ძველ ქალაქთან ერთად, როგორც წესი, ქრებიან ქალაქური ტიპები, პროფესიები, ხელობები. ასე გაქრნენ თავის დროზე თბილისელი მეთულუხჩეები, მენახშირეები, მებორნეები, მეფაიტონეები, მაკრატლებისა და დანების მლესავები, ნავთისა და მიწის დამტარებლები. ძველი ქალაქიდან შემორჩენილი ზოგიერთი პროფესია ახლახან გაქრა, ზოგიერთი კი ჩვენ თვალწინ წყვეტს არსებობას.
უკანასკნელი სუფლიორი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, თითქმის 20 წელია, აღარ ჰყავს სუფლიორი. თეატრის დირექტორი ეკა მაზმიშვილი ამბობს, რომ 2006 წელს, როცა თეატრში მივიდა, სუფლიორის შტატი უკვე გაუქმებული იყო.
„მოთხოვნაც აღარ არის. მსახიობები სწავლობენ ტექსტებს. ტექსტი, მოგეხსენებათ, მთავარია მსახიობისთვის. საზღვარგარეთაც ძალიან ბევრ თეატრში აღარ არის ეს პოზიცია“, - ამბობს თეატრის დირექტორი.
გიული მეტეხელი, მარჯანიშვილის თეატრის უკანასკნელი სუფლიორი, კარგად ახსოვს თეატრის კადრების განყოფილების უფროსს, მაია კვიტაიშვილს, რომელიც, თითქმის 45 წელია, მუშაობს თეატრში:
„ჩვენს თეატრში სუფლიორი აღარ გვყავს 2000-იანი წლების დასაწყისიდან. ქალბატონ გიული მეტეხელის გარდაცვალების შემდეგ ეს ინსტიტუტი, ფაქტობრივად, გაუქმდა ჩვენთან. ძალიან სპეციფიკური სამსახური იყო, განსაკუთრებული ნიჭი სჭირდებოდა. სცენაზე სუფლიორისთვის განკუთვნილი ორმო, თავისი შენიღბული ჯიხურით, ძალიან დიდი ხნის წინ იყო, სადღაც 60-იან წლებამდე. ბოლოს სუფლიორი კულისებში იდგა და იქიდან ცდილობდა ხმის მიწვდენას მსახიობებისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს რამე დაავიწყდებოდა“.
მარჯანიშვილის თეატრში სუფლიორის ხელფასი 80-85 მანეთი იყო, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი 114 მანეთს იღებდა, უმნიშვნელო სულაც არ არის.
თეატრს ჰყავდა ერთი სუფლიორი, რომელსაც ეძლეოდა გამზადებული, დამუშავებული ტექსტი. სუფლიორი ესწრებოდა ყველა რეპეტიციას და მსახიობებთან ერთად სწავლობდა პიესის ტექსტს.
„გიული მეტეხელს არ ჰყავდა ქმარ-შვილი, თეატრი იყო მისი ცხოვრება, მისი ყველაფერი; შეყვარებული იყო თავის პროფესიასა და მსახიობებზე. პროფესიით თვითონაც მსახიობი იყო, თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ რატომღაც მსახიობის კარიერა ვერ გაიკეთა, თუმცა ამ კუთხით მოძებნა თავის ადგილი თეატრში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მაია კვიტაშვილმა.
თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რეპეტიციებზე სუფლიორის მოვალეობას რეჟისორის თანაშემწე ასრულებს, თუმცა პრემიერიდან მსახიობი მხოლოდ თავისი მეხსიერების იმედად არის.
„მსახიობს მოეთხოვებათ ტექსტის ცოდნა, რადგან გაიზარდა სპექტაკლის მომზადებისათვის საჭირო დრო და ხანგრძლივობა. ადრე იდგმებოდა მაქსიმუმ ერთ კვირაში. შესაბამისად, მსახიობები ვერ ასწრებდნენ დამახსოვრებას. ახლა მოთხოვნაა, რომ ერთი თვის განმავლობაში ტექსტი იცოდნენ ზეპირად. მსახიობებს ამისთვის საკმარისი დრო აქვთ. თუ ტექსტი დაავიწყდება, დააჯარიმებენ (20 ლარით). იშვიათად ხდება, მაგრამ რეგულაცია ასეთია“, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
საქართველოში თეატრის მსახიობის ხელფასი 150-ლარიდან 2500 ლარამდეა.
სუფლიორი ძველად
საქართველოში ყველაზე ცნობილი სუფლიორები იოსებ გრიშაშვილი და ბეგლარ ახოსპირელი (აღაიანი) არიან, თუმცა გრიშაშვილმა მხოლოდ სიჭაბუკეში ყლაპა „მოკარნახის ჯიხურისკენ წამოსული სცენის მავნე მტვერი“, ახოსპირელმა კი სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა სუფლიორის პროფესიას, რომლისკენაც მას თვით ვალერიან გუნიას უბიძგებია მას შემდეგ, რაც 1900 წელს მოკარნახე კოლა გალუსტოვი გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ ბეგლარ ახოსპირელი თან პოეტობდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თავის უფროს კოლეგას საფლავზე წასაწერი ტექსტიც ლექსად გამოუთქვა:
„შენ თეატრშიაც არ გაკლდა ამგვარი ორმო ბნელცივი,
სადაც ვერ სწვდება ვერასდროს მანათობელი მზის სხივი“.
„ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდა პიესის ტექსტზე, რა პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მოკარნახის ხელოვნებას“, - იხსენებდა იოსებ გრიშაშვილი ახოსპირელთან ერთად სუფლიორის ორმოში გატარებულ წლებს. -„მე ზედმეტად მგრძნობიარე ვიყავი, მსახიობთან ერთად განვიცდიდი. ერთხელ. თვალცრემლიანი რომ დამინახა, გამიჯავრდა, ერიჰა, ვინ ყოფილხარო, და დამარიგა: გახსოვდეს, შენი ფიქრი და ყურადღება მხოლოდ შენი მოქნილი კარნახისადმი უნდა იყოს მიმართული, თორემ სუფლიორად არ გამოდგებიო“.
ბეგლარ ახოსპირელის, როგორც სუფლიორის, ფასი ყველაზე კარგად, ცხადია, მსახიობებმა იცოდნენ.
„შეუდარებელი მოკარნახე იყო. დიაკვანივით კი არ იზეპირებდა ერთხელ ჩაბულბულებულ ტექსტს, არამედ ერთსა და იმავე დროს პიესის ტექსტსაც კითხულობდა და მსახიობებს სცენასაც აგონებდა ხოლმე“, - წერს ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ნიკო გვარაძე თავის „მოგონებებში“.
ბეგლარ ახოსპირელი 1921 წელს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა მთაწმინდაზე, ერთ პატარა ნესტიან სარდაფში, სადაც ცოლ-შვილთან ერთად დიდ სიღარიბეში ცხოვრობდა. სუფლიორობის გარდა, წერდა და გამოსცემდა ლექსებსა და პოემებს, თარგმნიდა. ბედის ირონიით, მისი თარგმნილია ლევ ტოლსტოის ბროშურა „ძირს ლოთობა! ძირს მათრობელი სასმელები!“, რომლის ერთი ეგზემპლარისათვის, გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში რომ ინახება, თავფურცელზე იოსებ გრიშაშვილს მიუწერია: „ბეგლარამ თარგმნა ეს წიგნი, თვითონ კი ლოთობით მოკვდა“.
ბუცების შემკეთებელი
თბილისი განთქმული იყო თავისი მეწაღეებითა და მეჯღანეებით. მათი შთამომავლები აქა-იქ ისევ არიან შემორჩენილი ძველი უბნების სარდაფებსა თუ ვიწრო ქუჩებში ჩადგმულ ჯიხურებში, მაგრამ დღეს ვეღარსად ნახავთ პროფესიონალ ფეხბურთელთა ბუცების შემკეთებელს, რომლის მომსახურებაზე თვით დიდი თბილისის „დინამოც“ კი ვერ ამბობდა უარს.
1962 წლის ჟურნალ „დროშის“ ივლისის ნომერი მოგვითხრობს სამოც წელს მიღწეულ „ძია ვასოზე“ - ვასილ ბუზიაშვილზე, რომელიც, სტატიის ავტორის, ქ. თამარაშვილის, თქმით, ბუცებზე წვეტების („შიპების“) მიმაგრების უბადლო ოსტატი ყოფილა.
„ძია ვასო თბილისის „დინამოს“ სტადიონზე, ერთ პატარა ოთახში მუშაობს. მას იცნობს ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუცვამს ბუცი და გამოსულა მწვანე მინდორზე... წვეტების მიმაგრება უბრალო საქმე არაა. შესაძლოა, ფეხბურთის ბევრმა გულშემატკივარმა არ იცის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელისათვის წვეტების წესრიგში მოყვანას. წვეტის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 19,2 მილიმეტრს, ხოლო დიამეტრი ნებსიმიერ ჭრილში - 12,2 მილიმეტრს. წვეტი თამაშის დროს მოწინააღმდეგისთვის უსაფრთხო უნდა იყოს. ყოველი მსაჯი თამაშის წინ განსაკუთრებული გულისხმიერებით ათვალიერებს ფეხბურთელთა ფორმას და ამოწმებს წვეტებს“, - ვკითხულობთ სტატიაში, რომლის მიხედვითაც, თბილისელი „ბუცების შემკეთებლის“ ნახელავი არც ერთ მსაჯს არ დაუწუნებია, თუ არ ჩავთვლით ერთ ინგლისელ მსაჯს, რომელმაც 1960 წელს, ინგლისში გამართული ტურნეს დროს, სწორედ ბუცების მდგომარეობის გამო, დინამოელებს აუკრძალა შეფილდის ჰილსბროს სტადიონის მინდორზე შესვლა. დინამოელებს იქვე შესთავაზეს ნეილონის „შიპები“, თუმცა სტუმრებმა პრინციპულობა გამოიჩინეს და მინდორზე მაინც „ძია ვასოს“ დამაგრებული „წვეტებით“ შევიდნენ:
„როცა ინგლისიდან დაბრუნებულმა ქართველმა ფეხბურთელებმა ეს ინციდენტი ძია ვასოს უამბეს, მას გული დასწყდა, თუმცა თავის ნამუშევარში არც თვითონ შეჰპარვია ეჭვი და არც ფუხბურთელებს. ძია ვასო ძალიან ბევრ რამეს ითვალისწინებს წვეტების მიმაგრებისას. მან იცის, რომ კარგად მიმაგრებული წვეტები ფეხბურთელს დიდად დაეხმარება ცრუ მოძრაობაში, გარღვევაზე გასვლასა და ადგილიდან სასტარტო სისწრაფის განვითარებისას. კარგად დამუშავებული წვეტების გარეშე წარმოუდგენელია ფეხბურთელმა ფრთიდან გარღვევაზე შესვლის დროს გააკეთოს კარგი ვირაჟი“.
ძია ვასო წლების განმავლობაში თბილისის „დინამოს“ ნაწილი იყო. თამაშებს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებთა თვალს. სწორედ მისი დამზადებული „შიპების“ წყალობით ახდენდნენ სასწაულებს შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი, ბასა ღოღობერიძე, ზაურ კალოევი და სხვები. დღეს სხვა ფეხბურთელები თამაშობენ, სტანდარტული ბუცებითა და წვეტებით“. ძია ვასოსთან ერთად მისი ხელობაც მოკვდა.
მფხეკელი, ვატმანი, კონდუქტორი
თბილისში ტრამვაის „გაქრობასთან“ ერთად გაქრნენ ვატმანები და კონდუქტორები, რომელთა შრომა გასული საუკუნის 30-იან წლებში დეტალურად აქვს აღწერილი პროფესორ მიხეილ ჭაბაშვილს თავის მოგონებების წიგნში.
„ზამთრობით ვატმანს ეცვა ბრეზენტის კაპიშონიანი პლაშჩი და ხელებზე ბრეზენტისავე უხეში ცალთითა ხელთათმანები (მარჯვენა ხელზე, რომლითაც მექანიკურ მუხრუჭს მართავდა, ხელთათმანი წლის ყოველ დროს სჭირდებოდა, ასეთი ძალა ადგებოდა ხელისგულს). ზამთარში თოვლი ვატმანს ხშირად სახეში და გულმკერდზე ეყრებოდა; ამის გამო წარბები და გულმკერდი თოვლით ჰქონდა გადათეთრებული. ტრამვაის ვაგონში იყო ათი თუ თორმეტი რიგი მერხებისა, რომელთა საზურგეების გადაბრუნ-გადმობრუნება შეიძლებოდა და ამ საზურგეებს ბოლო გაჩერებაზე კონდუქტორი გადააბრუნებდა მეორე მხარეს, რომ მიმავალ ტრამვაიში მგზავრები პირით წინ ყოფილიყვნენ. მაშინ ბოლო გაჩერებაზე შემოსაბრუნებელი წრეები არ არსებობდა და უკან წამოსასვლელად ვატმანს უნდა შემოეტრიალებინა ე.წ. ბუგელი, გადასულიყო ვაგონის ბოლოში, რომელიც ახლა თავი იქნებოდა. ვაგონს ერთი ძრავა თავში ჰქონდა, ერთი - ბოლოში. გვერდებზე ვაგონს გასდევდა მთლიანი გრძელი საფეხური. ვატმანის კაბინიდან გამოსული კონდუქტორი (ზამთარში ეცვა ნაქსოვი ხელთათმანები, რომელთაგან მარჯვენას ცერისა და შუა თითის წვერი წაჭრილი ჰქონდა და კონდუქტორი ყინვისგან დამძრალი ამ თითებით ხევდა ბილეთებს), ერთ "კუპეში" (თითოეულ ასეთ მონაკვეთში 6 ადგილი იყო) პირდაპირ საფეხურიდან რომ გაყიდდა ბილეთებს, გადაინაცვლებდა მეორეში (მოძრავი ვაგონიდან რომ არ გადმოვარდნილიყო, მარცხენა მკლავი შემოხვეული ჰქონდა ორი კუპეს გამყოფ სვეტზე) და ასე გავიდოდა უკანა კაბინაში, სადაც აგრეთვე შეიძლება მგზავრები ყოფილიყვნენ, და იქიდან ადევნებდა თვალს ყოველ გაჩერებაზე ახალ ამომსვლელებს, რომ ისინიც, როგორც ახლა იტყვიან, „გაებილეთიანებინა“. ამ დროს ვაგონის მეორე მხარეს, ასეთივე საფეხურის გაყოლებაზე, შუაზე გადებული იყო რკინის ლარტყა ნიშნად იმისა, რომ ეს მხარე დაკეტილია“.
მიხეილ ჭაბაშვილი ასევე აღწერს ტრამვაის მეურნეობაში დასაქმებული ყველაზე დაბალი რანგის მუშის, მფხეკელის, უცნაურ შრომას:
„მეგობრის, საბა ჩოხელის, მამა ერთი საცოდავი, კუზიანი კაცი იყო, აღდგომელა ერქვა. ისეთ საქმეს ადგა, რომელსაც თითქმის არავითარი კვალიფიკაცია არ სჭირდებოდა. ტრამვაის ლიანდაგის მფხეკელი იყო. მაშინ თბილისში ტრამვაის ლიანდაგი ღარის მოყვანილობისა იყო და გამუდმებით სჭირდებოდა (განსაკუთრებით აღმართ-დაღმართებში) სილის დაყრა და შემდეგ, ეს სილა სულ რომ დაქუცმაცდებოდა ტრამვაის თვლებისგან და ხახუნის ძალას დაკარგავდა, საჭირო იყო მისი ამოყრა და ახლის ჩაყრა. მფხეკელებს ეჭირათ ხელში სპეციალური პატარა გრძელტარიანი ნიჩაბი, რომელსაც ბოლოში ცხვირივით ნაწილი ჰქონდა; თბილისში იმ ქუჩებზე, სადაც ტრამვაი დადიოდა, ხშირად დაინახავდით მფხეკელს, რომელიც მიდიოდა ლიანდაგის გასწვრივ და ხელის სათანადო მოძრაობით ფხეკდა მას, ანდა ეჭირა პატარა ვედრო და ყრიდა ახალ სილას“.
მართალია, ძველი ქალაქის ტიპები გაქრნენ, მაგრამ ახალმა დროებამ ახალი პროფესიები და ხმები მოიტანა ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში: „სტაიანშიკი“ თავისი ჭრელი ჯოხით, ეზო-ეზო მოსიარულე ჯართის შემგროვებლები, კენკრის გამყიდველები თავიანთი საფირმო „მალინა, მალინა“-თი და სხვები.