პანდემია ბლეფია, ვაქცინაში ჩიპებია — მთავარი კონსპირაციული გზავნილები საქართველოში [ანგარიში]

კორონავირუსისა და პანდემიის უარყოფა, ვირუსის ხელოვნური წარმომავლობა, ჩიპები და დნმ-ის ცვლილება - ეს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული კონსპირაციული თეორიებია 2020 წლის საქართველოში. ამის შესახებ საუბარია მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევაში „ინფოდემია საქართველოში“.
ინფოდემია ონლაინ და ოფლაინ ინფორმაციის მოზღვავებაა, რომელიც ცრუ ცნობების განზრახ გავრცელების მცდელობებს მოიცავს და მიზნად საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეაგირების შესუსტებას და ცალკეული ჯგუფებისა და ინდივიდების ალტერნატიული დღის წესრიგის ხელშეწყობას ისახავს.

მთავარი გზავნილები

პანდემიის/კორონავირუსის უარყოფა

კვლევის თანახმად, ამ კატეგორიაში დომინირებდა მოსაზრება, რომ პანდემია ბლეფია, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკა – გაზვიადებული. კორონავირუსი წარმოჩენილი იყო, როგორც გლობალური კონტროლისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების მიზნით თავსმოხვეული მოვლენა, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი.

ასეთ კონსპირაციებს მედიებიდან ყველაზე ხშირად კრემლთან დაკავშირებული ონლაინ გამოცემები – „საქართველო და მსოფლიო“, „News Front საქართველო“ და „საქინფორმი“ ავრცელებდნენ. მაგალითად:

  • ნიუსფრონტი: „მასონთა სფინქსებმა, გლობალური მსოფლიოს შემქმნელმა სატანურმა კასტებმა კორონაც მსოფლიო უხუცესთა საკრალური გონის დასათრგუნად შექმნეს – „უფროსი თაობის ბოლომდე ჩასარეცხად“.
  • ასავალ-დასავალი: „კორონავირუსი გახლავთ საბრძოლო ვირუსი, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა კანადის გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში მონღოლოიდური რასის მამაკაცების ამოსაწყვეტად“

ცალკეული პრობლემური გაშუქება დაფიქსირდა მეინსტრიმულ მედიაშიც. მაგალითად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით „10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი – ხელისუფლება კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის“, რომელიც ერთი წყაროს ცალმხრივი კომენტარის საფუძველზე ამკვიდრებდა მოსაზრებას, რომ კორონავირუსის სტატისტიკა ხელოვნურად არის გაზრდილი.

კონსპირაციებს მედიის გარდა სასულიერო პირები, ასევე კრემლთან დაკავშირებული პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ავრცელებდნენ. მაგალითად:

  • დავით ისაკაძე, დეკანოზი: „დიახ, „კოვიდ-19“ არსებობს, მაგრამ ის ხელოვნურად არის შექმნილი, რათა გაჟლიტოს პლანეტის მოსახლეობის ნაწილი, ხოლო გადარჩენილები – ახალ მსოფლიო წესრიგს დაუმონოს!“
  • დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: „კოვიდის პანდემია ციფრული დიქტატურის დასაწყისია!... ანუ ეს არის გლობალიზაციის დამაგვირგვინებელი ფაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ტოტალური კონტროლი მსოფლიოს მოსახლეობაზე.

ვაქცინის საწინააღმდეგო მოსაზრებები

კვლევის თანახმად, „ჩიპიზაცია“ და ბილ გეიტსის მიერ „მოსახლეობის დეპოპულაციის გეგმა“ ყველაზე გავრცელებული გზავნილები იყო ვაქცინაციასთან დაკავშრებით. დომინირებდა ასევე მოსაზრება, რომ ვაქცინებს/ პრეპარატებს საქართველოს მსგავსს მესამე ქვეყნებზე ცდიდნენ. მაგალითად:

  • დავით სულაშვილი, დეკანოზი: „აი, ამ კონფერენციას [პენტაგონში] ესწორება ბილ გეითსი, სადაც ის სთავაზობს პენტაგონს, რომ შემუშავებული ყოფილიყო ვირუსი, რომელიც ჩაინერგებოდა ადამიანში და რელიგიურ-ფუნდამენტალისტებს ამერიკის მიმართ ლოიალებად აქცევდა… სხვა გამოსვლაში იგივე ბილ გეითსმა ასეთი ვაქცინის შემუშავება დაანონსა, რომელიც მსოფლიოში ჭარბი მოსახლეობის პრობლემის გადაჭრას შეუწყობდა ხელს. რა თქმა უნდა სამიზნე იქნებოდა განვითარებადი ქვეყნები“.
  • დავით ქვლივიძე, დეკანოზი: „მთავარი და საბოლოო მიზანი არის ანტიქრისტეს მოყვანა... ამ ჩიპს ჩაიყენებ თუ არა, შენ უკვე შენს თავს აღარ ეკუთვნი... ჩიპდასმულები ვეღარ ცხონდებიან, ანტიქრისტეს დროს ვინც ჩიპს ჩაისვამს“.
  • მეუფე სპირიდონი: „ბილ გეიტსი რომელიც აფინანსებს ამ სისტემას, ის ხმამაღლა ლაპარაკობს, რომ ჩვენ დნმ-ზე ვიმოქმედებთ და ტვინის უჯრედებზე ვიმოქმედებთ, რომ ისეთი ადამიანი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ჩვენ გვინდა“.

რელიგია და იდენტობა

კვლევის თანახმად, რელიგიის თემატიკაში დომინირებდა მოსაზრება, რომ ლიბერალები ეკლესიას და რელიგიას ებრძვიან, რაც პანდემიის დროს რელიგიურ დღესასწაულებზე ლიტურგიის ჩატარებას და საერთო კოვზით ზიარების წესის გამო გამოთქმულ კრიტიკას უკავშირდებოდა. სასულიერო პირების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების ნაწილი ანტივაქსერულ განწყობებს რელიგიური მოტივითაც ხსნიდა და ამკვიდრებდა მოსაზრებას, რომ კორონავირუსისგან დაცვა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. მაგალითად:

  • შალვა კეკელია, დეკანოზი: „ვიღაცა მიიღებს გვირგვინს ღვთისაგან, ამ ვირუსის შემდეგ და ვიღაცა გვირგვინს ეშმაკისაგან.“
  • პეტრე კვარაცხელია, დეკანოზი: „იქნებ კოვიდი მეორედ მოსვლის რეპეტიციაა.“
  • სპირიდონ აბულაძე, სხალთის მთავარეპისკოპოსი: „სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას კაცო?!“

პანდემიის გამო საზღრების ჩაკეტვას, როგორც მიგრაციისა და უცხო ქვეყნების ექსპანსიის შეჩერების შესაძლებლობას, ულტრანაციონალისტური ჯგუფები პოზიტიურად განიხილავდნენ.

პანდემიის გამო საზღრების ჩაკეტვას, როგორც „ქართული მარში“ (ირანთან და ჩინეთთან), ასევე ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, პრეზიდენტი სააკაშვილი (ჩინეთთან) ითხოვდა.

მეთოდოლოგია

მონიტორინგი 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე მონაცემებს ფარავს.

ანგარიშში გამოყენებულია კვლევის შერეული მეთოდოლოგია: ტრადიციული მედიის კონტენტ-ანალიზი, დამატებით ყალბი ინფორმაციის გამოვლენის მიზნით გამოყენებულია სოციალური მედიის მონიტორინგი.

ინფოდემიაზე მთავარი გზავნილების და მათი წყაროების იდენტიფიცირების მიზნით, დაკვირვება შემდეგ მედია საშუალებებზე განხორციელდა:

ნაციონალური დაფარვის 16 მედია: 4 ტელევიზიის პრაიმ თაიმის ყოველდღიური საინფორმაციო და კვირის ანალიტიკური გამოშვება: საზოგადოებრივი მაუწყებელი - მოამბე, ახალი კვირა; მთავარი არხი - მთავარი, პოსტ ფაქტუმი; იმედი - ქრონიკა, იმედის კვირა; ობიექტივის საინფორმაციო გამოშვება. 5 ტელევიზიის თოქ-შოუ: საზოგადოებრივი მაუწყებელი - კვირის ინტერვიუ; მთავარი არხი - ღამის მთავარი; იმედი - არენა; ობიექტივი - ღამის სტუდია, დღის ბოლოს; კავკასია - ბარიერი, სპექტრი. 7 ონლაინ გამოცემა: საქინფორმი, ნეტგაზეთი, ინტერპრესნიუსი, საქართველო და მსოფლიო, PIA, მარშალპრესი, News-Front. 4 გაზეთი: რეზონანსი, კვირის პალიტრა, ასავალ-დასავალი, ალია.