ადვოკატი: მიმოწერაში პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რატომ გარდაიცვალა ექთანი

28 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, რომ მედდის პირად ტელეფონში არსებულ „სამსახურებრივ ჩატში“, არსებობს მიმოწერა, სადაც გარკვეული პირები ამბობენ, რომ მათ იციან მეგის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

ადვოკატის განცხადებით, ექთნის კუთვნილ ტელეფონს გამოძიებას ოჯახის ინტერესების დამცვალები დღეს გადასცემენ:

„მეგის პირადი ტელეფონი გამოძიებას დღემდე არ ამოუღია. ამ ტელეფონში არსებობს კომუნიკაცია, ამ კომუნიკაციის ფარგლებში, გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად. გამოძიებამ უნდა უნდა შეისწავლოს ტელეფონი, გამოკითხოს მოწმეები და დაადგინოს, რა მოხდა ზუსტად. კომუნიკაცია გარდაცვალების შემდეგაა, მათ შორის, არიან მედიკოსები. ერთმანეთთან აქვთ კომუნიკაცია. და ამ კომუნიკაციაში არის დიალოგი. ეს არის სამსახურეობრივი ჩატი. მათ შორის, ძალიან ბევრი მესიჯი არის წაშლილი და შემდეგ არის მიწერილი, რომ „ჩვენ ხომ მაინც ვიცით, რეალურად, რა მოხდა“. მესიჯების შინაარსი მოიაზრებს იმას, რომ გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის და გამოძიებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, არსებობს. ჩვენ ვერ გამოვკითხავთ ამ მოწმეებს, ეს უნდა განახორციელოს გამოძიებამ. გამოძიებამ უნდა მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია. გამოძიებამ უნდა შექმნას სრული სურათი, რაზე საუბრობენ ეს ადამიანები და ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე დამალულ ფაქტთან“.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

ამავე თემაზე: ექსპერტიზის ბიურო: ექთნის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არ არის