წარმოიდგინეთ სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმე, სადაც მთავარი მოწმე ერთი და იგივე პირია. ასეთი საქმე პროკურატურაში ათეულობითაა. ეს იმას ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში პირის დასაპატიმრებლად გამოძიება აგენტ-პროვოკატორს იყენებს. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში რადიო თავისუფლება აღწერს, როგორ აკავებს პროკურატურა მათ, ვის მიმართაც ხელისუფლებას პოლიტიკური, ან ხელისუფლების წარმომადგენლებს - პირადი ანგარიშსწორება აქვთ გადაწყვეტილი.
ეს არის ამბავი ირინოლაზე - აგენტ-პროვოკატორ ქალზე, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახელით ათეულობით საქმეში შეგხვდებათ.
ირინოლა - საინტერესოდ მოსაუბრე ქალი, ვულგარული ჩაცმულობით, ძვირფასი აქსესუარებით და უცნაურად მოხატული ფრჩხილებით, მსხვერპლს მახეში ინტიმური ურთიერთობით აბამს.
მსხვერპლი #1 - ბერიანიძე საქართველოს წინააღმდეგ
ასე დასათაურდება საჩივარი, რომელიც 2021 წლის 27 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჩაბარდა. ამ საჩივრის ავტორი კასპელი აკაკი ბერიანიძეა.
2015 წლის 31 მარტს აკაკი ბერიანიძე ფინანსურმა პოლიციამ ყალბი ანგარიშფაქტურის დამზადებით ათეულობით ათასი ლარის შემოსავლის მიღებაში დაადანაშაულა.
ბერიანიძე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევას დავობს - მათ შორის ამბობს, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს და გამოხატვის თავისუფლების პრინციპები და ამტკიცებს, რომ პროვოკაცია პოლიტიკური შეხედულებების გამო მოუწყვეს.
პროკურატურას ვთხოვდი გამოეკვლია, რომ ის იყო აგენტ-პროვოკატორი და არა რიგითი მოქალაქე, რომელმაც თითქოს შეიტყო ჩემ მიერ უკანონო საქმიანობის ჩადენის შესახებაკაკი ბერიანიძე, მსხვერპლი
აკაკი ბერიანიძემ ქართული სასამართლოს სამ ინსტანციაში ბრალი არ აღიარა. ის და მისი ადვოკატი სასამართლოში ამაოდ ამტკიცებდნენ, რომ საქმე ფინანსური პოლიციისგან მიგზავნილი აგენტი ქალის მეშვეობით „შეიკერა”. ბერიანიძე სამივე ინსტანციამ დამნაშავედ ცნო:
„სასამართლოს მოვახსენე, როგორ დამიკავშირდა ეს ქალი სოციალური ქსელით, როგორ დამიახლოვდა. ასევე წარვადგინე მტკიცებულებები, რომ ეს ქალი სხვადასხვა სახელით ფიგურირებდა სხვადასხვა ისტორიაში. პროკურატურას ვთხოვდი გამოეკვლია, რომ ის იყო აგენტ-პროვოკატორი და არა რიგითი მოქალაქე, რომელმაც თითქოს შეიტყო ჩემ მიერ უკანონო საქმიანობის ჩადენის შესახებ და მიმართა სამართალდამცავებს და დასთანხმდა მათ ოპერატიულ საქმიანობაში მონაწილეობას. სინამდვილეში ის იყო აგენტი, რომელიც, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში ცდილობდა ჩემ წამოკიდებას სხვადასხვა ხერხით. მას ჰქონდა კონკრეტული დავალება ჩემ მიმართ”, - ეუბნება აკაკი ბერიანიძე რადიო თავისუფლებას.
ბერიანიძე წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი იყო კასპში და დღემდე ამ პარტიის წევრია. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს შემოსავლების სამსახურში მთავარ ოფიცრად, მოგვიანებით 2 წელი კასპის საკრებულოს აპარატის უფროსად მუშაობდა. ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩამოაქვეითეს.
დაპატიმრებისას უკვე გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი იყო.
რადიო თავისუფლებას აკაკი ბერიანიძე ეუბნება, რომ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკავებამდე რამდენჯერმე შეუთვალეს, საჯარო სამსახური დაეტოვებინა.
„სამსახურში ვერანაირი მიზეზი ვერ მიპოვეს. შემდეგ ეს ქალბატონი გამოჩნდა, როგორც კერძო კომპანიის ფინანსისტი, რომელთანაც გარკვეული მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მოგვიანებით მასთან გავაფორმე ხელშეკრულება ჩემი ოჯახის კუთვნილი კომპანიის სახელით, რომელსაც ჩემი მეუღლე ხელმძღვანელობდა. ეს ხელშეკრულება და მის საფუძველზე მიღებული თანხა მიმაჩნია, რომ კანონიერი იყო, ამიტომაც არ ვაღიარე დანაშაული და ვიბრძვი ევროპულ სასამართლოში”.
ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, აკაკი ბერიანიძემ აგენტ ქალთან გაფორმებული ხელშეკრულებით 40 ათასი ლარი უკანონოდ მიიღო, რისთვისაც მას მსუბუქი სასჯელი, 3-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა. აკაკი ბერიანიძემ სამსახური დაკარგა.
ქალი, რომელზეც აკაკი ბერიანიძე ჰყვება, სამართალდამცავებთან სულ მცირე 10 წელია თანამშრომლობს. სხვა წყარო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმავე ქალის ჩვენება 50-მდე საქმეშია გამოყენებული.
რადიო თავისუფლების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების მიხედვით, 8 ადამიანი აღმოჩნდა საპატიმროში მისი ჩვენებების შედეგად. უმრავლესობასთან ქალი ინტიმურ კავშირს ამყარებდა, ნდობას მოიპოვებდა და ფინანსური დანაშაულისკენ უბიძგებდა, რომლის „მსხვერპლიც” ხშირად თავად ხდებოდა.
ირინოლა ერისთავი - მსხვერპლი თუ აგენტი პროვოკატორი?
ირინოლა ერისთავი გამოგონილი სახელია, ერთ-ერთი სხვა რამდენიმე სახელიდან, რომლითაც ირინოლა სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობს. რადიო თავისუფლებამ ქალის ნამდვილი სახელი, გვარი და სხვა პერსონალური მონაცემები დაადგინა, მაგრამ აქ მოთხრობილი ამბების შინაარსის გამო, აგენტს მისი ერთ-ერთი „სამუშაო სახელით” - ირინოლათი - მოვიხსენიებთ.
ირინოლა 1976 წელს თბილისში დაიბადა. განათლებით ექიმი-პედიატრია, ცხოვრობს თბილისში. ჰყავს მეუღლე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომლის დოკუმენტური დადასტურება ვერ შევძელით, ირინოლამ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც წლების წინ თავად შეექმნა მათთან პრობლემები. ის 2012 წლიდან მოყოლებული მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული. ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეებში ირინოლა სხვადასხვა ლეგენდით ჩნდება: ხან თურქი ბიზნესმენის ფინანსური მენეჯერია, ხან - აზერბაიჯანელი ბიზნესმენის მეგობარი, ზოგჯერ - ქართული კომპანიის ბუღალტერი. მსხვერპლს სოციალური ქსელით ეცნობა და ეს გაცნობა უმრავლეს შემთხვევაში ინტიმური ურთიერთობით გრძელდება; ნდობის მოპოვების შემდეგ ახალ ნაცნობს ფულის შოვნას თავად სთავაზობს.
სხვადასხვა საქმეში ფულის შოვნის სხვადასხვა გზაზეა საუბარი. რამდენიმე მსხვერპლი თანხის აღებაზე არ დათანხმდა, თუმცა ირინოლამ ფული მსხვერპლის ავტომანქანაში ან ოთახში დადო, რაც მათ დასაპატიმრებლად საკმარისი აღმოჩნდა.
როდესაც მსხვერპლი მახეშია გაბმული, ირინოლა, როგორც კანონის დარღვევით შეწუხებული რიგითი მოქალაქე, სამართალდამცავებს მიმართავს: დგება პატაკი, რომ მოქალაქე ირინოლა ერისთავი უკანონობას გადააწყდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებს ოპერატიულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე თანხმდება. შედეგად, „კანონდამრღვევს” კონკრეტული მტკიცებულებით აპატიმრებენ. გამომძიებელი სასამართლოში მალავს, რომ საქმე აგენტის მეშვეობით გახსნა. პროკურატურა, მიუხედავად იმისა, რომ ირინოლა მრავალ საქმეში ხვდება, მის აგენტობაზე თვალს ხუჭავს. საქმის დეტალებს არც სასამართლო იკვლევს და ასე გრძელდება წლები.
ყველა მსხვერპლი მას საერთო ნიშნებით აღწერს: აქვს „ინტელექტუალური მეტყველება“, „ვულგარული, გამომწვევი ჩაცმულობა“ და უცნაურად, „უცხოდ მოხატული ფრჩხილები“.
რადიო თავისუფლებამ მიაკვლია აგენტი ქალის რამდენიმე ფეისბუკპროფილს. ერთ-ერთ ქსელში იგი ახლაც აქტიურია, საჯაროდაა ხელმისაწვდომი და 3 000-ზე მეტი მეგობარი ჰყავს. ანგარიში მისი ერთ-ერთი გამოგონილი სახელითაა გახსნილი. ირინოლა საჯაროდ ძირითადად საკუთარ ფოტოებს და საეკლესიო დღესასწაულების მილოცვებს ავრცელებს. სტატუსებიც, უმეტესად, რელიგიურ-პატრიოტული შინაარსისაა, თუმცა 2020 წელს ერთ პოლიტიკური შინაარსის სტატუსსაც აქვეყნებს და „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ეხმაურება.
როგორ უნდა მუშაობდეს აგენტი
სამართლის სპეციალისტები, რომლებსაც რადიო თავისუფლებამ აგენტის მუშაობის დეტალები გააცნო, ამბობენ, რომ მისი საქმიანობა უკანონოა და დანაშაულის პროვოცირების ნიშნებს შეიცავს. აგენტს სამართალდამცველები დემოკრატიულ ქვეყნებშიც იყენებენ, თუმცა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით აგენტის მუშაობა მკაცრადაა რეგლამენტირებული. თუ აგენტი ამ რეგლამენტის ჩარჩოებს სცდება, ის უკვე პროვოკატორია, მისი პროვოცირებით დაპატიმრებული პირი უდანაშაულოდ ითვლება, პროვოკატორი კი ისჯება. დანაშაულის პროვოცირება ჩვენი კანონმდებლობით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ევროპული სტანდარტით, აგენტი უნდა იყოს პასიური, მას ინიციატივის გამოჩენის უფლება არ აქვს.
ევროპული სტანდარტით, დაუშვებელია, აგენტმა წაახალისოს დანაშაული.
ევროსასამართლოს პრაქტიკით, როდესაც ბრალდებული ამბობს, რომ დანაშაული მან აგენტის პროვოცირებით ჩაიდინა, აუცილებელია, სამართალდამცავებმა და სასამართლომ ეს გამოიკვლიონ, პროკურატურამ კი უნდა დაამტკიცოს, რომ პროვოცირება არ მომხდარა.
ირინოლას შემთხვევაში, მიუხედავად მსხვერპლთა არაერთი განცხადებისა, რომ ისინი აგენტის ხაფანგში გაებნენ, პროკურატურას და სასამართლოს ეს გარემოებები არ გამოუკვლევია, მსხვერპლნი კი გაამტყუნეს.
როგორ მუშაობს აგენტი პროვოკატორი
ირინოლა ერისთავს მოქმედების ფართო გეოგრაფიული არეალი, სხვადასხვა სახელი და არცთუ მრავალფეროვანი მეთოდები აქვს.
