გიორგი ჩიტიძე: ჩვენ ველით, რომ დიალოგის მეორე რაუნდი უფრო გამჭვირვალე იქნება

გიორგი ჩიტიძე

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იქნება, ერთის მხრივ, უფრო წარმატებული, მეორეს მხრივ, გამოსწორდება ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზი“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა გიორგი ჩიტიძემ. მისი თქმით, სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი მოუწოდებს მედიატორებს, როგორც მიუკერძოებელმა მხარემ, თავად გააკეთოს დიალოგის მიმდინარეობის შესახებ კომენტარები:

„როდესც ორი მხარე ზის, ოპოზიცია და ხელისუფლება, შემდგომ იქმნება სიტუაცია, როდესაც ერთმანეთს აბრალებენ და ინფორმაცია რაც გამოდის, გამოდის, რა თქმა უნდა, მიკერძოებული და სუბიექტური. ამიტომ ჩვენი მოწოდება არის მედიატორების მიმართ, რომ მათ გააკეთონ ხოლმე კომენტარები, რომ მათ მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას, როგორც მიუკერძოებელმა და ობიექტურმა მხარემ. სხვაგვარად, ქართული საზოგადოება უყურებს პროცესს, რომლის შესახებაც არაფერი არ იცის და შემდგომშიც უკვე ინტერპრეტაციებს ისეთს აძლევს ორივე მხარე, რაც მისთვის არის სასარგებლო. ამიტომ ჩვენ ველით ორ რამეს, რომ მედიაცია იქნება წარმატებული და, რაც მთავარია, იქნება უფრო გამჭვირვალე. რითაც ეს პროცესი, ესე რომ ვთქვათ, ვერ დაიკვეხნიდა აქამდე, სამწუხაროდ“, - აღნიშნა გიორგი ჩიტიძემ „დილის საუბრებში“.

12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგის შესახებ განცხადება, რომელშიც გამოხატულია სურვილი, მიუკერძოებელ და ნეიტრალურ მედიატორთა მხრიდან, საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია უშუალოდ მედიაციის პროცესის, ამ პროცესში პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობისა და შედეგების შესახებ.

„მიგვაჩნია, რომ მედიაციის ამგვარად წარმართვა, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და თავიდან აგვაცილებს დამატებით სპეკულაციებს, დეზინფორმაციისა და ანტიევროპული ნარატივების გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - მის საზღვრებს გარეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კრიზისის გარშემო ევროკავშირის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება და მოლაპარაკებები განახლდება.

„შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით უკვე მიღწეული პროგრესი. კომპრომისების მიღწევის დროა საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. ჩემი წარმომადგენელი ისევ დაბრუნდება, რომ განაგრძოს მედიაცია“, - წერდა ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 22 მარტს ტვიტერზე.

შარლ მიშელი 22 მარტს შეხვდა საქართველოში თავის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს. გადაწყდა, რომ ის ამ კვირის ბოლოს ესტუმრება საქართველოს.

შარლ მიშელსა და კრისტიან დანიელსონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დანიელსონის შუამავლობით საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს პოლიტიკური პარტიებმა მიაღწეს გარკვეულ შეთანხმებას ხუთიდან სამ საკითხზე: საარჩევნო რეფორმების, მართლმსაჯულების რეფორმებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაზე. მაგრამ არსებობს გადაუდებელი საჭიროება, რომ პროგრესი მიღწეული იქნას ორ ყველაზე უფრო სადავო - პოლიტიზებული მართლმსაჯულებისა და მომავალი არჩევნების საკითხებში.

19 მარტს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა თქვა, რომ საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული.