დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ აპრილში აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას. ის შესაძლოა ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრას.
„იცით, რომ დეკემბერში გადავიტანე კორონავირუსი. აპრილის ბოლოს მომიწევს [აცრის გაკეთება] და აუცილებლაად ავიცრები", - აღნიშნა გამყრელიძემ და შეკითხვას, რომელი ვაქცინით აიცრებით? ასე უპასუხა: „დამიტოვეთ ეს საიდუმლოდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმით არ ავიცრები, რომ სალაპარაკო გავხდე მერე. შეიძლება, ავიცრა სწორედ ჩინური ვაქცინით".
საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინა მას შემდეგ შეიძინა, რაც იგი აღიარა ევროკავშირის წევრი უნგრეთის მარეგულირებელმა სამსახურმა.
საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. მისი გამოყენება დაიწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ. გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინებს.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 4 აპრილის ჩათვლით, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით აიცრა 11 603 ადამიანი.