30 წელი დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან

31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან. შემთხვევით არ არის, რომ კონსტიტუციით დაცული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი სწორედ 31 მარტის რეფერენდუმს ეყრდნობა.

„საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“, - ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციის I მუხლში.

30 წლის წინ...

„31 მარტი... მოუთმენლად ელოდა ამ დღეს საქართველო, თავისუფლებისმოყვარე და სამშობლოს ბედზე დაფიქრებული ყველა ადამიანი. ალბათ, ამიტომ იყო, დილიდანვე რომ მიაშურეს მოქალაქეებმა საარჩევნო უბნებს და კეთილსინდისიერად მოიხადეს მამულიშვილური ვალი“, - წერდა 1991 წლის 1 აპრილს გამოსული გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. - „დილის 7 საათზე, როცა თბილისის საბურთალოს რაიონის საარჩევნო ოლქის 23-ე უბნის კომისიის წარმომადგენლები დანიშნულების ადგილას მივიდნენ, საარჩევნო უბნის კართან პირველი მოქალაქე უკვე ელოდათ: იგი აღმოჩნდა... 101 წლის ლიტველი კაცი. ეს მხცოვანი ადამიანი ჩქარობდა, სხვაზე ადრე მინდა გამოვხატო ჩემი ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულებაო. ასეც მოხდა: სწორედ იგი იყო ამ უბანზე პირველი, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა“.

ფოტორეპორტაჟი საარჩევნო უბნიდან. 1991 წლის 1 აპრილი. "საქართველოს რესპუბლიკა"

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას სულ, ჯამში, 3 მლნ 295,5 ათასმა ადამიანმა მისცა ხმა, უფრო ზუსტად, ამდენმა ამომრჩეველმა უპასუხა „დიახ“ სარეფერენდუმოდ გამოტანილ შეკითხვას:

სარეფერენდუმო ბიულეტენი

„თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?

„ყველა ჩვენგანის ხმა 31 მარტს შეიძლება ის ერთადერთი იყოს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოს — საქართველოს - ბედს“, - განაცხადა ზვიად გამსახურდიამ ჯავახეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე. - „თუ იქნება დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო, სოციალურად დაცული იქნება ჩვენი მრავალეროვანი ოჯახის თითოეული წევრი, დაცული იქნებიან ჩვენი ოჯახები, შვილები, შვილიშვილები“.

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები 4 აპრილს შეაჯამა, შედეგები კი 5 აპრილს გამოქვეყნდა პრესაში. ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ დაადგინა:

  • საქართველოს რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3 მლნ 672 ათას 403;
  • რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი იყო 3 მლნ 334 ათას 286, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,7 %-ს;
  • კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი იყო 3 მლნ 326 ათას 100, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,5%-ს;
  • სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის, „დიახ” მომხრეთა რიცხვი იყო 3 მლნ 295 ათას 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08%-ს;
  • სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, „არა” მომხრეთა რიცხვი იყო 16 ათას 917, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51%-ს.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,27%-მა, კენჭისყრაში – 61,23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას – 1,42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.

ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180-მა ამომრჩეველმა.

გზა რეფერენდუმამდე

31 მარტის რეფერენდუმის გამართვა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ეროვნული ძალების დამაჯერებელი გამარჯვება 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში.

საქართველოს რესპუბლიკის ახალმა უზენაესმა საბჭომ შეკრებიდან პირველივე დღეებში განცხადებით მიმართა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს, და აცნობა, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკა უარს ამბობდა კრემლის შეთავაზებაზე, შეერთებოდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას.

ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა

საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო 1991 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში, რომლის მიზანი იყო გაერკვია მოკავშირე რესპუბლიკებში ახალი საკავშირო ხელშეკრულების, კერძოდ, სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის (სსკ) შექმნის მიმართ დამოკიდებულება.

„გამომდინარე ჩამოყალიბებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სტრუქტურებიდან, საქართველოს რესპუბლიკა, ფაქტობრივად, რჩება სსრ კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ აღნიშნული სტრუქტურების რეორგანიზაციის გზით ესწრაფვის სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას... ასეთი მიდგომა არ ნიშნავს უარის თქმას ეკონომიკურ, მეცნიერულ-ტექნიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში ამა თუ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმაზე, რომელთა უმრავლესობასთანაც საქართველოს კავშირი აქვს საუკუნეების განმავლობაში და დღესაც ნაყოფიერად თანამშრომლობს. ცხადია, რომ ახალ პოლიტიკურ პირობებში ეს თანამშრომლობა უნდა ეყრდნობოდეს თვისებრივად ახალ სამართლებრივ ბაზისს, რომელიც ითვალისწინებს სრულ თანასწორუფლებიანობასა და ურთიერთსარგებლიანობას“, - ვკითხულობთ მიხეილ გორბაჩოვისათვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია აწერს ხელს.

