თურქეთში დააპატიმრეს 10 გადამდგარი ადმირალი. მანამდე მათ ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც ხაზგასმულია თურქეთის უსაფრთხოებისთვის მონტროს კონვენციის მნიშვნელობა, რაც შავი ზღვის მილიტარიზაციის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება 5 აპრილს.
კიდევ ოთხი ეჭვმიტანილი გამოიძახეს ანკარის პოლიციაში, იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.
ღია წერილი, რომელსაც სამხედრო-საზღვაო ძალების 104-მა ყოფილმა მაღალი რანგის პირმა მოაწერა ხელი, დაგმო თურქეთის ხელისუფლებამ, რომელმაც მასში დაინახა სამხედროების მხრიდან სამოქალაქო მთავრობის პირდაპირი გამოწვევა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა თქვა, რომ წერილს ასვია სამხედრო შეთქმულების დაღი, რომლის მიზანია მთავრობის ჩამოგდება.
პროკურატურამ 4 აპრილს საქმე აღძრა გადამდგარი ადმირალების წინააღმდეგ. ისინი ეჭვმიტანილი არიან „შეთანხმებაში სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად“, იტყობინება ტელეკომპანია NTV.
მათ ბრალი ედებათ „ძალის გამოყენებაში კონსტიტუციური წყობის მოსაშლელად“.
გასულ თვეში თურქეთმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დიდი არხის მშენებლობას შავი ზღვის მარმარილოს ზღვასთან დასაკავშირებლად. თურქეთის ხელისუფლების თქმით, არხს არ შეეხება მონტროს კონვენცია.
ადმირალები აცხადებენ, რომ თურქეთმა თავი უნდა აარიდოს „ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რამაც შესაძლოა მონტროს კონვენციის“ თაობაზე დისკუსია წარმოშვას. მათი თქმით, ეს კონვენცია „თურქეთის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა“.