28 წლის გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების განცხადებებს, რომლებიც მათ 29 მარტს გააკეთეს, ეხმაურება როგორც ახალციხის კლინიკა „იმედის“ აღმასრულებელი დირექტორი, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი.
ადვოკატების თქმით, რომლებიც, მათი მტკიცებით, კლინიკა „იმედის“ მედპერსონალის განცხადებებსა და მეგი ბაქრაძის ტელეფონში არსებულ „სამსახურებრივ ჩატში“ აღმოჩენილ მიმოწერას ეყრდნობიან, 18 მარტს, ექთანი, ახალციხიდან თბილისში, „პრაქტიკულად გარდაცვლილი“ გადმოიყვანეს.
"სამსახურებრივი ჩატი"
კლინიკა „იმედის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბარძიმაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ კლინიკის თანამშრომლებს არანაირი ოფიციალური „სამსახურებრივი ჩატი“ არ აქვთ და მისთვის უცნობია, რა მიმოწერაზე შეიძლება საუბრობდნენ 28 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები.
ექთნის ოჯახის ადვოკატებმა 29 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გარდაცვლილი მედდის კუთვნილ ტელეფონში ინახება ე.წ. სამსახურებრივი ჩატის მიმოწერა, სადაც „გარკვეული პირები“ წერენ, რომ მათ იციან მეგის ბაქრაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
„არანაირი სამსახურებრივი ჩატი, ოფიციალური არ არსებობს. თუ თანამშრომლებს ჰქონდათ თავისთვის გაკეთებული რაიმე ჯგუფი, ამაზე მე რა გითხრათ. ან „ჩატში“ რა მიმოწერა ჰქონდათ, ვერაფერს გეტყვით. ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კლინიკა „იმედის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბარძიმაძე.
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძის კუთვნილ ტელეფონს ის გამოძიებას გადასცემს, რათა შეიქმნას ექთნის გარდაცვალების ფაქტის სრული სურათი:
„გამოძიებამ უნდა უნდა შეისწავლოს ტელეფონი, გამოკითხოს მოწმეები და დაადგინოს, რა მოხდა ზუსტად. კომუნიკაცია გარდაცვალების შემდეგაა, მათ შორის, არიან მედიკოსები. ერთმანეთთან აქვთ კომუნიკაცია. და ამ კომუნიკაციაში არის დიალოგი. ეს არის სამსახურეობრივი ჩატი. მათ შორის, ძალიან ბევრი მესიჯი არის წაშლილი და შემდეგ არის მიწერილი, რომ „ჩვენ ხომ მაინც ვიცით, რეალურად, რა მოხდა“. მესიჯების შინაარსი მოიაზრებს იმას, რომ გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის და გამოძიებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, არსებობს“.
"პრაქტიკულად გარდაცვლილი"
მედდის ოჯახის ინტერესების დამცველების განცხადებითვე, კლინიკა „იმედის“ ოთხი თანამშრომელი, რომლებიც ამასთანავე გარდაცვლილი მედდის მეგობრები იყვნენ, ამბობენ, რომ ექთანი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში „პრაქტიკულად გარდაცვლილი“ გადაიყვანეს. მათი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ მოხდა მედდის თბილისში ტრანსპორტირება, რომ „კლინიკა „იმედს“ არ დაბრალებოდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება“.
ადვოკატების ამ განცხადებას, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კლინიკა „იმედის“ გენერალური დირექტორი აბსურდს უწოდებს:
„რას ნიშნავს პრაქტიკულად გარდაცვლილი და ვინ რა შეფასებას აძლევს, არ ვიცი. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, გამოძიებისთვის ყველა მასალა და დოკუმენტაცია გადაცემულია. ყველაფერი კარგად ჩანს, როდის რა გაკეთდა. რას ნიშნავს პრაქტიკულად მკვდარი წაიყვანეს, მკვდარს ვინ მიიღებდა ან რატომ?“
ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისში ტრანსპორტირების დროს მეგის ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი. ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ექთანი ახალციხიდან გადმოყვანისას იყო „პრაქტიკულად გარდაცვლილი“, მან მტკნარი სიცრუე უწოდა:
„მე არ ვარ ის პიროვნება, რომ თვალი დავხუჭო რამეზე. რომ ყოფილიყო გვამი, ვიტყოდი გვამს. პაციენტი შემოდის კლინიკაში. გვამი კი შემოაქვთ. „პრაქტიკულად გარდაცვლილი“ - მედიცინაში ასეთი რამ არ არსებობს. არსებობს ან კლინიკური სიკვდილი, ან ბიოლოგიური სიკვდილი. ბიოლოგიური სიკვდილი კი დგება მაშინ, როდესაც გული ჩერდება“.
