1991 წლის 9 აპრილს მათ ცხოვრებაში მთავარი ამბავი მოხდა - ამ დღეს, საქართველოს მაშინდელი უზენაესი საბჭოს და ახლანდელი პარლამენტის შენობაში ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის ასლი დღემდე ყველა მათგანის კედელს ამშვენებს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ამ დღეს წინ 31 მარტის რეფერენდუმი უძღოდა, რომლის მთავარი კითხვაც იყო სურდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობა - 96%-მა უპასუხა - დიახ. ვის როგორ ახსოვს 30 წლის წინანდელი 9 აპრილი, როგორ შემოინახა ის დღე და ღამე მათმა მეხსიერებამ, რისი სჯეროდათ მაშინ და რაში გაუცრუვდათ იმედები, რატომ სწყდებთ გული და რით ამაყობენ - რადიო თავისუფლებამ 30 წლის წინა 9 აპრილის სურათის აღდგენა თავად დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებს სთხოვა - აი, 11 ამბავი დღეზე, რომელიც მათი ცხოვრების დაუვიწყარ მოვლენად იქცა. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს იუტუბის არხზე.
ნემო ბურჭულაძე დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ
Your browser doesn’t support HTML5
"ძალიან ამაღელვებელი იყო. ამას ილია ჭავჭავაძეც ვერ ეღირსა... და შენ, ერთ ჩვეულებრივ, თბილისელ ბიჭს თუ კაცს, მოგიწია ამაზე ხელის მოწერა და ერთ-ერთი შემოქმედი ხარ ამ ამბის. იმდენად, რომ დამოუკიდებლობის აქტზე, ზოგიერთის გვარი კარგად არ იკითხება, ხელი უკანკალებდათ. მართლა დაუჯერებელი იყო."