"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის შეფასებით, დღეს საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების გზით გაეკაფა გზა ქვეყნის მომავლისთვის ევროკავშირსა და ნატოში და გაეკეთებინათ ის, რა მოლოდინიც ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს ჰქონდათ.
„ჩვენ გვქონდა შანსი კიდევ ერთხელ, რომ დღეს შეთანხმებისთვის მიგვეღწია ყველა პუნქტზე, რომელიც თავის დროზე იყო დასახელებული მიშელის გეგმაში. თქვენ იცით, რომ ხუთი პუნქტი არსებობდა შეთანხმების სამოქმედო რუქაში, აქედან სამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი დათანხმდა შემოთავაზებას და არსებობდა ორი საკითხი, პოლიტპატიმრების თემა და არჩევნების თემა, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ მათ შორის არაერთი წინადადება შესაძლო კომპრომისული ვარიანტის“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი წინადადება შეეხებოდა ახალ კონსტიტუციურ მოდელს:
„ერთ-ერთი ჩვენი შეთავაზება იყო, რომ პლებისციტზე განსახილველად დასმულიყო საკითხი ახალი კონსტიტუციის მიღების და ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ეს იყო ხედვა, რომელიც იყო მიმართული მომავლისკენ. ეს იყო ხედვა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით იმიტომ, რომ სტაბილურ პოლიტიკურ გარემოში ცხოვრება არის საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესი მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ აქაც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“, რომელიც მათ მისცემდა კომფორტს იმიტომ, რომ გვესმის, რომ პრობლემატურია პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობაზე და პოლიტპატიმრების არსებობაზე ხელის მოწერა. მაგრამ ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა ამ საკითხზეც ისეთი შეთანხმების მიღწევის, რომელიც იქნებოდა მისაღები ვფიქრობ ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშისთვის, რომელსაც რეალურად სურდა შეთანხმების მიღწევა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მისი შეფასებით, ამნისტიის შესახებ წინადადება, რომელიც შეთანხმების პროექტში იყო წარმოდგენილი, ოპოზიციის შეხედულებით უნდა შეხებოდა ორივე პოლიტპატიმარს, კერძოდ, როგორც ნიკა მელიას, ასევე გიორგი რურუას.
„ქართული ოცნება არ აღმოჩნდა მზად, მათ შორის იმ პუნქტებზე ხელმოსაწერად, რომლებიც ჩვენი მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა როგორც ნაწილი შეთანხმების“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. როგორც ბრიფინგზე თქვა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მისი წინადადებები ბოლომდე არ მიიღო და კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული.
ასევე ნახეთ ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი აქვეყნებს წინადადებას, რომელიც მან დღეს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა