არასამთავრობოები ხელისუფლებასა და ოპოზიციას კრიზისის გადაჭრის გეგმას სთავაზობენ

არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება; ცესკოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, გენერალური აუდიტორის და პროკურორის ორმხრივი მხარდაჭერა; პარლამენტში ოპოზიციისთვის მეტი ბერკეტების მიცემა, - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციას პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ.

მათივე აზრით, ხელისუფლებამ უნდა გამონახოს გზები პოლიტიკური კონტექსტით დაკავებულთა გასათავისუფლებალად; კონკრეტული ვალდებულებების აღების შემდეგ კი, ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში 2020 წლის არჩევნებზე მიღებული მანდატებით.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური დისკუსია დაცლილია საზოგადოების უმთავრესი წუხილებისა და ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვისგან“, - აცხადებენ NGO-ები და ამატებენ: „გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კრიზისის განმუხტვა არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების უმთავრეს პრიორიტეტს“.

არასამთავრობოებებს მიაჩნიათ, რომ მათი შემოთავაზებები გადაჭრის არსებულ კრიზისს მოკლევადიან პერსპექტივაში და ასევე სამომავლოდ გააჯანსაღებს, კონსენსუსზე ორიენტირებულს გახდის პოლიტიკურ სისტემას.

დეტალური გეგმა კი ასეთია:

  1. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოებულ ბარიერთან. საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მან უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების სამართლიანი მონაწილეობა და ჩართულობა, ასევე საზოგადოების მაღალი ნდობა;
  2. პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საჭირო უნდა იყოს ე.წ. ორმაგი 2/3 (ერთდროულად მოსამართლე წევრთა 2/3 და არამოსამართლე წევრთა 2/3), თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში ორმხრივი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ (ე.წ. ბილატერალური მხარდაჭერა);
  3. ბილატერალური მხარდაჭერითვე უნდა დაინიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და გენერალური პროკურორი. ეს თანამდებობის პირები, ისევე როგორც მოსამართლეები, უნდა დაექვემდებარონ განახლებული პროცედურით გადანიშვნის წესს 2021 წლის განმავლობაში;
  4. უმრავლესობამ უნდა გამონახოს სამართლებრივი გზები ოპოზიციისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე სისხლისსამართლებრივი საქმეების ფიგურანტი პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გასათავისუფლებლად და მათი საქმეების დროებით შესაჩერებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მათზე ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად რეფორმირებულმა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა მიიღოს;
  5. პარლამენტის სპიკერატში ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი; პირველი ვიცე-სპიკერი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარეთა თანამდებობები, მათ შორის, წამყვანი კომიტეტების, ოპოზიციასა და უმრავლესობას იმ პროპორციით გადაუნაწილდეს, როგორიც მათი საპარლამენტო წარმომადგენლობაა;
  6. საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების აღების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა აითვისოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატები, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეფორმების როგორც შემუშავებაში, ისე იმპლემენტაციაში.

მიმართვის ავტორები არიან:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia);
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • ლიბერალური აკადემია თბილისი.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც ხელისუფლება უარყოფს. კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლით ჩაერთო ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი - ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ორშაბათიდან განახლდება.