IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა 39% COVID-19-ზე აცრას  არ აპირებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 39 %, ამბობს, რომ არ აიცრებოდა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. კითხვაზე, რა იქნებოდა თქვენი გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ, მხოლოდ 20 % აღნიშნავს, რომ მაშინვე აიცრებოდა, როგორც კი ეს მისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. გამოკითხულთა 24% კი ამბობს, რომ მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩაიტარებს ვაქცინაციას.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნაწილი, კერძოდ, 6% მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცრებოდა, თუ ამას დამსაქმებელი მოითხოვდა ან კანონი აიძულებდა. გამოკითხულთა 12%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

მეთოდოლოგია

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM-ის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.