იმ მსხვერპლთა უმრავლესობა, რომლებიც მის მახეში გაებნენ, სახელმწიფო სამსახურში მუშაობდნენ. მათი ნაწილი გვეუბნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გამო დასაჯეს, ნაწილი ამბობს, რომ ვიღაცას ხელისუფლებაში მათი თანამდებობა სჭირდებოდა და რაკი ნებით არ დათმეს, პროვოკაციის გზით, ძალით ჩამოაცილეს.
რადიო თავისუფლება, აკაკი ბერიანიძის გარდა, აგენტის სხვა მსხვერპლთა იდენტიფიცირებას არ ახდენს - მათი ისტორიები პირად, ინტიმურ ინფორმაციასაც შეიცავს.
მსხვერპლი #2
#2-ს 2019 წელს 1000 დოლარის ქრთამის აღებაში დასდეს ბრალი. ირინოლას მსხვერპლი აჭარაში მაღალ თანამდებობაზე 2011 წლიდან მუშაობდა. ამბობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებიდან რამდენჯერმე უშედეგოდ შეუთვალეს, თანამდებობა საკუთარი ნებით დაეტოვებინა. 2019 წლის გაზაფხულზე მის ცხოვრებაში ირინოლა გამოჩნდა. „ირინოლა ერისთავი გავიცანი სოციალური ქსელ ფეისბუკით. ჩამოდიოდა ბათუმში, ვხვდებოდით რესტორანში და დავდიოდით დღიურად გაქირავებად ბინაში. ირინოლა გამოირჩევა ინტელექტით, აქვს გრძელი თავისებურად მოხატული ფრჩხილები, არის საშუალოზე ოდნავ მაღალი, გააჩნია მოგრძო სახე”, - #2-ის მონათხრობი საქმის მასალებშია, რომელიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა.
რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ ერისთავმა მსხვერპლს მეგობარი ბიზნესმენის დახმარება სთხოვა. #2 ამბობს, რომ დასახმარებლად უკანონობის ჩადენა არ სჭირდებოდა - ყველაფერი კანონის მიხედვით გააკეთა და პირადად არც თანხა აუღია, თუმცა დააპატიმრეს. საბოლოოდ, საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდა. ბრალად წარდგენილი მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა 2 წელი და 10 ათასი ლარი ჯარიმა მიუსაჯეს. თანამდებობა დაკარგა.
მსხვერპლი #3
#3 შიდა ქართლში ერთ-ერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. თანამდებობაზე კონკურსით შეირჩა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ საკონკურსო ადგილით „ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსანთან დაახლოებული პირი იყო დაინტერესებული. #3 ამბობს, რომ თბილისში დაიბარეს და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. მოთხოვნაზე მან უარი თქვა და გათავისუფლების შემთხვევაში სასამართლოში ჩივილით დაიმუქრა. რამდენიმე თვეში #-3-ს ირინოლა სხვა სახელითა და გვარით უცხოელი ბიზნესმენის მენეჯერად გაეცნო. ქალმა უთხრა, რომ უცხოელს მის დაქვემდებარებულ სფეროში ინვესტირება სურდა. „მასთან მე მქონდა მისივე ინიციატივით სექსუალური ურთიერთობა და იგი სწორედ სექსუალური ურთიერთობით ცდილობდა ჩემთან კარგ ურთიერთობას და ნდობაში შემოსვლას. იგი არის საშუალოზე ოდნავ მაღალი, მოგრძო პირისახით, მუქი ფერის თვალებით, ვულგარული ჩაცმულობით, გრძელი მოხატული ფრჩხილებით… ჩემი ინფორმაციით, იგი არის აგენტი პროვოკატორი და არაერთ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული”, - ასე აღწერა მესამე მსხვერპლმა მოგვიანებით ირინოლა ერისთავთან ურთიერთობა. #3 10 ათას ლარზე მეტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამბობს, რომ თანხა არ მოუთხოვია და აგენტის პროვოცირების მსხვერპლი გახდა. 11-წლიანი პატიმრობის შიშით საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდა. საბოლოოდ, მასაც 2 წელი და 10-ათასლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს.
