პარლამენტთან მოედნის განახლებაზე მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯა

34 987 ლარი პროექტირებისა და 1 612 826 ლარი კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის - ეს არის ის თანხა, რაც მერიამ 2019-20 წლებში დახარჯა პარლამენტის წინ 2 540 მ2-ის რეაბილიტაციისთვის. ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიისგან გამოითხოვა.

ეს სამუშაოები პარლამენტის წინ, დაახლოებით 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 7 თვეს გაგრძელდა. აქტივისტები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ქალაქის მთავრობამ ქვეყნის მთავარი საპროტესტო სივრცე „ჩაკეტა” და „მიიტაცა”.

მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი 2019 წლის 18 მარტს გამოცხადდა - მერიამ შპს „მ-პროექტისგან“ იყიდა პარლამენტის წინ ტერიტორიაზე საკვლევ-საძიებო სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი სამუშაოების (ჰიდროიზოლაციის, ან/და სანიაღვრე, ან/და სადრენაჟე ქსელის, ან/და სხვა ხელოვნური ნაგებობების მოწყობის) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. 2019 წლის ივნისში ქალაქს უკვე ჰქონდა ეს დოკუმენტაცია, რომელშიც 34 987 ლარი გადაიხადა.

საბოლოოდ, პროექტი, რომელიც მერიამ კონტრაქტორისგან მიიღო, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის საპროექტო განყოფილებამ გადაამუშავა და დაგეგმა კეთილმოწყობის სამუშაოები, რაც ქალაქს 1 612 826,30 ლარი დაუჯდა. მოედნის ახალი დიზაინიც - წახნაგოვანი რკინის კარკასები ბუჩქებისთვის და შემცირებული თავისუფალი სივრცე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს ეკუთვნის.

ნახაზი პროექტიდან

სატენდერო დოკუმენტაციაში მერია ამ ადგილის განახლების საჭიროებას იმით ხსნის, რომ წვიმიან და თოვლიან ამინდებში მოედნიდან წყალი ჩადიოდა და აზიანებდა მიწისქვეშ განთავსებულ შადრევნის სატუმბ სადგურს. მოედნის იერ-სახის შეცვლაზე, ახალი რკინის კონსტრუქციების დადგმასა და ნარგავების დარგვაზე საბუთებში არაფერი წერია.

მხოლოდ ტექნიკური დავალების სხვა მოთხოვნებში” წერია, რომ:

  • მიმწოდებელმა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას უნდა გაითვალისწინოს საჭიროებისამებრ აღდგენითი (ფილები, მწვანე ნარგავები და სხვა) სამუშაოები, რომელიც უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან;
  • მიმწოდებელი ვალდებულია, ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი გარემოება (მისი წარმოშობის შემთხვევაში) შეიტანოს საპროექტო დოკუმენტაციაში დამატებითი ანაზღაურების გარეშე (დამკვეთთან შეთანხმებით);

მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ კვლევების შედეგად დაადასტურა, რომ შადრევნის სატუმბ სადგურში წყალი წვიმის დროს მართლაც ჩადის და მოედანზეც ქვის ფილების ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ მოედნის ახალი დიზაინი ქალაქის მთავრობისთვის არ შეუთავაზებია და არც ის უთქვამს, რომ განახლება მთელ მოედანს სჭირდება. ეს გადაწყვეტილება მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა მიიღო. მათ მიერ შედგენილ განმარტებით ბარათში წერია:

  • მოედნიდან ზედაპირული წყლების თავიდან აცილების და რკინა-ბეტონის გადახურვის ფილის თავზე ჰიდროსაიზოლაციო ფენის კონსტრუქციის მოსაწყობად აუცილებელია არსებული გრანიტის ფილის, დუღაბის, მჭლე ბეტონის და ქვიშის ფენის დემონტაჟი.
  • მოედნის დანარჩენ ნაწილზე ეწყობა ახალი სხვადასხვა ტიპის დეკორატიული ფილები და ქვიშოვანი ა/ბეტონის საფარი, საიზოლაციო ფენის გარეშე. არსებული გრანიტის ფილა, რომელიც მოწყობილია ქვიშა-ცემენტის ხსნარზე, დემონტაჟის დროს სავარაუდოდ მისი 80% შემდგომი გამოყენებისთვის გახდება უვარგისი. ამიტომ, პროექტით გათვალისწინებულია ფილების სრულად ახლით ჩანაცვლება.

თბილისის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შედგენილი გეგმისა და პროექტის მიხედვით სამუშაოები „გრინსერვის +“-მა შეასრულა, მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით, რის გამოც ჯარიმის გადახდაც კი მოუწია.

პარლამენტის მოედნის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოებისთვის მერიას ცალკე ტენდერი არ გამოუცხადებია, თბილისის მასშტაბით კეთილმოწყობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-გამაგრების სამუშაოების ჩასატარებლად თითქმის 5-მილიონიანი ტენდერის ფარგლებში, გააკეთა „გრინსერვის +“-მა. კომპანიამ სამუშაოები რუსთაველის 8 ნომერში 2020 წლის 22 იანვარს დაიწყო და საჯაროდ ითქვა, რომ 60 დღეში დასრულდებოდა, თუმცა ხელშეკრულებაში დასრულების თარიღად 14 ივნისი ჩაიწერა.

ასევე ნახეთ ევრორემონტი საკრალურ ადგილზე

მერიასა და კომპანიას შორის კორესპონდენციით ირკვევა, რომ 1 აპრილს, 9 ივნისს და 21 ივლისს „გრინსერვის +“-მა ქალაქის მთავრობას წერილები გაუგზავნა და სამუშაოების დასრულების თარიღმაც 10 აგვისტომდე გადაიწია, თუმცა საბოლოოდ ეს პირობაც ვერ შესრულდა და კომპანიას ჯარიმა დაეკისრა.

საბოლოოდ, განახლებული მოედანი 7-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, 2020 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა.

მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ ასე გამოიყურება. მოედანზე დამონტაჟებულია დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები; ოფიციალური ინფორმაციით, დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო.

მერიამ პარლამენტის წინ 2800 კვადრატული მეტრის რეაბილიტაციას 7 თვე მოანდომა, ანუ ამ პერიოდის განმავლობაში მერია და მისი კონტრაქტორი დღეში საშუალოდ 15 კვადრატულ მეტრს აახლებდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

ვის ეკუთვნის ტერიტორია პარლამენტის შენობის წინ?