მდინარაძე: მზად ვართ მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი

„ქართული ოცნება“ მზადაა, მოლაპარაკება შედგეს „ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი“. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ.

მდინარაძის თქმით, ყველა საკითხზე, რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან, ხელისუფლების მხრიდან არსებობს:

  • უკვე გადადგმული ნაბიჯები - ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, საარჩევნო და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და ა.შ.
  • კომპრომისული წინადადებები.
  • საკითხის გადაწყვეტის გზები, რომლებზეც იყო საუბარი მოლაპარაკების მაგიდასთან.

მდინარაძე კომპრომისებისა და სხვა შეთავაზებების დეტალებზე არ საუბრობს, მოლაპარაკებების დახურული კარის პოლიტიკის გამო.

„თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ უკვე შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას“, - ამბობს მდინარაძე.

27 მარტს საქართველოში ბრუნდება კრისტიან დანიელსონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციას გააგრძელებს.