ლადო გუდიაშვილი: "ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა", "გულნარა" და სხვა ამბები წარსულიდან

30 მარტს (ძველი სტილით 18 მარტს) ლადო გუდიაშვილი 125 წლის გახდებოდა. როგორც თავად ლადო გუდიშვილი მოიხსენიებდა თავის თავს, "ფერმწერის და გრაფიკოსის, კინოსა და თეატრის მხატვრის" დაბადების დღეს დაამთხვია სწორედ საქართველოს ეროვნულმა არქივმა კიდევ ერთი მულტიმედია პლატფორმის შექმნა, რომელიც მომზადდა არქივში დაცული, ლადო გუდიაშვილის სახელთან დაკავშირებული დოკუმენტური, ფოტო და ვიდეო მასალით.

ასევე ნახეთ კეთილი  და ნიჭიერი ლადო - 125 წელი  გუდიაშვილის დაბადებიდან 

ცოტა ხნის წინ, ეროვნულმა არქივმა საზოგადოებას ასეთივე გვერდი გალაკტიონზეც შესთავაზა.

გვერდი ლადო გუდიაშვილზე 1974 წელს გადაღებული შერგილ შონიას დოკუმენტური ფილმის კადრებით იხსნება.

კადრი შერგილ შონიას მიერ 1974 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან "ლადო გუდიაშვილი"

მერე მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მოდის, როგორ სწავლობდა მხატვარი 1910-1914 წლებში კავკასიის ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში, სადაც მას იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე, ოსკარ შმერლინგი და სხვები ასწავლიდნენ.

1914-1917 წლებში თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთსა და ჟურნალთან, ქმნიდა ილუსტრაციებსა და შარჟებს. ამავე პერიოდიდან მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ გამოფენებში. 1915 წლიდან პედაგოგიური მოღვაწეობაც დაიწყო.

ეს მსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის შარჟია ლადო გუდიაშვილის შესრულებით.

გამოქვეყნებულია 1917 წლის იანვარში, ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“.

ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 50 წლის იუბილე 1913 წელს შესრულდა, ხოლო სასცენო მოღვაწეობიდან 30 წელი - 1916 წელს. თეატრალური საზოგადოება გამოჩენილი მსახიობის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავდა. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი და მხატვარმა შარჟში ეს ორი თემა იუმორით დააკავშირა.

ლადო გუდიაშვილი და პოლიტიკა

ამ დოკუმენტში წარმოდგენილია „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“ საარჩევნო სია: 1. პაოლო იაშვილი, 2. იაკობ ნიკოლაძე, 3. პავლე ინგოროყვა, 4. ტიციან ტაბიძე, 5. ვლადიმერ გუდიაშვილი, 6. ალექსი არსენიშვილი.

ხელნაწერ სიას ახლავს კანდიდატთა თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

ლადო გუდიაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა. ხელოვნების სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად 1919 წლის იანვარში იგი მონაწილეობდა პარტია „ესტეტიური ლიგა პატრიოტების“ შექმნაში, თუმცა, ხელოვანთა ახალშექმნილი პარტია მაშინ არჩევნებში დამარცხდა.

მერე იყო პარიზი.

1919 წელს ლადო გუდიაშვილი, სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად, სასწავლებლად პარიზში გაემგზავრა. მასთან ერთად საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად წავიდნენ: ქეთევან მაღალაშვილი, დავით კაკაბაძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, მიხეილ ჭიაურელი, ელენე ახვლედიანი და სხვები.

ლადო გუდიაშვილი პოლ რანსონის აკადემიაში სწავლობდა. მან პარიზში 1926 წლამდე იცხოვრა.

ეს ფოტო კი სწორედ საფრანგეთის დედაქალაქშია გადაღებული, 1920-1921 წლებია. დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი, ქეთევან მაღალაშვილი და ლადო გუდიაშვილი.

"გაცნობებთ, რომ ვერ მოვითმინე და ვირთამ ცოლს და მგონებ რომ უკეთ წამივა ჩემი ხელოვნების საქმე", - წერს ლადო გუდიაშვილი აკაკი ჩხენკელს – საქართველოს დევნილი მთავრობის წარმომადგენელს.

1925 წლის მარტი. 29 წლის ქართველი მხატვარი ცოლად ირთავს ფრანგ მწერალ ქალს - ჟანა ჟოფრეს.

პარიზში იმართება ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა, გამოდის წიგნი მისი შემოქმედების შესახებ, მისი ნამუშევრებით ინტერესდებიან კერძო კოლექციონერები თუ მუზეუმები.

„თუმცა კი მოგეხსენებათ მარტოხელა კაცის ცხოვრება თუ რა ძნელია, ამიტომ [როგორ] მოხვდა მე თითონაც ვერ გავიგე ეს აქტი გაცოლიანებისა“ - წერს მხატვარი.

საქართველოში დაბრუნებიდან მცირე ხანში ლადო გუდიაშვილი და ჟანა ჟოფრე განქორწინდნენ. მხატვარმა 1933 წელს ცოლად შეირთო ნინო მგელაძე.

ესეც პარიზული პერიოდია, ეს ფოტო დიმიტრი მძინარიშვილის ფოტოკოლექციიდანაა. 1923 წელია და ფოტოზე არიან:

ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, რუსიკო მდივანი და ქეთევან მაღალაშვილი.

„გულნარა“

ლადო გუდიაშვილმა ესკიზები ერეკლე ჯაბადარის ოპერისათვის „გულნარა“ პარიზში 1924 წელს შექმნა.

ერეკლე ჯაბადარმა კი ოპერის ლიბრეტოდ ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელეონორა“ გამოიყენა.

„გულნარა“ 1924 წელს ოპერა „გრანდ-ოპერის“ რეპერტუარში შეიტანეს; დადგმა არ განხორციელებულა, თუმცა ნაწყვეტები ოპერიდან რამდენჯერმე შესრულდა.

ესკიზების ორიგინალები დაცულია ერეკლე ჯაბადარის საარქივო ფონდში.

ეს კი ნოტების გარეკანია ფორტეპიანოსათვის სახელად: „ო დაილი, დაილი, კავკასიური ცეკვა“.

გარეკანის მხატვრობა ლადო გუდიაშვილს ეკუთვნის. 1920-იანი წლებია.

გინახავთ ერთ-ერთი პირველი ქართული ანიმაციური ფილმი „კოლხიდა (არგონავტები)“? ის ლადო გუდიაშვილის ნახატებით 1934-1935 წლებში არის შექმნილი. რეჟისორი: ლადო მუჯირი. მთავარი მხატვარი: ლადო გუდიაშვილი .კომპოზიტორი: შალვა აზმაიფარაშვილი.

ეს ავტობიოგრაფია კი თავად ლადო გუდიაშვილის ხელიტაა დაწერილი, 1964 წლის 12 აგვისტოს. დოკუმენტი დაცულია შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების სახელმწიფო კომიტეტის საარქივო მასალაში.