მსხვერპლი #4
მეოთხე მსხვერპლი სამეგრელოდანაა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი წლების განმავლობაში ერთ-ერთი რაიონის გამგებლის მოადგილე იყო და არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მუშაობდა. ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ რეგიონში სამსახური დაკარგა, თუმცა, სანამ თბილისის მერად გიგი უგულავა რჩებოდა, დედაქალაქში მისი დახმარებით მერიის ერთ-ერთ სამსახურში მოეწყო. ქალაქის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დააქვეითეს, მაგრამ სამსახურიდან არ წასულა. ამბობს, რომ უგულავასდროინდელ კადრებზე ნადირობა გამოცხადდა. ერთ დღეს #4-ის ცხოვრებაშიც გამოჩნდა აგენტი ქალი, რომელთან ნაცნობობა ინტიმური ურთიერთობით დაიწყო და დაპატიმრებით დასრულდა. „დაახლოებით, 2014 წლის ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებით“ გავიცანი ვინმე ირინოლა ერისთავი, რომელთანაც დამიმყარდა ახლომეგობრული ურთიერთობა. სწორედაც ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, კერძოდ, ირინოლა ერისთავის აქტიური მოქმედების შედეგად, მისი პროვოცირების საფუძველზე აღმოვჩნდი ბრალდებულის სკამზე და შემდგომში ჩემ მიმართ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. მინდა აღვნიშნო, რომ, ჩემი ვარაუდით, ირინოლა გახლავთ აგენტი, რომელიც სხვადასხვა ლეგენდით უკავშირდება სახელმწიფოსთვის საინტერესო ადამიანებს და ახორციელებს მათთან კომუნიკაციას და მისგან პროვოცირების გზით ხორციელდება შემდგომ ამ ადამიანების დაკავება”, - წერს მსხვერპლი რადიო თავისუფლების ხელთ არსებულ დოკუმენტში. მსხვერპლი #4 ამბობს, რომ ქალთან ინტიმური ურთიერთობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ერთ დღეს მან ავტომანქანაში დანიშნული ფული დაუდო და რამდენიმე წუთში დააკავეს. #4-ს თავისუფლება 10-ათასლარიანი ჯარიმა და 4-წლიანი პირობითი სასჯელი დაუჯდა. ფინანსური პოლიციის მიერ მისი დაკავებისას გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მან მოქალაქეს თაღლითურად 2 ათასი ლარი გამოართვა.
მსხვერპლი #5
მეხუთე მსხვერპლი სვანეთიდანაა. სხვებისგან განსხვავებით, ის სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობდა. ირინოლამ იგი რუსულ საიტზე გაიცნო. „მომწერა, მომეწონე და გაცნობა მინდაო. შეხვედრები დავიწყეთ. რამდენჯერმე რესტორანშიც ვიყავით ერთად. ცდილობდა რაიმენაირად ადგილობრივ ხელისუფლებაზე გამეყვანა, არ გამოვიდა. შემდეგ უცხოელი გამაცნო, რომელსაც თითქოს საქართველოში ფულის გათეთრება უნდოდა და ამისთვის რამდენიმე კომპანია სჭირდებოდა. მე ახლობლებს დავუკავშირდი, ვისაც ფირმა ჰქონდა. საბოლოოდ, დაგვიჭირეს”.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით #5-მა და მისმა თანამზრახველმა ყალბი ანგარიშფაქტურები დაამზადეს, რის სანაცვლოდაც მოქალაქეს 30 ათასი ლარი გამოართვეს. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 10-ათასლარიანი ჯარიმა და 3-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. „შემდეგ გავიგე, რომ ფინანსური პოლიციის აგენტი იყო, ბევრი ადამიანი ჰყავდა გაუბედურებული. სასამართლო სხდომაზე პოლიციის დაცვით დადიოდა”, - უყვება რადიო თავისუფლებას აგენტ-პროვოკატორის მეხუთე მსხვერპლი.
გადარჩენილი მსხვერპლები
რადიო თავისუფლების მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც ირინოლა ერისთავმა, მცდელობის მიუხედავად, მსხვერპლის პროვოცირება ვერ შეძლო.
2015 წელს ის კასპში ადგილობრივი კულტურის სახლის, „ჰარმონიის”, დირექტორთან, ზაზა მენაბდიშვილთან, მივიდა და აკადემიკოს ნიკოლოზ მუმლაძის გამოფენისთვის კულტურის სახლის დარბაზის მიქირავება სთხოვა. მენაბდიშვილმა ყველაფერი წესის მიხედვით მოსთხოვა: ჯერ ოფიციალური წერილი მიაწერინა, შემდეგ ხელშეკრულება გაუფორმა. ასევე, არ დათანხმდა აგენტი ქალის შეთავაზებაზე, გარკვეული თანხა „ლევად” ხელზე აეღო. მოგვიანებით აგენტმა კულტურის სახლის დირექტორს წერილი მისწერა, რომ გამოფენა ტექნიკური მიზეზით აღარ ჩატარდება და ხელშეკრულება გააუქმა. მენაბდიშვილი რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს, რომ მასთან მისული ქალბატონი ფულს სთავაზობდა. ამბობს, რომ რამდენჯერმე იყო მისული და რომ არ დათანხმდა, გამოფენა აღარ გამართულა.
იგივე აგენტი ქალი მივიდა ქარელის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულთან, თუმცა მისმა ახლობლებმა მისი აგენტობის შესახებ იცოდნენ და პოტენციური მსხვერპლი გააფრთხილეს, მისგან თავი შორს დაეჭირა.
რას აკეთებს პროკურატურა და სასამართლო
ქართულმა სახელმწიფომ ევროპულ სასამართლოში უკვე წააგო ერთი საქმე, რომელშიც აგენტ-პროვოკატორი ფიგურირებდა. საქმეს „ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ” ევროპული სასამართლო 10 წელი იხილავდა, და გადაწყვეტილება 2018 წლის სექტემბერში მიიღო.
მარნეულის გამგებლის მოადგილე ელდარ ჭოხონელიძე კუდ-მა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა) 2005 წელს ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრა, ქართულმა სასამართლოებმა მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ჭოხონელიძე დავობდა, რომ იგი პროვოკატორი ქალის დახმარებით გააბეს მახეში. ეს ქალი, რომელიც მის საქმეში კერძო მოწმის სახით მონაწილეობდა, სინამდვილეში ოთხ სისხლის სამართლის საქმეში იყო ჩართული აგენტ-პროვოკატორის მისიით.
სტრასბურგის სასამართლომ ჭოხონელიძის საქმეში მე-6 მუხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაში წერია, რომ ქართულმა პროკურატურამ და სასამართლომ, მიუხედავად ეჭვებისა, სათანადოდ არ გამოიკვლია, საქმეში მონაწილე მთავარი მოწმე იყო თუ არა აგენტ-პროვოკატორი.
აგენტ-პროვოკატორის გამოყენება არის ძალიან დიდი ბოროტება საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, რომელიც დღემდე ამ ქვეყანაში არ იცვლება და მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულებას ეწინააღმდეგებალია მუხაშავრია, იურისტი
„ჭოხონელიძის საქმის გადაწყვეტილებაში ევროსასამართლომ პირდაპირ ჩაწერა, რომ აგენტ-პროვოკატორის საკითხის არგამოკვლევის გამო საქართველოს პროკურატურა იყო, ასე ვთქვათ, დამნაშავე. ევროსასამართლომ კონკრეტულად მიუთითა, თუ რა სტანდარტი უნდა ჰქონდეს ადგილობრივ პროკურატურას და სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე „ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ არის ასეთი გადაწყვეტილება, 2021 წელსაც კი ეს მახინჯი პრაქტიკა არ შეცვლილა და აგენტ-პროვოკატორის გამოყენება ხდება სრულიად უსამართლოდ და უკანონოდ. მე მგონია, რომ აგენტ-პროვოკატორის გამოყენება არის ძალიან დიდი ბოროტება საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, რომელიც დღემდე ამ ქვეყანაში არ იცვლება და მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულებას ეწინააღმდეგება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლია მუხაშავრიამ, იურისტმა, რომელიც იცავდა ჭოხონელიძის ინტერესებს სტრასბურგში.
ევროპული სასამართლოს სტანდარტით, თუ არსებობს ეჭვი, რომ საქმეში აგენტ-პროვოკატორი მონაწილეობს, პროკურატურას მისი აგენტობის შესახებ მოკვლევის ჩატარება ევალება. პროკურატურაზე მოდის მტკიცების ტვირთი - მან უნდა დაადგინოს, ხომ არ მოხდა დანაშაულის პროვოცირება, წაქეზება.
როგორ ხდება ჩვენთან
ირინოლა ერისთავის მრავალ საქმესთან კავშირის შესახებ ერთ-ერთი მსხვერპლის ადვოკატმა პროკურატურას წერილობით აცნობა. ადვოკატი ითხოვდა, საქმეებში რიგით მოქალაქედ, რიგით მოწმედ წარმოჩენილი ქალბატონის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ პროგრამა „ქრიმ ქეისში“ (cream case) მოეძებნათ. ეს პროგრამა, რომელსაც სამართალდამცავები იყენებენ, გამოაჩენდა, რომ ირინოლა ათეულობით საქმის მონაწილე იყო. რადიო თავისუფლებას წყარო სამართალდამცავი სისტემიდან ეუბნება, რომ ეს ქალბატონი, დაახლოებით, 50 საქმეში ფიგურირებს. ადვოკატის შუამდგომლობა პროკურორმა არ დააკმაყოფილა.
პროკურატურამ არც ჩვენ, რადიო თავისუფლებას, გვიპასუხა, რატომ არ გამოიძიეს, ირინოლა ერისთავი მართლაც რიგითი მსხვერპლია თუ აგენტი პროვოკატორი.
რამდენიმე ადვოკატმა ირინოლა ერისთავის სხვადასხვა საქმეში მონაწილეობის შესახებ სასამართლოს გარკვეული მტკიცებულებებიც კი წარუდგინა.
„სასამართლო განხილვებისას აშკარა გახდა, რომ ეს ქალბატონი იყო აგენტ- პროვოკატორი. პროცესებზე ეს მტკიცებულებებიც გამოიკვლიეს, მაგრამ სასამართლომ მათი იგნორირება მოახდინა. პროკურატურის ქმედებაც იყო ნული. სამწუხაროდ, მათაც არაფერი გაუკეთებიათ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.
რას აკეთებს ირინოლა ერისთავი დღეს
რადიო თავისუფლება ირინოლა ერისთავს ტელეფონით დაუკავშირდა:
- ქალბატონო ირინოლა, ჩვენი ინფორმაციით, თქვენ, დაახლოებით, 10-მდე ადამიანის სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებთ...
- არა, რას ამბობთ! არ გაქვთ სწორი ინფორმაცია.
- იქნებ შევხვდეთ და დავაზუსტოთ?
- რატომ უნდა შევხვდეთ. მე არ მცალია, მივლინებაში ვარ.
- თქვენ ფინანსურ პოლიციაში მუშაობთ? სუს-ში მუშაობთ?
- არა, რას ბრძანებთ. პირველად მესმის თქვენგან.
- ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა საქმეში მონაწილეობთ როგორც მოწმე.
- რა თქმა უნდა, არა. პირველად მესმის.
- თქვენი პირადი ნომრით გვაქვს გადამოწმებული, რომ პირადად მონაწილეობთ სხვადასხვა საქმეში.
- აშკარად გეშლებათ, ბატონო, და ტყუილად დროს ნუ დაკარგავთ.
- იქნებ დამეხმაროთ, შევხვდეთ. გაჩვენებდით საქმის მასალებს.
- რაში უნდა დაგეხმაროთ? თქვენი პროფესიული საქმიანობა ჩემი განსავითარებელი არაა.
- კასპელ აკაკი ბერიანიძეს იცნობთ?
- არა. რას ბრძანებთ. უკაცრავად, მეტი დრო არ მაქვს.
