„საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სახიფათოა“ — კრემლის სპიკერი

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი ესწრება ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურ პრესკონფერენციას. 17 დეკემბერი, 2020

საქართველოში წასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის სახიფათოა - აცახდებს კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი თბილისში ცნობილი რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის პროტესტთან დაკავშირებით.

„იქ წასვლა უბრალოდ სახიფათოა და ეს მოქალაქეებს კარგად უნდა ესმოდეთ“, - ამბობს პესკოვი და აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ექსტრემისტულად განწყობილი ნაციონალისტები უწოდა.

ამასთან, დმიტრი პესკოვი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დემონსტრანტები გააკრიტიკა. პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი მადლობელია ქართველი პოლიციელებისა, რომელთაც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვეს.

რუსეთის სახელმიწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიის სახე, ვეტერანი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოვიდა 31 მარტს, საკუთარი 87 წლის იუბილის გადასახდელად. თბილისში მას პროტესტით დახვდნენ, წარსულში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. პოზნერის აზრით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი აღარასოდეს იქნება. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის უფლება მისცეს. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები, ასევე, სასტუმრო, რომელშიც ისინი ვახშმობდნენ, დააჯარიმეს.

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში აპროტესტებენ რუსი ჟურნალისტის ჩამოსვლას

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, რაც ვერ გახდებოდა მისი ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი. უწყების ინფორმაციით, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხიც.

საბოლოოდ, პირველ აპრილს, საკუთარ დაბადების დღეს, ვლადიმირ პოზნერსა და მის მეგობრებს რუსეთში დაბრუნება მოუწიათ, საპროტესტო აქციის ფონზე.