მიმდინარე წლის თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5,1 პროცენტით შემცირდა. წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით:
- კლება შეინიშნებოდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა;
- ზრდა დაფიქსირდა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.
2021 წლის იანვარში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5 პროცენტით შემცირდა. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი -8,3 პროცენტია.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები გასული წლის მარტიდან დაიწყო. ამ დროიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგი სრულად მუშაობის აღდგენას ვერ ახერხებს. კომპანიების ნაწილს გაჩერება მოუწია, ზოგი კი გაკოტრდა.