ზვიად გამსახურდიას მიმართვა

31 მარტის რეფერენდუმის მომზადების პარალელურად მკვეთრად გაუარესდა ვითარება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. 31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო დადგენილება და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენა და სეპარატისტთა ლიდერ კულუმბეგოვის გათავისუფლება.

რუსეთის ხელისუფლებას უპასუხა ზვიად გამსახურდიამ, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, რომელსაც ზურგს უმაგრებდა 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები:

„გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ყალიბდება იმპერიულად განწყობილი ძალების ერთიანი ფრონტი კანონიერად არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტთან საბრძოლველად, რომელსაც სურს დაიბრუნოს 1921 წლის თებერვალში ძალით წართმეული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამ პოზიციას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რასაც მოწმობს გამართული რეფერენდუმის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 95 %-მა, 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენის მოთხოვნას კი მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 99,6 %-მა“.

31 მარტის მნიშვნელობა

ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე, რომელიც რეფერენდუმის მომზადებისას უზენაესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რეფერენდუმის სახით წინასწარ განისაზღვრა ისეთი საძირკვლის ჩადება საქართველოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში, რომელსაც ვერავინ ამოძირკვავდა. „მოგეხსენებათ, რეფერენდუმის შედეგებს ვერაფერი აუქმებს რეფერენდუმის გარდა“, - ამბობს ის.

ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე

სახალხო ფრონტისა და ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერი, ნოდარ ნათაძეც​ დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ რეფერენდუმის ჩატარებით ზვიად გამსახურდიამ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო.

„რატომ ვლაპარაკობ ამაზე ჭოჭმანის გარეშე? იმიტომ რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში რომ ვიყავი, შევარდნაძის პოლიტიკას რომ ვუყურებდი, ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ რეფერენდუმი რომ არ წასძღოლოდა წინ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, შევარდნაძე გარისკავდა და შეგვაერთებდა რუსეთთან. მხოლოდ და მხოლოდ რეფერენდუმმა შეაჩერა იგი, რეფერენდუმმა დაგვიცვა“.

ნოდარ ნათაძე

31 მარტის რეფერენდუმის იურიდიულ ძალასა და მნიშვნელობაზე რადიო თავისუფლება ესაუბრა ვახტანგ ხმალაძეს, რომელიც 1991 წელს ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო:

„სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება სამართლებრივად შეიძლება სხვადასხვა გზით. ეს შეიძლება გააკეთოს წარმომადგენლობითმა ორგანომ, შეიძლება გააკეთოს ხალხის მიერ არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ, შეიძლება ეს გადაწყდეს რეფერენდუმით... სამართლებრივად ყველა ეს გზა არის კანონიერი და ლეგიტიმური... თუმცა რეფერენდუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას, გარდა იურიდიულისა, აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა - განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც რეფერენდუმის დროს მიღებული გადაწყვეტილების წინაპირობები არის ძალიან მკაცრი. რას ვგულისხმობ მკაცრ პირობებში? ვგულისხმობ იმას, რომ რეფერენდუმის კითხვა მიღებულად ჩაითვლება, თუ რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებს ქვეყანაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი. ყოველთვის და ყველგან რეფერენდუმის ეს პირობა არ არის ხოლმე დადებული. მეორე პირობა კი გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ რეფერენდუმის მონაწილეთაგან ნახევარზე მეტმა დაუჭირა მხარი. ჩვენთან 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე ეს ორივე პირობა იდო კანონში, ანუ უნდა მიეღო მონაწილეობა ნახევარზე მეტს და მხარი უნდა დაეჭირა მონაწილეთაგან ნახევარზე მეტს. ასეთი პირობა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ჩვენს შემთხვევაში - დამოუკიდებლობის აღდგენას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორი 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა. გარდა ამისა, აუცილებელი პირობა გახლავთ ის, რომ წინასარეფერენდუმო პროცესი უნდა იყოს თავისუფალი, ანუ როგორც მომხრეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება საზოგადოებას თავისი აზრი მიაწოდონ. და კიდევ: უშუალოდ რეფერენდუმის დღეს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს რეფერენდუმში თავისუფლად მონაწილეობის უფლება“.

- იყო კი ასეთი ვითარება მაშინდელ საქართველოში?

ვახტანგ ხმალაძე: „1991 წელს ჩვენთან ასეთი ვითარება იყო: ძალიან გამწვავდა სიტუაცია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ცხინვალის რეგიონში, სადაც რეალურად მხოლოდ ნაწილობრივ ახორციელებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება თავის იურისდიქციას - როგორც ცხინვალის რეგიონში (ჯავის რაიონი და საკუთრივ ქალაქი ცხინვალი), ასევე აფხაზეთში (გუდაუთის რაიონი და ქალაქი ტყვარჩელი). ამ რაიონებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ მოგვცა შესაძლებლობა, რომ შექმნილიყო სარეფერენდუმო და საარჩევნო უბნები (ადგილობრივი არჩევნებიც მიმდინარეობდა), მაგრამ ამ უბნების ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩევლებს შეეძლოთ გასულიყვნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიის გარეთ და მეზობელ საარჩევნო უბნებში მიეცათ ხმა. ეს გამოიყენა საკმაოდ ბევრმა ადამიანმა. ამან უზრუნველყო ის, რომ ამომრჩეველთა ძალიან დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში, მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი რაც არის, მაშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეფერენედუმის შედეგები შეამოწმა რეგიონების მიხედვითაც, ანუ ნახა, როგორი იყო შედეგები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, ცალკე აღებული, როგორი აფხაზეთში და ასევე იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობა, არაქართველი მოსახლეობა, წარმოადგენდა მოსახლეობის დიდ ნაწილს. ეს იყო ქვემო ქართლი და ჯავახეთი.

ვახტანგ ხმალაძე

აღმოჩნდა, რომ ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა 12-დან 7 საკრებულოს ტერიტორიაზე; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რაიონში ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 64,5 %-მა, რეფერენდუმის კითხვას უპასუხა „დიახ“ 99 %-მა, ანუ ამომრჩევლების სრული რაოდენობის 64,5 %-მა; სოხუმში ამომრჩეველთა 67 %-მა მიიღო მონაწილეობა, „დიახ“ უპასუხა 96,6%-მა, ანუ ყველა ამომრჩევლის 64%-მა; გუდაუთის რაიონში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 8 %-მა, რეფერენდუმის კითხვას უპასუხა „დიახ“ 99%-მა.

მთლიანად აფხაზეთში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 51%-მა, „დიახ“ უპასუხა 97,7 %-მა, ანუ ყველა ამომრჩევლის 58,8 %-მა.

რაც შეეხება ქვემო ქართლისა და ჯავახეთის რაიონებს. რეფერენდუმის შეკითხვას „დიახ“ უპასუხა ყველა ამომრჩევლის 87 %-მა ახალქალაქში, 81 %-მა ნინოწმინდაში, 85 %-მა წალკაში, 92%-მა დმანისში, 90 %-მა ბოლნისში და 96 %-მა მარნეულში.

- რაზე მეტყველებს ეს მონაცემები, რა დამატებით ძალას სძენს 31 მარტის რეფერენდუმს?