ლევან რატიანის თქმით, მეგი ბაქრაძის ბიოლოგიური სიკვდილი, კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში დაფიქსირდა:
„პაციენტი ჩვენს კლინიკაში შემოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ არასტაბილური ჰემოდინამიკით, მართვითი სუნთქვით და სამბალიანი კომით, ატონია-არეფლექსიით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა იყო და იყო შეუქცევადი, ყველაფერი გააკეთა კლინიკამ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი რამოდენიმე საათში“.
შეგახსენებთ, 28 წლის ექთანი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკამ 18 მარტს, 19:45 წუთზე მიიღო. მისი ბიოლოგიური სიკვდილი კი კლინიკამ დაადასტურა 19 მარტს, დღის 12-ის ნახევრისთვის.
ფორმა 100 - ვაქცინაციის მცდარი დრო?
კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელსაც მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები ავრცელებენ, ეხება მედდის ვაქცინაციის ზუსტ დროსა და ე.წ. ფორმა 100-ში დაფიქსირებულ, მათი განცხადებით, „მცდარ დროს“. ადვოკატების მტკიცებით, რომლებიც ეყრდნობიან ადგილობრივი ჟურნალისტების ხმის ჩამწერ მოწყობილობაში არსებულ ჩანაწერების დროის პარამეტრებსა და ასევე, ამცრელ კაბინეტში, კედლის საათზე დაფიქსირებულ დროს, მეგი ბაქრაძეს ვაქცინაცია ჩაუტარდა 18 მარტს, დაახლოებით 12:12 წუთზე, მაშინ, როდესაც ფორმა 100-ში ვაქცინაციის დროდ მითითებულია 12:30 საათი.
ადვოკატ ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, ეს ცდომილება მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, ექთანს რეანიმაციული დახმარება გაეწია იმაზე გაცილებით გვიან, ვიდრე ეს სამედიცინო ჩანაწერებშია მითითებული, რაკიღა, მათი მტკიცებით, ქალს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია თითქმის 15 წუთით ადრე ჩაუტარდა, ვიდრე ეს ფორმა 100-შია მითითებული.
თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 18 მარტს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში, ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა საგანგებო ბრიფინგი, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის დროდ დაასახელა 12:15 წუთი.
გიორგი ბარძიმაძე, კლინიკა „იმედის“ აღმასრულებელი დირექტორი, სამედიცინო დოკუმენტში ასახულ ვაქცინაციის დროსა და ადვოკატების მიერ აღწერილ მოცემულობაზე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ყველაფერს გამოძიება დაადგენს“:
„ადვოკატებს აქვთ თავიანთი პოზიცია. ეს პოზიცია უნდა შეჯერდეს რეალურ დროსთან. რეალურად რამდენ ხანში გაეწია მას დახმარება, ამას დაადგენს ის, თუ დროის რა მონაკვეთში იყო ჩატარებული შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. ეს ყველაფერი გამოჩნდება საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ. მე ვერ შევაფასებ, რა წუთები და წამებია ჩაწერილი და რა წარმოადგინეს ადვოკატებმა, ეს უნდა შედარდეს. ამისთვის ყველა ბერკეტი აქვს გამოძიებას და მგონია, რომ იტყვიან იმას, რაც რეალურად მოხდა. რა ინფორმაციასაც მე ვფლობ, რეალურად ყველაფერი მოხდა იმ დროსა და დროებში, რაც უზრუნველყოფდა სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას. გაკეთდა მაქსიმუმი“.
ასევე ნახეთ მედდის საქმე - კითხვები, რომლებზე პასუხსაც ოჯახი ელისშეგახსენებთ, ახალგაზრდა მედდას, წინასწარი მონაცემებით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ექსპერტიზა - დასკვნის გამოქვეყნების თარიღმა გადაიწია
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადების თანახმად, რომელიც მან 26 მარტს გააკეთა, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა 29 მარტს უნდა გამოქვეყნებულიყო. თუმცა, 29 მარტს, ექსპერტიზის ბიურომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ „გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის“.
უწყების განცხადებითვე, „ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები“.
29 მარტს ელოდნენ ექთნის ოჯახის ადვოკატები სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნასაც, თუმცა, სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გრძელდება მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა.