საქართველო, სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მღვიმეების სიუხვით გამოირჩევა. მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში - განსაკუთრებით ზღვის სიახლოვეს, წვიმიან დასავლეთ საქართველოში - შეიძლება იმაზე მეტი მღვიმე იყოს, რამდენიც, მაგალითად, მთელ რუსეთშია.
მღვიმეები, რომლებიც ძეგლის სტატუსისა და სახელმწიფოს ზრუნვის მიღმა დარჩა, იოლად ნადგურდება. ქართველი სპელეოლოგები ხელისუფლებას ხმას ვერ აწვდენენ. როგორც წესი, მღვიმეების მთავარი ატრიბუტები - სტალაქტიტები და სტალაგმიტები, რომელთა წარმოქმნას საუკუნეები სჭირდება (სტალაქტიტი ას წელიწადში მხოლოდ 5-10 სანტიმეტრით იზრდება), წლებია, ვანდალების სამიზნედ იქცა.
„ბავშვები, ახალგაზრდები შედიან და სუვენირებად მოაქვთ. „დაიპყრო“ მღვიმე, აიღო დიდი ქვა და მოტეხა - ის, რაც მილიონობით წელი იზრდებოდა, წამში განადგურდა. ისიც არ იციან, რომ სტალაქტიტი მღვიმეშია ლამაზი, გარეთ რომ გამოიტან, ჩვეულებრივი თეთრი ქვაა“, - გვიხსნის სპელეოლოგი იური დავლიანიძე.
გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი, რომელიც მღვიმეებს იკვლევს, განმარტავს, რომ საქართველოში არსებული ყველა მღვიმის დაცვას ქვეყნის ბიუჯეტი არ ეყოფა, მაგრამ არის „გადაუდებლად დასაცავი“ მღვიმეები, რომელთა წინ ფოტოკამერის (ფოტოხაფანგის) დამონტაჟება ან კარის გაკეთება დიდ ხარჯთან დაკავშირებული არ იქნება.
„ხის ჩეხას თუ არეგულირებს კანონი, 100 ათასი წლის სტალაქტიტი რატომ არ უნდა დაიცვას ან კანონმა, ან მოსახლეობამ, ან სახელმწიფომ? 30 წლის წინ, განუკითხაობა რომ იყო, სტალაქტიტებს საერთოდ ჭრიდნენ და მათგან საფლავის ქვებს აკეთებდნენ. მღვიმეებს რომ აღმოვაჩენთ (ბოლო პერიოდში ექვსი ახალი მღვიმე შევისწავლეთ), გვეშინია ვთქვათ სადაა, შეიძლება მერე იქ აღარაფერი დაგვხვდეს“, - ამბობს ის.
მღვიმეები განსაკუთრებით ხშირია ჭიათურაში, სამეგრელოში, რაჭაში. რაც შეეხება აფხაზეთს, კრუბერის მღვიმე მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმედ მიიჩნევა, მის ფსკერამდე ჩასაღწევად სპელეოლოგს, შესაძლოა, კვირაც კი დასჭირდეს.
გიორგი დვალაშვილი ამბობს, რომ, დაახლოებით, 50 ადგილია ისეთი, სადაც მოსახლეობა მღვიმის გარშემო ცხოვრობს, ეს მღვიმეები განსაკუთრებით დაუცველია, რადგან მოსახლეობამ ისინი სანაგვე ურნებად აქცია.
„ჩადაბლებას რომ დაინახავენ, იქ ინერტულ მასალას ყრიან, ხშირად - ქიმიურ ნარჩენებს. არც კი იციან, რომ ამ წყალს მერე თავად სვამენ. გარდა ამისა, მღვიმეებში ძალიან ხშირად ვარდებიან ცხოველები. რამდენიმეჯერ ადამიანიც გადაიჩეხა“.
მიწაში ჩამარხული განძი
სპელეოლოგები ამბობენ, რომ მღვიმეებს ძლიერი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ხელისუფლება ამ მიმართულებით საერთოდ არ მუშაობს.
„ერთმა მღვიმემ შეიძლება მუნიციპალიტეტს უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს, ვიდრე სხვა რამემ. ცნობიერებაა დაბალი, თორემ როგორ არავინ გამოჩნდა, ვინც მღვიმეში ფულს ჩადებს? მღვიმის გამოყენება შეიძლება სპელეოთერაპიისთვის, სოკოს მოსაყვანად, ექსკურსიების მოსაწყობად... ზაფხულში გარეთ 30 გრადუსია, მღვიმეში - 15 და ადამიანი სიგრილეში რომ შედის, კომფორტულად გრძნობს თავს. უნიკალური მღვიმეები გვაქვს. მაგალითად, ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათში არის ცამეტსართულიანი მღვიმე, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს“, - ამბობს გიორგი დვალაშვილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი განმარტავს, რომ საქართველოში დაცული ტერიტორიების ქსელში 40 ბუნებრივი ძეგლია, მათგან ზოგი, შესაძლოა, მღვიმე იყოს, ზოგი კანიონი, ზოგი ჩანჩქერი... რაც შეეხება დანარჩენ ობიექტებს, არსებობს პოტენციური ბუნების ძეგლების სია. ის წინასწარი კვლევების საფუძველზე დგება და ექსპერტები პერიოდულად გადახედავენ ხოლმე. თუ გადაწყდა, რომელიმე მათგანს, შესაძლოა, ბუნების ძეგლის სტატუსიც მიანიჭონ, რაც შემდეგ შესაბამის დაცვასაც გულისხმობს.
„შარშან პანდემიის გამო არც ერთისთვის არ მიგვინიჭებია სტატუსი. ბოლოს მივანიჭეთ ბირთვისს და, ასევე, სხდომაზე განვიხილეთ 30 ძეგლი. თუმცა წელიწადში 30 ძეგლს რომ მივანიჭოთ სტატუსი, ეს მიუღწეველი ამოცანაა“, - ამბობს ნატო სულთანიშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში მხოლოდ მღვიმეების რაოდენობა 1500-ზე მეტია, ამ ტემპით მათთვის სტატუსების მინიჭებას მინიმუმ 50 წელი დასჭირდება.
„მღვიმე ყველა ქვეყანას არა აქვს. საქართველო მღვიმეების მექაა, სახელმწიფო კი ამას ყურადღებას არ აქცევს. 30 წლის განმავლობაში თუ რამე აღმომიჩენია, რომელი დეპარტამენტისთვისაც არ უნდა მეთქვა, არავის აინტერესებდა“, - ამბობს იური დავლიანიძე.