ვახტანგ ხმალაძე: „ ეს იმას ნიშნავს, რომ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა აღმოჩნდა ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი. ეს იმ პირობებში, როდესაც ქართული მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე იყო, დაახლოებით, 1/3, ანუ ქართველებთან ერთად რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღეს ოსებმაც. ასევე აფხაზეთში, სადაც ქართველების გარდა სხვა ეთნიკურმა ჯგუფებმაც მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა და ორივეგან სარეფერენდუმო კითხვას დადებითად უპასუხა 60 %-ზე მეტმა. ბევრად უფრო მაღალი შედეგები იყო საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენდნენ დიდ უმრავლესობას. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც, რომელთა დასკვნები იყო დადებითი რეფერენდუმის თავისუფლებასა და კანონიერებასთან დაკავშირებით. ყოველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ მთელი მსოფლიოსათვის ცხადი გახდა, რომ თავისუფალი არჩევანის პირობებში საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, ანუ საბჭოთა კავშირიდან გასვლას. ამას ძალიან დიდი და სერიოზული რეზონანსი მოჰყვა. მოგეხსენებათ, ეს არის პერიოდი, როდესაც აშკარად ჩნდება საბჭოთა კავშირის დაშლის ძალიან მაღალი ალბათობა, რასაც არცთუ მაინცდამაინც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში. ეშინოდათ ერთი ატომური ქვეყნიდან არ მიეღოთ რამდენიმე ატომური ქვეყანა. დასავლეთი აქტიურად უჭერდა ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობას, მაგრამ სხვა რესპუბლიკების მიმართ ასეთ მხარდაჭერას არ გამოხატავდნენ. და სწორედ ასეთ პირობებში საქართველოში მიღებული ეს გადაწყვეტილება აშკარად მიუთითებდა იმას, რომ საქართველო აღარ და ვეღარ დარჩებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ამან განაპირობა სწორედ ის, რომ რეფერენდუმის ჩატარებიდან სულ რაღაც მე-9 დღეს საქართველოს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა და დასვა საკითხი საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, გამართონ მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გასვლის თაობაზე“.

- ვიცით, რომ 31 მარტის რეფერენდუმამდე ორი კვირით ადრე, 17 მარტს, ასევე გაიმართა საკავშირო რეფერენდუმი, რომელმაც მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. რა არგუმენტებით გადაწონა საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგებმა 17 მარტის შედეგები?

საქართველოს დამუკიდებლობის აქტი

ვახტანგ ხმალაძე: „საქართველოს უზენაესმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ მიეღო მონაწილეობა ამ რეფერენდუმში, თუმცა ეს რეფერენდუმი გაიმართა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ნაწილში, მაგრამ შედეგები ამ ტერიტორიებზე გამართული რეფერენდუმისა იყო მეტად უღიმღამო, რადგან მონაწილეთა რაოდენობაც იყო მცირე და, შესაბამისად, საბოლოო შედეგები არ გამოვიდა ისეთი, როგორიც უნდოდათ საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მსურველებს. საქართველოს უზენაესმა საბჭომ უარი თქვა ამ რეფერენდუმის შედეგების აღიარებაზე. თუნდაც მაშინდელი სსრკ-ს კონსტიტუციიდან გამომდინარე, სადაც ეწერა, რომ მოკავშირე რესპუბლიკას უფლება აქვს გავიდეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, აღარ აძლევდა შესაძლებლობას საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ რამე ძალისმიერი ზომები მიეღო საქართველოს წინააღმდეგ მისი ასეთი ქცევისთვის“.

- როგორ იცავს 31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტს?

ვახტანგ ხმალაძე: „გავიხსენოთ, როგორ იყო ჩამოყალიბებული რეფერენდუმზე გამოტანილი შეკითხვა: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ რეფერენდუმით, თუმცა ჩვენი კონსტიტუციით საქართველოს ტერიტორიის შეცვლა ასევე შეიძლება საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელიც რატიფიცირებული იქნება კვალიფიციური, ანუ მაღალი უმრავლესობით. ამისათვის რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელი არ არის. ჯერ იღებს გადაწყვეტილებას მთავრობა, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა ¾ - ის უმრავლესობით, რაც ძალიან მაღალი უმრავლესობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არ არის აბსოლუტურად დამაჯერებელი არგუმენტები, მაშინ საკითხი ვერ გავა პარლამენტში“.

კვლავ 30 წლის წინ...

30 წლის წინ, რეფერენდუმის დღეს, თბილისში იმყოფებოდა აშშ-ის 37-ე პრეზიდენტი, 78 წლის რიჩარდ ნიქსონი, რომლის ნათქვამი სიტყვები გაიხსენა რეფერენდუმის შედეგებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე საქართველოს უზანაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ასათიანმა:

„ვიმედოვნებ, მოვესწრები იმ დღეს, როცა კიდევ ერთხელ ჩამოვალ საქართველოში, მაგრამ უკვე თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში“.

ირაკლი ანდრიაძე და რიჩარდ ნიქსონი. თბილისი. 1991 წლის 30 მარტი

თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყოფნისას რიჩარდ ნიქსონს ისიც კი უთქვამს, უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობასო.

საქართველომ სულ რაღაც 9 დღეში აღიდგინა დამოუკიდებლობა, სწორედ იმ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, რომელმაც ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ამერიკის 37-ე პრეზიდენტზე. ამასთან, ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ჩათვლით.