ოპოზიციის ნაწილი განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საპროტესტო დემონსტრაციაზე

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ მზადაა პარლამენტში შევიდეს კონკრეტულ საკითხებზე აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეთანხმების შემთხვევაში. 27 მარტს გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ:

  • გირჩი - მეტი თავისუფლება
  • ლელო
  • ელენე ხოშტარია - დროა
  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • პროგრესი და თავისუფლება
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის.
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ეს პარტიები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის კრიზისის დასაძლევად შემოთავაზებული გზამკვლევის ყველა პუნქტთან დაკავშირებით.

ახალი არჩევნების საკითხი

გიორგი რურუას ციხეში დატოვებამ, გარეჯის საქმის პოლიტიკური დაკვეთით დაწყებამ, რომლის ამოცანაც პოლიტიკური ოპოზიციის დემონიზება იყო, ოპონენტების პოლიტიკურმა დევნამ, საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის მიმართ დაუსჯელმა ძალადობამ, წინასაარჩევნოდ მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის არნახულმა მასშტაბმა, არჩევნების დღეს ამომრჩევლის კონტროლის კარუსელებმა, ბიულეტენების ჩაყრამ, ოქმების მანიპულაციებმა და სასამართლოების მიერ საარჩევნო დავების განხილვაზე ორგანიზებულმა უარმა, გამორიცხა 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა.

არჩევნების შემდგომ პერიოდში, ისედაც რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, ხელისუფლებამ შტურმით აიღო ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ოფისი და დააპატიმრა მისი ახლად არჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია, რასაც წინ უძღოდა ივანიშვილის ფორმალურად გადადგომა პარტიის თავმჯდომარეობიდან და საჯარო პოლიტიკიდან მისი გაწევა. ასევე, მელიას ამგვარი ფორმით დაპატიმრების პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა პრემიერმა გიორგი გახარიამ. ივანიშვილი და გახარია რეალურადაც და ფორმალურადაც ის ცენტრალური ფიგურები იყვნენ, რომლებსაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ლოგიკური აუცილებლობა და ევროპული დემოკრატიული ტრადიციის შესაფერისი ნაბიჯია.

ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ ამ საკითხის განხილვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, არასაჯაროდ კი, გამოსავლად საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმას გვთავაზობენ. ამ ორი პრინციპულად და შინაარსობრივად განსხვავებული არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება იწვევს თვითმმართველობის და საპარლამენტო მმართველობის შესახებ მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესების აღრევას. ასეთი მოდელი მხოლოდ დამაბნეველი იქნება საზოგადოებისათვის მაშინ, როდესაც ამომრჩევლებს მარტივი და მკაფიო არჩევანი უნდა ჰქონდეთ, და შესაბამისად, არ გამოდგება ტესტად ვადამდელი არჩევნების საკითხზე. სწორედ ამიტომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავუჭერთ ამ მოდელს მხარს.

ოპოზიციას მოქნილი პოზიცია აქვს როგორც ვადამდელი არჩევნების თარიღთან (ბუნებრივია, გონივრულ ფარგლებში), ისე ამ შედეგამდე მისასვლელ გზასთან დაკავშირებით. ზოგი ჩვენგანი თვლის, რომ ერთადერთი გზა ახლა პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, ზოგმა კი, კრიზისის განმუხტვის მიზნით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ უმრავლესობის აზრის გაგებას, პლებისციტს დაუჭირა მხარი.

პოლიტიზებული მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები

ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა და არ არის ხელისუფლების მხრიდან საჯაროდ აღიარება, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს - ამ ეტაპზე ავტომატურად გადაწყვეტს საკითხს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ფორმით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე, პოლიტიკური მოტივით დაწყებული საქმეების შეწყვეტა.

საარჩევნო სისტემის/ადმინისტრაციის რეფორმა

არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივბარიერიანი ან მასთან მიახლოებული სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული/ერთპარტიული მმართველობის დასასრულებლად.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, მისი ფორმირების და ფუნქციონირების წესი შეუძლებელს უნდა ხდიდეს მმართველი პარტიის სრულ დომინაციას, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ. ოპოზიცია თანახმაა ნებისმიერ ქმედით მექანიზმზე, რომელიც შეცვლის არსებულ საარჩევნო ადმინისტრაციას და გამორიცხავს დღევანდელი ან მომავალი პოლიტიკური ოპოზიციის იგნორირებას საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების პროცესში, ხოლო საარჩევნო წესები უნდა გამორიცხავდეს ან მაქსიმალურად ამცირებდეს ამომრჩევლების მოსყიდვის ან მათზე ზეწოლის შესაძლებლობას.

ამისთვის ოპოზიციას შეთავაზებული აქვს როგორც ელექტრონული კენჭისყრის რეალისტური მექანიზმების შემოტანა, ასევე ამომრჩევლების იდენტიფიცირების და კენჭისყრის ფარულობის ეფექტიანი უზრუნველყოფა. ეს აუცილებელი ცვლილებები ამ ეტაპზე არაა ასახული პარლამენტში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტში.

სასამართლოს რეფორმა

ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს შემუშავებული და საჯაროდ გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა რეფორმირდეს მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში, მაგრამ ყველა შემთხვევაში, საწყისი ნაბიჯი აუცილებლად უნდა იყოს არსებული იუსტიციის საბჭოს, როგორც სრულად ნდობადაკარგული ორგანოს შეცვლა. იქამდე უნდა შეწყდეს ამ საბჭოს მიერ სასამართლოების დაკომპლექტება. აქაც, საარჩევნო ადმინისტრაციის მსგავსად, ნებისმიერი რეფორმა უნდა მოიცავდეს დღევანდელი თუ მომავალი ოპოზიციის იგნორირების შეუძლებლობას მართლმსაჯულების სისტემის ფორმირებისას.

ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში

ოპოზიციის ინტერესშია არა დღევანდელ პარლამენტში კონკრეტული თანამდებობების დაკავება, არამედ ზოგადად ტრადიციის შექმნა საპარლამენტო კონტროლში ნებისმიერი ოპოზიციის ეფექტიანი მონაწილეობისთვის.

----------

სწორედ ამ პუნქტებში ჩამოყალიბებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და დღევანდელ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ვართ მზად, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში, - აცხადებს ოპოზიცია.