საპატრიარქო მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურებიდან განკვეთას გეგმავს, ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. მისი თქმით, დღეს, 2 აპრილს შედგა მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა, რომელზე მიწვეულ ანდრია სარიასაც განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები განკვეთას ექვემდებარება:
„იცით, რომ მამა ანდრია სარიას ადრე მიეცა შენიშვნა. შემდგომში მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, რა ქცევების გამოც მას შეუჩერდა მღვდელმსახურება, დღეს შედგა კომისია. მას განემარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომ მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას“, - უთხრა ჟურნალისტებს ანდრია ჯაღმაიძემ. მისი განმარტებით, კომისიის დასკვნა რეაგირებისთვის პატრიარქს გადაეცემა. „გადაწყვეტილებას კომისია ვერ მიიღებს, პატრიარქმა უნდა მიიღოს“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ. თავად ანდრია სარიამ კი ჟურნალისტებთან იმედი გამოთქვა, რომ კონსენსუსი შესაძლებელია:
„არ იყო იქ ძალიან დაძაბული განწყობა. იყო ბოლო ნაწილში განმარტებები ორივე მხრიდან გაუგებარი. ჩემი მხრიდან მათთვისაც მიუღებელი იყო და მათი არგუმენტები ჩემთვისაც ცოტათი შეუწყნარებელი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რაღაც კონსენსუსამდე მივალთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ანდრია სარიამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს აეკრძალა.
20 იანვრით დათარიღებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოს დებულებების, ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოსა და პატრიარქის ბრძანებით გაფრთხილების მიუხედავად, მღვდელმონაზონი ანდრია (სარია) კვლავ აგრძელებს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებებით შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.