წამყვანი ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის შეთავზებულ წინადადებებს და აცხადებენ, რომ ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით.
"სასწორზე დევს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები"- წერია დოკუმენტში.
„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება. გარდა ამისა, უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა და უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი მოლაპარაკების ჩაშლაზე, ვიდრე ისინი არ მოახდენენ კომპრომისათვის რეალური მზაობის დემონსტრირებას საკუთარი მოქალაქეებისა და თავისი ქვეყნის მომავლის ინტერსებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია ერთობლივი განცხადების პროექტში*, რომელსაც რადიო თავისუფლებას ევროპარლამენტის ინფორმირებული წყაროს მეშვეობით გაეცნო.
წყაროს თანახმად, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინასო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომებრში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორ საქართველოს მმართველ ძალას, ისე დისკუსიაში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში.
"ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ საქართველოს პოლიტიკური ლიდერებით, იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა გასულ სამშაბათს, მიუხედავად ევროკავშირის მიერ გატარებული უდიდესი ძალისხმევისა, რათა დასრულდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი. დისკუსიებში მონაწილე მმართველ და ძირითად ოპოზიციურ პარტიებზე გადის ბრალი ასეთ შედეგზე და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დანიელსონის დაუღალავ მუშაობას და მივესალმებით მის მიერ პოლიტიკურ პარტიებისთვის შეთავაზებული წინადადების გამოქვეყნებას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა.
აუცილებელია პოლიტიკური პარტიებს შორის ნდობის აღდგენა. ამ წინადადების შინაარსი საქართველოსთვის ნამდვილად სწორი გზაა: საარჩევნო და სასამართლო ამბიციური რეფორმები, პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი განაწილება საქართველოს პარლამენტში და, რაც მთავარია, გამოსავალი სამომავლო არჩევნებისთვის და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ შემთხვევაში. ეს გამოსავალი პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ჟან-მონეს დიალოგის პროცესის იდეას"- წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქრთველოსათვის კარგად ცნობილი შვიდი ევროპარლამენტარი:
დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;
ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით
სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში
მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში
პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.
გარდა ამ განცხადებისა, საქართველოს შესახებ 19 აპრილს იმსჯელებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები.
30 მარტს, ცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალური წინადადება შესთავაზა.
კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს, და საკითხის გადაჭრის ვადებს.
პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
მომავალი არჩევნები;
მხარეებმა თითქმის 7 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
* განცხადება უკვე გამოქვეყნდა ევროპარლამენტის საიტზე. განცხადების საბოლოო ტექსტში აღარ არის მოწოდება უმაღლესი დონის შეხვედრების შეზღუდვაზე, დარჩენილია ფინანსური დახმარების შეჩერების მოთხოვნა.