ირინოლა ერისთავმა რადიო თავისუფლებასთან აკაკი ბერიანიძის საქმეში მონაწილეობა, მასთან ნაცნობობა უარყო. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბერიანიძის სასამართლო პროცესისას ირინოლა ერისთავის დაკითხვის აუდიოჩანაწერი. ეს ჩვენება სასამართლოს მან რელიგიური ფიცის ქვეშ მისცა.
Your browser doesn’t support HTML5
ირინოლა ერისთავის დაკითხვა სასამართლოში:
ადვოკატი: ირინოლა თქვენი ფსევდონიმია?
ირინოლა: კი.
ადვოკატი: სხვა ფსევდონიმსაც ხომ არ იყენებთ ინტერნეტში?
ირინოლა: კანონი მიკრძალავს ფსევდონიმის გამოყენებას? სხვა არ მაქვს.
ადვოკატი: გქონდათ თუ არა სქესობრივი კავშირი აკაკი ბერიანიძესთან?
ირინოლა: არა, აბსურდამდე არა, ისეთი სასაცილო რამე თქვით, 1 წელი მეყოფა.
ფლირტი, სავარაუდოდ, იყო.
არ მახსოვს, რა დონის ფლირტი იყო. ჩემი მხრიდან ეს სერიოზულად აღქმადი არ ყოფილა. დღის მანძილზე 3000 ფლირტის შემცველ შეტყობინებას ვღებულობ.
ადვოკატი: რას ისახავდა მიზნად თქვენი აყოლა აკაკი ბერიანიძის ფლირტზე?
ირინოლა: ძალიან დაინტერესებული ვარ პარაფსიქოლოგიის სკოლით. სერგეი ლაზარევის პარაფსიქოლოგიის სკოლის მიმდევარი ვარ. ვმუშაობ სადისერტაციო ნაშრომზე, სადაც ადამიანების ფსიქოტიპზე არის საუბარი, რა და როგორ და მთავარი კითხვა - ერთი და იმავე არსებულ სიტუაციაში როგორ რეაგირებას ახდენს სხვადასხვა სოციუმის მამაკაცი. ეს არის ჩემი კვლევის საგანი. შესაბამისად, ჩემი ფლირტი მანამდეც და მას შემდეგაც გულისხმობდა ჩემს დაკვირვებას ჩემსავე სამეცნიერო შრომისთვის.
Your browser doesn’t support HTML5
ჩემი ფლირტი გულისხმობდა ჩემს დაკვირვებას ჩემსავე სამეცნიერო შრომისთვისირინოლა ერისთავი
რადიო თავისუფლებას სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმიდან რამდენიმე დოკუმენტი აქვს, სადაც ირინოლა ერისთავი საკუთარი, ნამდვილი სახელით, პირადი ნომრით, პირადი ტელეფონის ნომრით და პირადი ხელმოწერითაა იდენტიფიცირებული. ერთ-ერთი საქმის მასალებში ფინანსური პოლიციის გამომძიებელი მიხეილ გაგნიძე წერს, რომ ირინოლა ერისთავი, მრავალი წელია, მისი მეგობარია.
რადიო თავისუფლება გამომძიებელ გაგნიძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან ტელეფონი გათიშა.
- გამარჯობა! რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ვარ. მაინტერესებს, თუ იცნობთ ირინოლა ერისთავს.
- არა, ძმაო! უნდა ვიცნობდე?
- ერთ-ერთ საქმეში ფიგურირებს და ჩვენებაში წერია, რომ არის თქვენი მეგობარი.
- მოდი, ჩემო კარგო, შენს საქმეს მიხედე...
ქართულ პროკურატურასა და სასამართლოებში ადვოკატების არგუმენტებმა და მტკიცებამ, რომ ირინოლა ერისთავი პროვოკატორი იყო, შედეგი ვერ გამოიღო. მისი მონაწილეობით შემდგარ სისხლის სამართლის საქმეებში ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ახლა ერთ-ერთი საქმე მისი მონაწილეობით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია.