვერდით კაცი მეჯდა, იმას ვიფიქრებდი, რომ ტყვიას მესროდა? ამას ვერ ვიფიქრებდი!“ - ამბობს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, გურამ პეტრიაშვილი. - „პუტჩისტებს რომ არ ჩაედინათ ის, რაც ჩაიდინეს, საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა. როგორ გვეგონა, რომ წინ წავიდოდით“.

ედუარდ შევარდნაძე და ლეონიდ ბრეჟნევი, 1977 წ.

საქართველოს წინსვლა მნიშვნელოვნად შეაფერხა სახელმწიფო გადატრიალებამ, კანონიერი ხელისუფლების დამხობამ, რასაც შეიარაღებული ფორმირებების უკონტროლო თარეში და ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი მოჰყვა. საქართველოში დაბრუნდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და საქართველოს კომპარტიის ყოფილი პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც არც საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და არც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი.

ცნობა საქართველოს დსთ-ში შესვლის თაობაზე. 1992 წლის 9 დეკემებრი

1993 წელს საქართველო შევიდა СНГ- ში (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა), სადაც 2009 წლამდე დარჩა. 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილის ოკუპაცია, რომელზეც ე.წ. სამშვიდობო ძალებითა და სეპარატისტული მთავრობების მხარდაჭერით, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ახორციელებდა ფაქტობრივ კონტროლს, თუმცა ვერც საბჭოთა კავშირმა და ვერც მისმა მემკვიდრემ, რუსეთის ფედერაციამ, ვერაფერი მოუხერხა 30 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის შთაბერილ მეორე სუნთქვას. საქართველოს ხალხი კვლავ სუვერენულ უფლებათა მატარებელია, საქართველო კვლავ სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა!