სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი საპარლამენტო ბლოკი გეგმავს შესწორებებს, რომლებიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ისახავს მიზნად. ცვლილებები გათვალისწინებულია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ზაფხულში გაიმართება.
24 მარტს პარლამენტის სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მოეწყო, ფაშინიანი გამოვიდა მოწოდებით, საარჩევნო კანონში გატარდეს „მარტივი ცვლილებები“.
პრემიერ-მინისტრმა, რომლის ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“ უმრავლესობას ფლობს ეროვნულ ასამბლეაში, თქვა, რომ მთავარი ცვლილებები უნდა შეეხოს შერეულ საარჩევნო სისტემას, რომლის მიხედვითაც კენჭისყრა ტარდება როგორც პარტიული სიებით, ისე მაჟორიტარული წესით.
ოპოზიციურმა პარტიებმა „აყვავებულმა სომხეთმა“ და „გაბრწყინებულმა სომხეთმა“ ახლახან განაცხადეს, რომ არ უჭერენ მხარს 20 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო სისტემის შეცვლას. თუმცა, მიანიშნეს, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.
ფაშინიანი და ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ, რათა გაანელონ პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც მოიცვა ქვეყანა მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით.