ბოკერია: ჩვენთვის არც ერთი ხედვა არ იქნება მისაღები, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების თემას

გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მედიატორის მიერ წარდგენილი შეთანხმების პროექტი ვადამდელი არჩევნების საკითხს არ მოიცავდა და ამდენად არ იყო მისაღები ოპოზიციისთვის. გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციისთვის არც ერთი ხედვა არ იქნება მისაღები, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემებს:

„მინდა შეგახსენოთ, რომ პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ თანხმობა მივეცით, და ეს მედიატორი პრიციპში მიშელის წარმომადგენელია, ბატონი დანიელსონი, მკაფიოდ წერია ორი საკვანძო საკითხი სხვა საკითხებთან ერთად, ეს არის პოლიტიკური საქმეები და ეს არის ვადამდელი არჩევნები. ეხლა დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტა არ არის საერთოდ. ეს მოხდა „ოცნების“ პოზიციის გამო. ამიტომ ჩვენთვის ეს დოკუმენტი მთლიანად არ ამოწურავდა ვითარებას, მაგრამ ჩვენ ბუნებრივია იმ საკითხებზე, რომლებზეც კარგად იყო ნამუშევარი ამ საკითხთან შედარებით ნამდვილად, ვიყავით მზად, რომ კომპრომისზე წავსულიყავით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ოპოზიციის პასუხისმგებლობა შექმილ ვითარებაში არის ის, რომ მიღწეულ იქნას ისეთი შეთანხმება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს:

„ჯერ ივანიშვილის რეჟიმი არ არის მომწიფებული თავის გონებაში, აზრზე ჯერ არ მოსულან, რომ ეს მდგომარეობა არის დამღუპველი ქვეყნისთვის, მაგრამ დამღუპველია მათთვისაც. და უნდა მოვიყვანოთ აზრზე, ეს არის და ეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. როგორც ბრიფინგზე თქვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მისი წინადადებები ბოლომდე არ მიიღო და კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული.

ასევე ნახეთ ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი აქვეყნებს წინადადებას, რომელიც მან დღეს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა