ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მომავალ კვირაში საქართველოს 100000 დოზა ჩინური ვაქცინა ექნება

ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოს საქართველო ჩინეთიდან ვაქცინას ელოდება. მინისტრის თქმით, ვაქცინა კვირის ბოლოს გამოიგზავნება და შესაბამისად შემდეგ კვირაში ქვეყანას დამატებით ექნება ჩინური ვაქცინა, რომელიც მისი თქმით, უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერაა აღიარებული. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მიერ გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველო ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტაციებს ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გავდივართ ჯანმოსთან კონსულტაციებს, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებაში. დაველოდებით ჯანმოს აღიარებას, თუ დაგვრთავენ ისინი ნებას უნგრეთის მსგავსად, განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია და უკვე მაშინ, როდესაც ვაქცინა იქნება ადგილზე, რა თქმა უნდა, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვაქცინა, რომელსაც საქართველო დამატებით მიიღებს ჩინური კომპანია "სინოფარმის" მიერაა წარმოებული. ვაქცინას ამ დრომდე არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.

დღეს საქართველოში აცრა ორი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი''.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. 30 მარტის შუადღის მონაცემებით, სულ აცრილია 5706 ადამიანი.